Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში "ეკოციდის" წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს


დემონსტრაცაია თბილისის მერიასთან. 13 ივნისი, 2020

თბილისის მერიის შენობასთან იმართება აქცია "ეკოციდის" წინააღმდეგ. აქციის ორგანიზატორები "ანას ბაღის მცველები" არიან და ისინი ქალაქის მერს ოთხ მოთხოვნას უყენებენ:

  • შეწყდეს სამშენებლო ნებართვების გაცემა ვერეს ხეობაში;
  • შეჩერდეს დიღმის ჭალების განადგურება;
  • მიეცეს ადგილმონაცვლეობა "ანას ბაღის" და ალუბლების ქუჩის მშენებლებს;
  • შეწყდეს თბილისის ისტორიული იერსახის და ლანდშაფტის დამახინჯება.

"ქაოტური მშენებლობების და მწვანე სივრცეების მასობრივი განადგურების ფაქტებს ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით. ჩვენ, "ანას ბაღის" ირგვლივ მაცხოვრებელი ადამიანები ყოველდღე ვუყურებთ, თუ როგორ გვაბეტონებენ. განადგურებულია უნიკალური დიღმის ჭალები, რომელიც ქვის სამტეხლოდ, სამშენებლო ნაგავსაყრელად იქცა, სადაც ტყე ქვასა და ნაგავში ჩამარხეს. ამ დანაშაულებზე პასუხისმგებელი არის ქალაქის მერი კახა კალაძე", - აცხადებდნენ აქციის ორგანიზატორები მის გამართვამდე.

მათ თარიღი სიმბოლურად შეარჩიეს. ზუსტად 5 წლის წინ, 13 ივნისს თბილისში სტიქიის შედეგად ადიდებულმა მდინარე ვერემ ქალაქის ნაწილი დატბორა და რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა. აქციის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ ამის მიზეზი ბუნებაში ადამიანის უხეში ჩარევაა.

"ანას ბაღის მცველები" ტერიტორიის დასაცავად 2016 წლიდან იბრძვიან. ბაღის მიმდებარე ტერიტორია სწორედ ამ დროს გასხვისდა და იქ მრავალსართულიანი კორპუსის აშენება გადაწყდა.

2018 წელს ადგილობრივებმა საჩივრით მიმართეს მერიას. ისინი დოკუმენტში მიუთითებდნენ, რომ კორპუსის აშენების შემთხვევაში, ჩაიკეტება ბაღის შესასვლელი და კორპუსამდე მისვლა გაუჭირდება სახანძროს ან სასწრაფო დახმარების მანქანას.

2018 წლის 26 მარტს თბილისის მერიამ დააკმაყოფილა ადგილობრივი მოსახლეობის საჩივარი და ბათილად ცნო არქიტექტურის სამსახურის მიერ 2017 წელს გაცემული მშენებლობის ნებართვა.

თუმცა, მშენებელმა კომპანიამ, "ევროპულმა სამშენებლო ჰოლდინგმა", კვლავ მიმართა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს და კიდევ ერთხელ მიიღო მშენებლობის უფლება.

ერთ-ერთი ბოლო აქცია მოქალაქეებმა 2020 წლის მაისშიც გამართეს. ისინი მერიასთან შეიკრიბნენ და თბილისის მერს ადგილმონაცვლეობაზე შეთანხმებას მოუწოდებდნენ. შეუსრულებელი თხოვნის გამო კი მისი გადადგომის აქცია დღევანდელ დღეს დაანონსდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG