Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ ამუშავდება, რადგან ასეთი საერთოდ არ არსებობს


თელავი
თელავი

კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას 29 მაისიდან განაახლებს, თუმცა ეს არ მოხდება თელავში, რადგან, თითქმის 10 წელია, ქალაქში ასეთი ტრანსპორტი საერთოდ არ არსებობს. ე.წ. ყვითელმა ავტობუსებმა თელავის ქუჩებში ბოლოს 2010 წელს გაიარეს და მას შემდეგ რეგიონის ცენტრად წოდებულ ქალაში ეს მომსახურება შეჩერებულია. შესაბამისად, ამ ხნის განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი სხვადასხვა ფორმით ცდილობს გადაწყვეტილების მიმღები პირების ყურადღების მიპყრობას და „ოცნებად ქცეული“ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებას. მართალია, თელავიდან რამდენიმე დიდ სოფელში კერძო მიკროავტობუსები მოძრაობენ, მაგრამ საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით გადაადგილების პრობლემა ყოველთვის მწვავედ იდგა, განსაკუთრებით, არასამუშაო დღეებსა და საათებში, და ამიტომ საჭიროდ მიიჩნევენ მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენას.

„ფეხით დავდივართ. ზოგჯერ ვიღაცას ვეხვეწები, რომ წამიყვანოს, მაგრამ ესეც უკვე მერიდება. ტრანსპორტი რომ არ არის, ხშირად სამსახურშიც ვაგვიანებ, რადგან სოფლიდან დავდივარ“;

„მე, პენსიონერს, ფეხით სიარულიც არ შემიძლია და 3 ლარი მაქვს ყოველთვის, რომ ტაქსში გადავიხადო? რა თქმა უნდა, არ მაქვს! როგორ შეიძლება უტრანსპორტობა?!“

დადიან კერძო მიკროავტობუსები,  თუმცა საღამოს  6 საათის შემდეგ არც ისინი მოძრაობენ. ადამიანებს, განსაკუთრებით სოფლებში მცხოვრებთ, უჭირთ გადაადგილება...

თელავს საზოგადოებრივი ტრანსპორტი 2008-2010 წლებში ემსახურებოდა. ქალაქის ქუჩებში, წინასწარ გაწერილი გრაფიკით, სულ სამი ავტობუსი მოძრაობდა, მაგრამ ტრანსპორტი მწყობრიდან გამოვიდა. ასეთ მდგომარეობაში ავტოსადგომზე გააჩერეს, რომელიც შემდეგ გაიძარცვა და ნაწილ-ნაწილ დაიშალა. თელავი კახეთის რეგიონალური ცენტრია, სადაც ასობით ორგანიზაცია ფუნქციონირებს. მართალია, კორონავირუსის პანდემიის გამო, სამსახურების ნაწილი ახლა არ მუშაობს, მაგრამ ადგილობრივები ამბობენ, რომ პანდემიამდე ყოველდღიურად ტაქსით დადიოდნენ ისეთ მნიშვნელოვან ობიექტებამდე, როგორიც არის უნივერსიტეტი, საავადმყოფო, იუსტიციის სახლი, სკოლები, ბაღები და ა.შ. ასე მოუწევთ გადაადგილება პანდემიის დასრულების შემდეგაც, რადგან, მრავალი დაპირების მიუხედავად, ქალაქს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჯერ კიდევ არ ჰყავს. ტაქსით გადაადგილებაში პრობლემას ვერ ხედავენ, თუმცა ამბობენ, რომ ეს ძვირი მომსახურებაა.

თელავი
თელავი

„მოგეხსენებათ, დადიან კერძო მიკროავტობუსები, თუმცა საღამოს 6 საათის შემდეგ არც ისინი მოძრაობენ. ადამიანებს, განსაკუთრებით სოფლებში მცხოვრებთ, უჭირთ გადაადგილება. მაგალითად, კულტურული ღონისძიება ხშირად საღამოობით არის, მაგრამ ყველას არ აქვს საშუალება ისარგებლოს ტაქსის მომსახურებით. ამიტომ ასეთი ადამიანები საღამოობით, ფაქტობრივად, ვერსად ვერ მიდიან“.

ვარაუდობთ, რომ აგვისტო-სექტემბრის თვეებში პირველი 10 ავტობუსის შემოყვანა მოხერხდება. ..
შოთა ნარეკლიშვილი


თელავის მერია მოსახლეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემის მოგვარებას ბოლოს 2019 წლის მიწირულს დაჰპირდა. მერიამ მაშინ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, 2020 წელს თელავს 10 ახალი ავტობუსი ეყოლებოდა. მერი შოთა ნარეკლიშვილი ვარაუდობს, რომ ქალაქში ახალი ავტობუსები აგვისტოში ან სექტებერში იქნება. აღსანიშნავია, რომ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით, ცენტრალური მთავრობა, ჯამში, 175 ავტობუსის შეძენას გეგმავს, რომელიც რამდენიმე მუნიციპალიტეტს გადაეცემა. ამ პროექტის ღირებულება 17 მილიონი ევროა.

„ვვარაუდობთ, რომ აგვისტო-სექტემბრის თვეებში პირველი 10 ავტობუსის შემოყვანა მოხერხდება. ეს პირველ ეტაპზე გათვლილი იქნება მხოლოდ ქალაქზე, ხოლო მეორე ეტაპი უკვე მოიცავს მთლიანად მუნიციპალიტეტის მასშტაბით ამ ავტობუსების შემოყვანას“.

ვიდრე თელავში ახალი ავტობუსები ჩავა, მანამდე ავტოსადგომის, ე.წ. დეპოს, მშენებლობა მიმდინარეობს. თელავის მერიაში ამბობენ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენის პროგრამა ორეტაპიანია. 2021 წელს ქალაქს კიდევ რამდენიმე ათეული ავტობუსი გადაეცემა, რომელიც უკვე თელავის სოფლების მიმართულებით იმოძრავებს. თელავის მუნიციპალიტეტში 1 ქალაქი და 30 ადმინისტრაციული ერთეულია.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG