Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თელაველთა ნაწილი ენერგოკომპანიის წინააღმდეგ


თელავი
თელავი

მას შემდეგ, რაც ახალი წელი დაიწყო, სულ უფრო მეტი თელაველი წუხს იმის გამო, რომ მუნიციპალიტეტში წინასწარი გაფრთხილების გარეშე ხშირად ითიშება ელექტროენერგია. ეს ფაქტი განსაკუთრებით იმ ადამიანების უკმაყოფილებას იწვევს, ვინც საცხოვრებელ სახლს ელექტრომოწყობილობით ათბობს. მათ შორის არის სამოქალაქო აქტივისტი ნინო გოგოლაშვილი. ის ამბობს, რომ ელექტროენერგიით მომარაგებაში პრობლემები სხვა დროსაც იყო, მაგრამ ბოლო დროს გახშირდა. გოგოლაშვილის თქმით, ამას ემატება ისიც, რომ ენერგოკომპანიისგან ვერ იღებენ პასუხს შეკითხვაზე, რატომ გახშირდა პრობლემები.

„როცა ელექტროენერგია ითიშება და ბოლო დროს ეს ხშირად ხდება, ვიყინები და ძვლები მიკანკალებს. როცა დენი ითიშება, ითიშება გამათბობელიც. რაც ყველაზე ცუდია, ელექტროენერგიის გათიშვა ხდება გაუფრთხილებლად... როცა ქარია, ერთი ხაზი ითიშება, სხვა დროს ცამოწმენდილზეც ცენტრალური ძაბვა ითიშება და ასეა სულ, რაც ახალი წელი დაიწყო. ძალიან მოხშირდა უპასუხისმგებლო კომპანიები და მათ თუ პასუხი არავინ მოსთხოვა, ალბათ, კიდევ უფრო უარეს დღეში, 1990-იან წლებში აღმოვჩნდებით!“

სამოქალაქო აქტივისტი ნინო გოგოლაშვილი არ არის ერთადერთი, ვინც თელავის ენერგომომარაგების პრობლემაზე ლაპაკობს. ადგილობრივი თამარ დევდარიანი, სოციალურ ქსელ ფეისბუკში წერს, რომ, „ენერგო პრო ჯორჯიას“ მომსახურების ხარისხით უკმაყოფილომ, გადაწყვიტა ხელმოწერები შეაგროვოს და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიისგან კომპანიის წინააღმდეგ შესაბამისი ზომების გატარება მოითხოვოს. თამარ დევდარიანის წერილს სოციალურ ქსელში სხვა ადგილობრივებიც იზიარებენ და წერენ, რომ თელავის ელექტროენერგიით მომარაგებაში არსებული პრობლემები თუ არ მოგვარდა, იძულებული გახდებიან გენერატორები შეიძინონ.

თავად თამარ დევდარიანი ფეისბუკში წერს:

„განსაკუთრებით ბოლო პერიოდში აუტანელია "ენერგო პრო ჯორჯიას" მომსახურება. დავუკავშირდი მარეგულირებელ კომისიას და მაცნობეს, რომ მათ ჰყავთ თელავში მომხმარებელთა ინტერესების დამცველი. საჭიროა მოსახლეობის ერთობლივი განცხადება. ვიწყებ ხელმოწერების შეგროვებას. გამომეხმაურეთ და მერე უბან-უბან შევაგროვოთ ხელმოწერები. გთხოვთ არ მიაყურადოთ“.

თელავის ენერგომომარაგებაში არსებული პრობლემები იციან ენერგოომბუდსმენის აპარატშიც. უწყების წარმომადგენელმა კახეთში, სოფო აივაზაშვილმა, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ თავადვე დაიწყეს ამ საკითხის მოკვლევა და იმის გარკვევა, თუ რა მიზეზების გამო ფერხდება თელავის ენერგომომარაგება, თუმცა მას შემდეგ, რაც პრობლემის შესახებ მოსახლეობისგანაც მიიღეს შეტყობინება, ახლა სწორედ ადგილობრივების ერთობლივ განცხადებას და ხელმოწერებს ელოდებიან, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიას გადაეგზავნება.

„10 დღეა, ელექტროენერგიის გათიშვებმა მასობრივი სახე მიიღო. ზოგჯერ გეგმიურია, ზოგჯერ - არაგეგმიური. ეს პრობლემებს ქმნის. მოსახლეობამ გადაწყვიტა, რომ ოფიციალური წერილით მოგვმართოს. ამ წერილის საფუძველზე ჩვენ, ჩვენის მხრივ, კომპანიდან გამოვითხოვთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენჯერ იყო წყვეტა და რა იყო ამის მიზეზი. ბევრი ნიუანსია. ამის შემდეგ ენერგოომბუდსმენი მიმართავს სემეკს და ერთობლივად მიიღებენ გადაწყვეტილებას - რეკომენდაცია იქნება თუ სხვა რამ. ეს იმისთვის კეთდება, რომ პრობლემა მოგვარდეს“.

"ენერგო პრო ჯორჯიას" ოფისი
"ენერგო პრო ჯორჯიას" ოფისი

რადიო თავისუფლება „ენერგო პრო ჯორჯიას“ დაუკავშირდა. კომპანიის წარმომადგენელმა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ადგილობრივმა ხელმძღვანელმა ჟანა დიდებაშვილმა გვითხრა, რომ ბოლო დროს ნამდვილად ბევრჯერ მოხდა ავარიული გათიშვა, თუმცა ამ შემთხვევებიდან მხოლოდ ერთხელ იყო „ენერგო პრო ჯორჯიას“ ბრალეულობა. დიდებაშვილის თქმით, დანარჩენ შემთხვევებში ენერგომომარაგება შეაფერხა სახელმწიფო ელექტროსისტემამ და პასუხისმგებელი სწორედ ეს უწყებაა.

„ავარიული გამორთვები, რომელიც მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე მოხდა, ძირითადად ეკუთვნის სახელმწიფო ენერგოსისტემას და ავარიული გამორთვებიც ამ კომპანიას უკავშირდებოდა. მხოლოდ ერთ შემთხვევაში იყო ჩვენი პასუხისმგებლობა. მე მესმის მოსახლეობის წუხილიც. ისინი ფულს იხდიან და უნდათ, რომ მიიღონ ელექტროენერგია. ჩვენს ინტერესშიც არ შედის გათიშვა, რადგან ასეთი თითოეული წუთი კომპანიისთვის ზარალს ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ბრალეულობა მინიმალურია, მომხმარებელს ბოდიშს ვუხდით შექმნილი დისკომფორტისთვის, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ თელავში ყოველთვის მაქსიმალურად მოწესრიგებული იყო და არის ქსელი“.

რადიო თავისუფლება შეეცადა გაერკვია რა პრობლემები აქვს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას კახეთის რეგიონში და რა მიზეზების გამო ფერხდება თელავის მუნიციპალიტეტის ელექტროენერგიით მომარაგება.

სახელმწიფო ელექტროსისტემის საზოგადოებასთან ურთიერობის სამსახურმა წერილობით შეგვატყიბინა, რომ, მაგალითად, 6 და 10 იანვარს ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი იყო ავარია 110-კილოვოლტიან ხაზზე, რომელიც უამინდობამ და ძლიერმა ყინვამ გამოიწვია, თუმცა უპასუხოდ დატოვეს შეკითხვა, რატომ არ გააფრთხილეს ამის სახებ აბონენტები.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, თელავის მოსახლეობის ნაწილი - ის, ვინც ე. წ. ავარიული გათიშვების პრობლემის მოგვარებას ითხოვს - ხელმოწერების შეგროვებას კვირის ბოლოს დაასრულებს და რეაგირებისთვის შესაბამის უწყებას ორშაბათს, 18 იანვარს, მიმართავს.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG