Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში დაკავებული ირანელი ზესტაფონის იზოლატორიდან გაათავისუფლეს - სასამართლო პროცესი წინ არის

მოჰამმად რეზა კამრანინეჟადი ირანის საელჩოს წინ გამართული აქციების აქტიური მონაწილეა.
მოჰამმად რეზა კამრანინეჟადი ირანის საელჩოს წინ გამართული აქციების აქტიური მონაწილეა.

48-საათიანი დაკავების შემდეგ, გაათავისუფლეს მოჰამმად რეზა კამრანინეჟადი -  საქართველოში მცხოვრები ირანის მოქალაქე, რომელიც პოლიციამ 4 თებერვალს თბილისში დააკავა და ზესტაფონის დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა.

კამრანინეჟადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს - პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საფუძვლით. სასჯელი ითვალისწინებს: დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღით.

იზოლატორიდან გათავისუფლება პასუხისმგებლობის მოხსნას არ ნიშნავს. მისი ადვოკატისთვის, მარიამ მაღრაძისთვის ჯერ უცნობია, როდის გაიმართება სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში. კანონი შესაძლებლობას იძლევა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეზე სხდომა 3 თვის განმავლობაში დაინიშნოს.


მოჰამმად რეზა კამრანინეჟადი აქტიური მონაწილეა სოლიდარობის აქციებისა, რომლებსაც ირანელები, თბილისში, ირანის საელჩოსთან ყოველდღიურად მართავენ. ის რადიო თავისუფლების მიერ გადაღებულ კადრებშიც ჩანს.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, წარსულში კამრანინეჟადი დაპატიმრებული იყო ირანშიც, საიდანაც რეპრესიებსა და უსამართლობას გამოექცა, რაც ირანში ხშირად სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია.

როგორც მისი ადვოკატი გვეუბნება, ირანის მოქალაქე მოჰამმად რეზა კამრანინეჟადი საქართველოში ლეგალურად ცხოვრობს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ის ერთ-ერთ კომპანიაში კურიერად არის დასაქმებული.

თბილისში აქციები ირანში მიმდინარე პროტესტის პარალელურად დაიწყო, როცა, თეირანისა და სხვა ქალაქების ქუჩებში, აქციების მონაწილეებს უსაფრთხოების ძალები ცეცხლსასროლი იარაღით დაუპირისპირდნენ. საბოლოოდ, თეირანის უსაფრთხოების ძალებმა პროტესტი სისხლში ჩაახშვეს, მოკლულთა რიცხვი ათასებით განისაზღვრება. რადგან იქ ინტერნეტი გათიშული იყო, თბილისში მცხოვრები ირანელების დიდმა ნაწილმა, როგორც ისინი რადიო თავისუფლებას უყვებოდნენ - დიდი ხნის განმავლობაში უბრალოდ არ იცოდნენ, რა ბედი ეწიათ მათ ნათესავებსა და მეგობრებს ირანში - ცოცხლები იყვნენ ისინი თუ არა.

მოჰამმად რეზა კამრანინეჟადი 4 თებერვალს, თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, ირანის საელჩოს წინ დააკავეს. გავრცელებულ ვიდეოში, რომელსაც, ადვოკატის თქმით, თავად მისი დაცვის ქვეშ მყოფი იღებდა, ჩანს, რომ ირანის მოქალაქე უშუალოდ საელჩოს შენობის წინ დგას.

პოლიციელი მას ჯერ ქართულ ენაზე უწყებს ლაპარაკს, კამრანინეჟადი კი ეუბნება მას, რომ არ ესმის ქართული. “წეღან კარგად გაიგე, მაგრამ არ გესმოდა…” - ეუბნება მას პოლიციელი ქართულად.

კამრანინეჟადი: “თარჯიმანი მჭირდება”

პოლიციელი: “ინგლისურად ლაპარაკი შეგიძლია?”

კამრანინეჟადი: “კი, შემიძლია. მესმის…”

პოლიციელი: “მე გეუბნებით - ქუჩა უნდა გადაჭრათ”.

კამრანინეჟადი: “ოკ, მე ჩემს მეგობარს ველოდები”.

“მოკიდე ხელი” - კადრში ისმის, სავარაუდოდ, პოლიციელის ხმა და ამის შემდეგ ირანის მოქალაქეს აკავებენ.

“იდგა საელჩოს წინ. რაც მთავარია, არ უზღუდავდა გადაადგილების თავისუფლებას სხვა მოქალაქეებს… მნიშვნელოვანია, რომ როდესაც პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ ადგილზე, ენობრივი ბარიერი იყო და არ ესმოდა მას, რისკენ მიუთითებდნენ... კადრებში ჩანს, რომ ის პოლიციას არ უწევდა წინააღმდეგობას... ამ ეტაპზე არ არის საქმე შეტანილი სასამართლოში, მაგრამ აუცილებლად შეიტანენ”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ადვოკატი მარიამ მაღრაძე. ის ჯერ დაცვის ქვეშ მყოფს არ შეხვედრია, რადგან ზესტაფონში ჩასვლა ამ ორ დღეში მისთვის შეუძლებელი იყო.

6 თებერვალს, ადვოკატი მაღრაძე დილიდან ცდილობდა გაერკვია - გამოუშვებდნენ იზოლატორიდან თუ პირდაპირ სასამართლოში გადაამისამართებდნენ. მან დღის მეორე ნახევარში დააზუსტა, რომ მოჰამმად რეზა კამრანინეჟადის იზოლატორიდან გამოშვებას უპირებდნენ; რაც, დაკავებიდან 48 საათში აუცილებელია, თუკი ამ ვადაში სასამართლო პროცესი არ დაინიშნება.

კამრანინეჟადის გათავისუფლების გადაწყვეტილების შესახებ მარიამ მაღრაძეს, როგორც თავად გვეუბნება, ზესტაფონის იზოლატორში და პოლიციის ცხელ ხაზზე აცნობეს. მან ასევე ცხელი ხაზის საშუალებით გაარკვია დაცვის ქვეშ მყოფის თბილისიდან ზესტაფონში გადაყვანის ამბავი.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG