Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დღემდე ვსწავლობ ქართულს“ - თემურ ხვინგია, ქართველი ხელოვანი ესტონეთიდან


თემურ ხვინგია ესტონეთში დაიბადა და გაიზარდა. მამა აფხაზეთიდან იყო და 70-იან წლებში საცხოვრებლად ესტონეთში გადასახლდა. დედით უკრაინელია.
თემურ ხვინგია ესტონეთში დაიბადა და გაიზარდა. მამა აფხაზეთიდან იყო და 70-იან წლებში საცხოვრებლად ესტონეთში გადასახლდა. დედით უკრაინელია.

„მგონია, მამის ნაცვლად დედა რომ მყოლოდა ქართველი, ქართული ნამდვილად მეცოდინებოდა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას არტისტი თემურ ხვინგია, რომელსაც თბილისში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MOMA) ხელით ბეჭდვის ფესტივალზე შევხვდით. ქართველი ფოტოგრაფი და გალერისტი თემურ ხვინგია ესტონეთში ცხოვრობს.

„ჩემი კოლხეთი – ოქროს საწმისის კვალდაკვალ“ - ასე ჰქვია გრაფიკულ პროექტს, რომელიც მან ფესტივალ „ანაბეჭდი#9-ზე“ ჩამოიტანა.

დარბაზში ხელით ბეჭდვის უძველესი, ტრადიციული და თანამედროვე ტექნიკებით შექმნილი ნამუშევრებია გამოფენილი.

„ფესვების ძიება, კოლხეთი სამეფო, მითოლოგია ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო", - უთხრა ავტორმა რადიო თავისუფლებას.

თემურ ხვინგია ესტონეთში დაიბადა და გაიზარდა. მამა აფხაზეთიდან იყო და 70-იან წლებში საცხოვრებლად ესტონეთში გადასახლდა. დედით უკრაინელია. ბავშვობაში სოხუმში ხშირად ჩადიოდა, მერე ომი დაიწყო.

თემურ ხვინგია
თემურ ხვინგია

თემურ ხვინგია: ერთი პერიოდი ვცხოვრობდით კიდეც სოხუმში, იქ დიდი სახლი მქონდა. ძალიან ინტერნაციონალური ქუჩა იყო. მახსოვს სოხუმი, ზღვა, მაგრამ ბავშვის მეხსიერება მაინც მინიმალისტურია.

ომის დაწყებამდე ორი დღით ადრე ბაბუა გარდაიცვალა და მამაჩემი მის დასაკრძალად აფხაზეთში წავიდა. ძალიან მინდოდა გავყოლოდი, მაგრამ არ წამიყვანეს.

რადიო თავისუფლება: როგორ დაგამახსოვრდათ ომი?

თემურ ხვინგია: მაშინ რთული დრო იყო, საბჭოთა კავშირის დაშლა, 90-იანი წლები, თან მშობლებიც დაშორდნენ ერთმანეთს და კარგად ვერ აღვიქვი ომი. მერე 15-20 წლისამ გავაცნობიერე - როგორ თუ სახლში წასვლა არ შემიძლია? როგორ თუ სოხუმი აღარაა?

რადიო თავისუფლება: პირველი გრძნობა რა იყო, სინანული? ბრაზი? წყენა?

თემურ ხვინგია: ყველაფერი ერთად, ახლა უკვე მგონი სიძულვილიც. მარტო წყენა როგორ იქნება, როცა ჩემი ნაწილი წაიღეს.

რადიო თავისუფლება: რა დაგრჩათ აფხაზეთში ბაბუის საფლავის გარდა?

თემურ ხვინგია: სახლი, რომელიც მაროდიორებმა გაძარცვეს. არც ვიცი, ახლა დგას თუ არა.

თემურ ხვინგიას ნამუშევარი
თემურ ხვინგიას ნამუშევარი

რადიო თავისუფლება: უკრაინაში ომმა, ალბათ, განაახლა ეს ემოციები?

თემურ ხვინგია: რა თქმა უნდა, 2024 წლის თებერვალში, უკრაინაში ომი რომ დაიწყო, თბილისში ვიყავი. მაცოფებს საბჭოთა ნარატივი და რუსული შოვინიზმი.

რადიო თავისუფლება: რა არის თქვენში ქართული?

თემურ ხვინგია: ეს უფრო სხვებს უნდა ჰკითხოთ, ვინც გვერდიდან მიყურებს, მეუბნებიან, რომ ფიცხი ვარ და თვითრჯული.

რადიო თავისუფლება: რამდენი ენა იცით?

თემურ ხვინგია: ინგლისური, ესტონური, რუსული, გერმანული. კარგად მესმის ესპანური, მაგრამ ვერ ვლაპარაკობ, უკრაინულიც მხოლოდ მესმის. დღემდე ვსწავლობ ქართულს. რთულია. მგონია, მამის ნაცვლად დედა რომ მყოლოდა ქართველი, ქართული ნამდვილად მეცოდინებოდა. ეს ხომ მაინც დედაენაა.

რადიო თავისუფლება: უცნაურია, რომ საქართველოში არ დაბადებულხართ, ენა არ იცით, აქ არ ცხოვრობთ და მაინც არ კარგავთ კავშირს საქართველოსთან, ამ პრობლემებით სავსე ქვეყანასთან.

თემურ ხვინგია: და სად არ არის პრობლემები? არ ვიცი, მაგრამ საქართველოსთან მართლა განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს.

რადიო თავისუფლება: ჩახვიდოდით აფხაზეთში?

თემურ ხვინგია: თუნდაც დღესვე, მაგრამ უფლება არ მაქვს. თუმცა მჯერა, რომ ერთ დღეს ეს დასრულდება და ასე აღარ იქნება.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG