Accessibility links

“ყველა მოლაპარაკება წარმატებით არ მთავრდება, მაგრამ კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზა არის მოლაპარაკება"


თენგიზ ფხალაძე, GIPA-ს ასოცირებული პროფესორი

კონფლიქტებსა და მოლაპარაკებათა საერთაშორისო ფორმატების მნიშვნელობაზე ილაპარაკა11 დეკემბრის „დილის საუბრებში“ GIPA-ს ასოცირებულმა პროფესორმა, თენგიზ ფხალაძემ:

“ყველა მოლაპარაკება წარმატებით არ მთავრდება, მაგრამ კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზა არის მოლაპარაკება. მოაქვს თუ არა ამას შედეგი? კი, მოაქვს. შესაძლებელია, ეს შედეგი არ იყოს ისეთი გრანდიოზული და არ იყოს ის საბოლოო შედეგი, რაც ყველას გვინდა, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ პატარა შუალედურ ამოცანებს როცა წყვეტ, თუნდაც ეს იყოს ტყვეების გაცვლა - დღეს ეს ხომ მოხერხდა „ნორმანდიის ფორმატში“. რა დროს დაიკავებს მთლიანი პროცესი, არ ვიცი, მაგრამ სხვა საშუალება უბრალოდ არ არის“.

რადიო თავისუფლების ეთერში თენგიზ ფხალაძე შეეხო საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტებზე საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატებს. ორივე შემთხვევაში პრობლემის მოგვარების მთავარი მუხრუჭი რუსეთის ლიდერია:

„ყველაფერი მოწესრიგებადია, თუკი უკრაინას, ისევე როგორც საქართველოს ექნება შესაძლებლობა აკონტროლოს საკუთარი საზღვრები და რამენაირად საკუთარ მოსახლეობასთან საქართველოც მოილაპარაკებს და უკრაინაც. მთავარი ნეგატიური ფაქტორი და სიტუაციის ამრევი იქაც და აქაც არის რუსეთი“.

რით აიხსნება პარიზის შეხვედრის შემდეგ პუტინის მიერ სრებრენიცის გახსენება, ხომ არ ნიშნავდა ეს, რომ ის „ნორმანდიის ფორმატში“ შეხვედრით უკმაყოფილოა და საჭიროდ ჩათვალა პოსტ ფაქტუმ ერთგვარი მუქარა დაეწია მხარეებისთვის? პოლიტოლოგი ასე არ ფიქრობს:

„ვერ ვიტყვი, რომ „ნორმანდიის ფორმატით“ პუტინი მაინცდამაინც უკმაყოფილო იყო. მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით წარმოაჩინა თავისი პრეტენზიები და „წითელი ხაზები“. მას ამ ფორმატით არაფერი დაუკარგავს. ტყვეების გაცვლა, რაც მიღწეული იქნა, ყველა-ყველაზე, ეს მის ინტერესებშიც არის და მის ინტერესებშია ისიც, რომ რუსეთი წარმოაჩინოს ქვეყნად, რომელთანაც ასე თუ ისე, შეიძლება ლაპარაკი.

ეს მას საბოლოოდ სჭირდება იმისთვის, რომ სანქციების თემა შეასუსტოს. საქნციების საკითხზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მათ შორის, ორმხრივი მოლაპარაკებები საფრანგეთთან ენერგოსექტორში თანამშრომლობაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ახლა პუტინისთვის...

[პუტინს] სჭირდება დადებითი შედეგის თუნდაც იმიტაცია“.

რაც შეეხება ჟენევის კონსულტაციებს და მისი დონის აწევის იდეას, რომელიც დროდადრო გაისმის საქართველოს ხელისუფლებისგან, თენგიზ ფხალაძე ამ ეტაპზე უსაფუძვლოდ თვლის:

„რაც შეეხება ჟენევის ფორმატის შეცვლას, პირდაპირ გეტყვით, შეუძლებელია. ჟენევის ფორმატზე უარის თქმა და რამე ახალზე ფიქრი, აპრიორი გულისხმობს ახალი ტიპის შეთანხმების ხელმოწერას რუსეთის ფედერაციასთან, რაც ამ პირობებში გამორიცხულია...

მოლაპარაკებების დონის გაზრდასაც სჭირდება ყველა მხარის თანხმობა და ეს ხდება მაშინ, როცა მხარეები მზად არიან პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის. ჟენევაში გადაწყვეტილებისთვის ყველა მზად არის, გარდა ერთისა. ეს ერთი არის რუსეთის ფედერაცია. შესაძლებლობის ეს ფანჯარა ჯერჯერობით არ შექმნილა“.

რა ქმნის შესაძლებლობის ფანჯარას?

„შესაძლებლობის ფანჯარა იქმნება: რეფორმებით, დემოკრატიით, განვითარებული ეკონომიკით, განათლებით, ჯარის მშენებლობით და ა.შ. - სახელმწიფოს აღმშენებლობით. ამის შედეგად, შეიძლება შექმნა ის მოცემულობა, რომელიც გაძლევს საშუალებას ილაპარაკო მეტზე და პლუს, მსოფლიოში ხშირად ხდება გეოპოლიტიკური ძვრები. დღეს კარგი ინფორმაცია (თუ შეიძლებაა ამას კარგი დაერქვას) ჩვენთვის არის ის, რომ იმ პრობლემების წინაშე, რომლის გამოც დაზარალდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ამ ე.წ. „ჰიბრიდულ ომებზე“ დღეს უკვე ლაპარაკობს მთელი მსოფლიო და ეს პრობლემები აღქმულია საერთო თავის ტკივილად საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის“.


დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG