Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 500 ათასი ლარი გამოიყო

თელავის მერმა ვაჟა მაღრაძემ თქვა, რომ ქალაქის ხევთან, 10 მეტრის რადიუსში ყველა შენობას დაანგრევენ.
თელავის მერმა ვაჟა მაღრაძემ თქვა, რომ ქალაქის ხევთან, 10 მეტრის რადიუსში ყველა შენობას დაანგრევენ.

თელავის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 500 ათასი ლარი გამოიყო.

მთავრობის ინფორმაციით, განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მოაწერა ხელი. თანხას ფინანსთა სამინისტრო სარეზერვო ფონდიდან გამოყოფს.

„ქართული ოცნების“ მთავრობა არ მიუთითებს, კონკრეტულად როგორ გადანაწილდება თანხა.

2026 წლის 12 ივლისს, გამთენიისას თელავში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე თელავის ხევმა კალაპოტი გაარღვია და ღვარცოფულმა ნაკადმა ქალაქის რამდენიმე ქუჩა დატბორა. სტიქიამ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მეტეოროლოგიური სადგურების მიხედვით, ნალექების რაოდენობამ თელავის სადგურზე 57,3 მმ შეადგინა, რაც თელავისთვის თვის ნორმის 85%-ს შეადგენს, ხოლო იყალთოს სადგურზე 40,1 მმ-ს.

მოვარდნილმა ღვარცოფმა, რომელსაც ქვა-ღორღი მოჰყვა, მთლიანად დაანგრია ორი ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი. სერიოზულად დაზიანდა კავკასიონისა და ალაზნის გამზირები. სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

დაიტბორა საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულები, კომერციული ფართები, აფთიაქები, კლინიკა და მაღაზიები. განადგურებულია მათი ქონება. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და ავტომობილები. ათასობით აბონენტს ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია შეუწყდა.

„სტიქია მართლაც უპრეცედენტო მასშტაბისაა“, განაცხადა მაშინ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

აგვისტოში თელავის მერმა ვაჟა მაღრაძემ თქვა, რომ ქალაქის ხევთან, 10 მეტრის რადიუსში ყველა შენობას დაანგრევენ. მისი თქმით, არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ სტიქიამ შენობებს „ძირი გამოაცალა“.

„არის შენობები, სადაც დაწყებულია სერიოზული რღვევა და ეს ვიზუალურადაც ჩანს. სწორედ ამიტომ ამ დრომდე გადაკეტილია ეს ქუჩა. არის შენობები, რომლებსაც ასევე ვიზუალურად არ ემჩნევა რღვევა, მაგრამ ნებისმიერ დროს შესაძლოა დაიწყოს...“ ამბობდა მაღრაძე.

მანვე აღნიშნა, რომ ყველა ამ შენობის მფლობელს შესთავაზებენ ალტერნატიულ ფართს ან კომპენსაციას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG