Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თელავში ინაუგურაციისა და საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან


თელავში, ერეკლე მეორის სასახლის ციხე-გალავნის ტერიტორიაზე, იქ სადაც 16 დეკემბერს ფიცს დადებს საქართველოს პრეზიდენტად არჩეული სალომე ზურაბიშვილი, სცენა თითქმის უკვე აწყობილია. სერგო მუკოიანი, რომელიც ინაუგურაციის მოსამზადებელ სამუშაოებში მონაწილეობს, ამბობს, რომ ამჟამად მიმდინარეობს მეფის სასახლის ეზოს და მიმდებარე ტერიტორიის მოპირკეთება, რომელიც სავარაუდოდ, 14 დეკემბერს დასრულდება.

გადმოწერა

ინაუგურაციის პარალელურად თელავში, ერეკლე მეფის ძეგლსა და ქალაქში ცნობილ, რამდენიმესაუკუნოვან ჭადარს შორის არსებულ ტერიტორიაზე გაიმართება გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია.„ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციისხელმძღვანელმა გიორგი ბოტკოველმა აქციის გამართვის მიზნით თელავის მერიას მიმართა. ბოტკოველი არ გამორიცხავს, რომ მერია ამ ადგილის სხვა მიზნით გამოყენებას მოიმიზეზებს. „ჩვენ ვითხოვთ მშვიდობიანი საპროტესტო მანიფესტაციის გამართვას, სადაც გაჟღერებული იქნება, რომ ეს არჩევნები იყო არალეგიტიმური და სალომე ზურაბიშვილს ნამდვილად არ აქვს უფლება რომ მიიღოს მონაწილეობა ინაუგურაციაში. აქცია დაიწყება დღის 2 საათზე და ნამდვილად არ ვიცი რამდენხანს გასტანს“ - ამბობს გიორგი ბოტკოველი.თელავის მერიაში გვითხრეს, რომ ოპოზიციის განაცხადს აქციის ადგილის შესახებ, განიხილავენ და პასუხს აცნობებენ.

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციისგან თელავის პოპულარიზაციას ელოდება ქალაქის მერი შოთა ნარეკლიშვილი. რაც შეეხება ოპოზიციის აქციას, მერის თქმით, ეს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, მაგრამ „თუ რაიმე კანონის ჩარჩოებს გასცდება, სამართალდამცავები კანონის ფარგლებში იმოქმედებენ“.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფიცს დადებს ქალაქში, სადაც არჩევნები წააგო. 5 დეკემბერს ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ინაუგურაციისთვის თელავის შერჩევა მისი ინიციატივა იყო, რადგან სურს საზოგადოებას უთრას,რომ ყველას პრეზიდენტი იქნება. თავად თელაველების ნაწილი ამბობს, რომ მათ ქალაქში ინაუგურაციის ჩატარება მიუღებელია, რადგან სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა არ უნდოდათ.მეორე ნაწილი ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის თელავში დადებას მიესალმება და ფიქრობს, რომ ინაუგურაციის გამო თელავის სახელი ბევრგან გაიჟღერებს და ქალაქი უფრომეტად პოპულარული გახდება.

წინასწარი ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ფიცს 15 საათზე დადებს. ერთი საათით ადრე თელავში გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია დაიწყება.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG