Accessibility links

site logo site logo

პუტინი: დონბასში განმეორდება სრებრენიცა, თუ საზღვარზე კონტროლს კიევი დაამყარებს


პარიზში გამართული შეხვედრიდან მეორე დღეს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ დონბასში შესაძლოა განმეორდეს სრებრენიცა, თუ კიევი კონტროლს დაამყარებს რუსეთთან დამაკავშირებელ დონეცკისა და ლუგანკის სასაზღვრო მონაკვეთებზე.

„უკრაინის მხარე მუდმივად აყენებს საკითხს: მოგვეცით შესაძლებლობა, რომ სამხედრო ძალით ჩავკეტოთ საზღვრებიო. წარმომიდგენია, შემდეგ რაც მოხდება. სრებრენიცა განმეორდება, მორჩა და გათავდა“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

1995 წელს ბოსნია-ჰერცეგოვინის ქალაქ სრებრენიცაში ბოსნიელმა სერბმა სამხედროებმა დახოცეს 8000-მდე მუსლიმი მამაკაცი და ბიჭი.

2007 წლის თებერვალში საერთაშორისო სასამართლომ სისხლისღვრა სრებრენიცაში გენოციდად ცნო.


რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 9 დეკემბერს ღამის სამ საათამდე განიხილავდა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად დონეცკსა და ლუგანსკში მცხოვრები ადამიანების შესაძლოა დევნის საკითხს. „უკრიანას ჯერაც არ მიუღია კანონი ამნისტიის შესახებ, ჯერ კიდევ 2015 წელს შევთანხმდით, რომ ამ კანონს მიიღებდნენ, რაღაც გადაწყვეტილებები არსებობს, მაგრამ ძალაში არაფერია შესული“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

პარიზში, 9 დეკემბერს გაიმართა ე.წ. ნორმანდიის ოთხეულის შეხვედრა, რომლის მონაწილეებმა, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუილ მაკრონმა და უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ვლადიმირ პუტინმა განიხილეს არაერთი საკითხი აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოწესრიგების მიზნით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ოთხ თვეში კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG