Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის 12 მივიწყებული მდინარე


თბილისში, მტკვრისა და ვერეს გარდა, სხვა პატარა მდინარეებიცაა, თუმცა ქალაქი მათ მხოლოდ ნაგვის ჩასაყრელად იყენებს. მდინარეები ქალაქისთვის, ფაქტობრივად, დაკარგულია, ისინი უკვე საფრთხესაც წარმოადგენენ.

თბილისის მდინარეების უმეტესობა თელეთის ქედზეა განლაგებული, კერძოდ: ვარაზისხევი, ლეღვთახევი, დუქნისხევი და ცივხევი; სამი მდინარე დიღმის მასივისკენ არის: მილისხევი, დიღმისწყალი და წორწორახევი. გლდანისხევი და ხევძმარი გლდანის ტერიტორიაზე მოედინება, თეთრიხევი, წინწყალი და ფორაქაანთხევი კი - ვარკეთილისკენ.

„მდინარეების დიდი ნაწილი ამჟამად მილებშია მოქცეული, ხოლო იქ, სადაც თავისუფლად მოედინება, მოსახლეობა ნაგავსა და სამშენებლო ნარჩენებს ყრის. ამ მდინარეებში ჩადის კანალიზაციაც“, - ამბობს თსუ-ის დოქტორანტი, ჰიდროლოგი ნიკა წითელაშვილი.

მდინარეების სიგრძე, დაანგარიშებული იმ მონაკვეთში, სადაც მდინარე მილში არ არის მოქცეული: ვარაზისხევი - 3.200კმ. ლეღვთახევი -10 კმ. დუქნისხევი - 9კმ. ცივხევი - 7კმ. ხევძმარი - 12კმ. გლდანისხევი -17კმ. წორწორახევი - 9კმ. დიღმისწყალი -22კმ. მილისხევი -12 კმ. ფორაქაანთხევი - 8 კმ. თეთრიხევი -9 კმ. წინწყალი -7 კმ. უსახელო ხევი - 4 კმ.

თბილისი ფართოვდება და ბოლო წლებში მდინარეების გარშემოც მკვეთრად იმატა განაშენიანებამ, შესაბამისად იმატა მდინარეების დაბინძურების ხარისხმაც.

წორწორახევი, 2006 წელი
წორწორახევი, 2006 წელი
წორწორახევი, 2019 წელი
წორწორახევი, 2019 წელი

თბილისის მდინარეები ღვარცოფულია და შიგ დაგროვილი ნაგავი სახიფათო მასას კიდევ უფრო ზრდის, რამაც შესაძლოა სტიქიური პროცესები გაამწვავოს, ამბობს ნიკა წითელაშვილი და დასძენს, რომ თბილისის მტვერი სულ უფრო ხშირად ხდება ტენიანი ჰაერის სწრაფი აორთქლებისა და, შესაბამისად, გახშირებული თავსხმების მიზეზი.

დანაგვიანებულია გლდანისხევი, ხევძმარი, დიღმისწყალი და სხვა მდინარეებიც.

„ვარაზისხევში დიდი რაოდენობის ინერტულ მასალას ყრიან და ზემოდან კორპუსებს აშენებენ“, - ამბობს ნიკა წითელაშვილი, რომელსაც მდინარეების კალაპოტები ბერვჯერ აქვს ფეხით შემოვლილი.

კალაპოტში აშენებული კორპუსები

ვარაზისხევში, იქ, სადაც ოდესღაც კალაპოტი იყო, ამჯერად სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ეს არის ვაკის უკიდურესად მაღალი წერტილი, ნინო ჟვანიას ქუჩა. აქ ბოლო წლებში კორპუსები ააგეს. თავად მდინარე მთის კიდემდე მილში არის მოქცეული.

ვარაზისხევი, 2006 წელი
ვარაზისხევი, 2006 წელი

ვარაზისხევი, 2019 წელი
ვარაზისხევი, 2019 წელი

„ეს ტერიტორია არის ვარაზისხევის წყალშემკრები აუზი. წვიმის დროს წყალი ჩამოვა მთებიდან და დაეშვება კორპუსებისკენ. საეჭვოა ამ პატარა მილებმა ადიდებული მდინარე გაატაროს“, - ამბობს ნიკო წითელაშვილი.

თსუ-ის ჰიდროლოგიის, მეტეოროლოგიისა და ოკეაონოლოგიის კათედრის გამგე დავით კერესელიძე, რომელმაც ვარაზისხევთან დაკავშირებით კვლევა მოამზადა, მიიჩნევს, რომ მილი წვიმის წყალს კი გაატარებს, მაგრამ ხევის მარჯვენა ფერდი მეწყერსაშიშია და შეიძლება მდინარე ჩახერგოს.

„დათვლილი გვაქვს და შესაძლოა ამ ტერიტორიაზე ისეთი წყალდიდობა მოხდეს, იქაურობა წალეკოს“, - ამბობს ის.

ვარაზისხევის დასახლება მდინარის გაგრძელებაზე
ვარაზისხევის დასახლება მდინარის გაგრძელებაზე

ექსპერტები ამბობენ, რომ იგივე პრობლემაა დიღმისწყალთან დაკავშირებითაც, სადაც მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები მდინარის კალაპოტშია მოქცეული.

თბილისის მეორე ბოლოში კი მოსახლეობა ხელისუფლებას კოლექტიური წერილით მიმართავს და სთხოვს დამპალოსხევი და სასაკლაოსხევი გაიწმინდოს.

„2018 წელს წვიმის შემდეგ ადიდებულმა წყალმა დატბორა ჰესი, სათბურები, რკინიგზა, 250 000 ლარის ზარალი მომაყენა“, - ამბობს შპს „აბსოს“ ხელმძღვანელი სოსო აბჟანდაძე, რომელსაც დამპალოსხევზე მინი ჰესი აქვს მოწყობილი. მისივე განმარტებით, დამპალოსხევი მასში დაგროვილი ნაგვის გამო დიდდება, ნაგავი კი მდინარეში იმ მცირე საწარმოებიდან ხვდება, რომლებიც ბოლო წლებში ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე ააშენეს: „ზოგი რძეს ასხამს მდინარეში, ზოგი ბეტონს ასხამს... ხან მწვანეა მდინარე, ხან თეთრი, ხან ყვითელი“.

არხში ხვდება ცემენტიც, რაც კალაპოტს აპატარავებს.
არხში ხვდება ცემენტიც, რაც კალაპოტს აპატარავებს.

პრობლემას ქმნის გვირაბში მოქცეული სასაკლაოსხევიც. სოსო აბჟანდაძე ამბობს, რომ გვირაბი მთლიანად ამორტიზებულია, ბეტონის ფილები - ჩამოწეული, მათ თავზე კი 7 მეტრი მიწა ყრია.

„რომ ჩამოვარდეს და გადაკეტოს, წყალი დაგუბდება და ახლომდებარე რკინიგზასა და კორპუსებს დატბორავს“, - აცხადებს სოსო აბჟანდაძე.

გვირაბის ბეტონის ფილები ჩამოწეულია.
გვირაბის ბეტონის ფილები ჩამოწეულია.

დავით კერესელიძე ამბობს, რომ თბილისის მდინარეები გამოირჩევიან ძალიან დიდი ვარდნით, კალაპოტის დახრილობით, ამიტომ ძლიერი წვიმების დროს დასახლებები იოლად შეიძლება დაზიანდეს.

„თბილისის ქვაბულის ირგვლივ მთები 600-700 მეტრის სიმაღლისაა, თან - ციცაბო. ქანები აქ ადვილად იშლება. თბილისის მერიამ უნდა გაასუფთაოს ეს მდინარეები და დააკვირდეს მდინარეებს, შეისწავლოს“.

წელს გაეროს განვითარების პროგრამა ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანი სხვადასხვა სახის ბუნებრივი საფრთხეების გამოვლენაა. თბილისში საველე სამუშაოები ჩატარდება მტკვრის მარცხენა შენაკადებზე: ხევძმარი, გლდანისხევი, ორხევი და ასე შემდეგ.

„შემუშავდება რეკომენდაციები და გადაწყდება რა ღონისძიებები უნდა გატარდეს“, - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სოსო ქინქლაძე. მისივე თქმით, მომავალ წელს იგივე კვლევა უკვე მტკვრის მარჯვენა შენაკადებს მოიცავს.

ყველაზე თვალსაჩინო სტიქიური მოვლენა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში თბილისში ღვარცოფულმა მდინარემ გამოიწვია, 2015 წლის ვერეს ტრაგედია იყო.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG