Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თენგიზ ცერცვაძე: პიკი არ გამოდგა ციცაბო


ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ოპტიმისტური ვარაუდები მართლდება და საქართველოში კოვიდ-19-ის გავრცელების პიკი ციცაბო არ აღმოჩნდა.

„დღეისთვის, ქვეყანაში არის 626 პაციენტი. ბოლო დღეებში თანდათან მცირდება პაციენტების რიცხვი. მართლდება ის ოპტიმისტური პროგნოზები, რომელსაც ექსპერტები გამოთქვამდნენ, რომ სადღაც აპრილის ბოლოსთვის იქნებოდა პიკი, შემდეგ პლატო და შემდგ ქვევით წავიდოდა. ახლა არის პლატო, ის პიკი არ გამოდგა ციცაბო პიკი და გამოდგა ასეთი სწორი, პლატოსებური“, - ამბობს თენგიზ ცერცვაძემ.

კითხვაზე, გადავლილია თუ არა პიკი, ცერცვაძე პასუხობს, რომ ამის თქმა გარანტირებულად არ შეიძლება.

„გარანტირებულად ვერ გეტყვით, მაგრამ ბოლო დღეები მიუთითებს, რომ თუ რამე კიდევ არ ჩავიდინეთ, რაღაცა სისულელე, სადღაც რაღაც არ ვქენით, არ მოვაწყვეთ თავყრილობა და რაღაც სადავეები არ გაგვექცა ხელიდან, გაგრძელდა ის ტენდენცია და ის ხარისხი მობილიზაციის, რაც ახლაა, მაშინ, სავარაუდოდ, ახლა ვიმყოფებით პიკზე. ამას პლატოს სახე ექნება, იქნება თანაბარი რაოდენობა და, წესით, არ უნდა იყოს მატება. თუ იქნება მატება, ეს იქნება მცირე მატება - ერთი ათეული, ორი ათეული. მაგრამ თუ არ დავუშვით ისეთი შეცდომები, როგორიც იყო, მაგალითად, ბოლნისსა და მარნეულში, თეთრიწყაროში ან, შესაძლოა, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ლენტეხში, თუ ასეთი არ იქნა, მგონია, რომ ჩვენ დავძლიეთ პირველი და ყველაზე მძლავრი შემოტევა კორონავირუსისა, მინიმალური დანაკარგით. 626 ავადმყოფი და მხოლოდ ათი გარდაცვლილი - ეს არის ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ან საუკეთესო შედეგი“, - ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

XS
SM
MD
LG