Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ყველა აღნიშნავს, რომ სანქციები მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ სანქციები ვერ იქნება შემაკავებელი სტრატეგია"


თენგიზ ფხალაძე, GIPA-ს ასოცირებული პროფესორი
თენგიზ ფხალაძე, GIPA-ს ასოცირებული პროფესორი

კიევში მიმდინარე ფორუმზე - "ყირიმის დრო - 2020" პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა:

„ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შესაძლებელია, რომ შეწყდეს ომი დონბასში და ყოველ დღე არ ვკარგავდეთ საუკეთესო უკრაინელებს. ამისკენ არის მიმართული მთელი ძალისხმევა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყირიმი იხსნება დღის წესრიგიდან, ან შეიძლება გაიცვალოს მშვიდობაზე დონბასსა და მთლიანად უკრაინაში“.

ყირიმის ანექსიის მეექვსე წლისთავთან დაკავშირებულ ფორუმში მონაწილეობას ქართველი პოლიტოლოგი, "საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის" (GIPA) ასოცირებული პროფესორი, თენგიზ ფხალაძე. მან რადიო თავისუფლების "დილის საუბრებში" ჩართვისას განაცხადა:

"უკრაინელები ხშირად აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში საერთაშორისო ძალისხმევის და ყურადღების გადართვა მოხდა ლუგანსკზე და დონეცკზე, მაგრამ ნაკლებად არის ყურადღების ქვეშ ყირიმში არსებული ვითარება. მიუხედავად იმისა, რომ სანქციები გრძელდება და ა.შ., თითქოს რაღაც შემგუებლობა შეინიშნება ანექსიის ფაქტის მიმართ და იმის დასაფიქსირებლად, რომ არასდროს შეეგუებიან ამ ანექსიას და ყირიმი ყოველთვის იქნება უკრაინის ნაწილი, ტარდება ეს ფორუმი. ერთი, რომ მიიქციონ ყურადღება და გარდა ამისა, განიხილონ ყველა ის საკითხი, რაც უკავშირდება უსაფრთხოებას - დაწყებული ფლოტითა და შეიარაღებით, ეკონომიკური და სოციალური ვითარებით გაგრძელებული".

ერთი საკითხია ყირიმის ანექსიის საკითხის მიმართ საერთაშორისო ყურადღების შესუსტება და მეორე ის, თუ როგორია დასავლეთის სტრატეგია:

„ყველაზე მნიშვნელოვანი არის საერთაშორისო თანამეგობრობის როლი და ეს ფორუმიც ამას ემსახურება, რადგან დღეს საერთაშორისო თანამეგობრობა ძირითადად არის მომხდარზე რეაგირების პროცესში და სტრატეგია იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს [რუსეთის] შეკავება და პრევენცია, ჯერჯერობით ნამდვილად არ არსებობს.

ყველა აღნიშნავს, რომ სანქციები მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ სანქციები ვერ იქნება შემაკავებელი სტრატეგია და სწორედ ამიტომ უკრაინა ცდილობს მაქსიმალურად ფართოდ წარმოაჩინოს თავისი უსაფრთხოების პრობლემები გლობალურ კონტექსტში იმისთვის, რომ მსგავსი სტრატეგია შეიქმნას. აქ ძალიან მტკივნეულად აღიქმება განცხადებები, რომლებიც გვესმის ხოლმე დასავლელი პარტნიორებისგან, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც უნდა ველაპარაკოთ რუსეთს".

რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის პოლიტიკას, თენგიზ ფხალაძისთვის გასაგებია ზელენსკის ამოცანა, თუმცა, ნაკლებად ხედავს მის პერსპექტიულობას:

„ზელენსკი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ვითარება გადაიყვანოს ცხელი ფაზიდან მართვად ვითარებაში, როცა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი მსხვერპლი და როცა საკითხი დადგება მხოლოდ პოლიტიკურ კონტექსტში, მაგრამ სამწუხაროდ, რამდენჯერაც იქნა მიღწეული შეთანხმება ძალების დაშორიშორების, ცეცხლის შეწყვეტისა და მძიმე ტექნიკის გაყვანის შესახებ, იმდენჯერ რუსეთმა დაარღვია ის. მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ტყვეების გაცვლა, რაც თავისთავად ცხადია, გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანები დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ტყვეების გაცვლასთან ერთად არ წყდება ადამიანების დატყვევების პროცესი.

როგორც ჩვენთან იტაცებენ ადამიანებს, ანალოგიური ხდება უკრაინის აღმოსავლეთში. უკრაინა არავის იტაცებს. მან გადასცა ყველა ჯაშუში, რომელიც დაკავებული ჰყავდა, რუსეთი კი აგრძელებს გატაცებებს. ბევრი მსგავსებაა ჩვენი ორი ქვეყნის კონტექსტში.

...ასეთმა ტერმინმაც კი გაიჟღერა გუშინ ჩემს კოლეგებთან მეგობრულ შეხვედრაზე - „აფხაზეთიზაცია“, ერთი ერთზე მეორდება რუსეთის ტექნოლოგიები".


  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG