Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითიზოლაციაში მყოფი ოჯახები და სადეზინფექციო სამუშაოები გორში


გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო თვითიზოლაციაში ამ დროისთვის 11 ადამიანი იმყოფება, - ამის შესახებ გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარი გიუნაშვილმა, განაცხადა. მისი თქმით, ეს 11 ადამიანი 5 ოჯახის წევრია და ისინი საზღვარგარეთიდან 26 თებერვლის შემდეგ დაბრუნდნენ.

​"ამ დროისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, თვითიზოლაციაში 11 მოქალაქე იმყოფება. აქედან 2 სოფელში ცხოვრობს. ჩვენი ცენტრი დაკვირვებას და კონტროლს უწევს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას. დღესერთ მოქალაქეს მოეხსნება იზოლაციის პერიოდი", - ამბობს მარი გიუნაშვილი.

პირველ ინფორმაციას საზღვრიდან ეპიდემიოლოგიური სამსახური გვაწვდის. ისინი გვაწვდიან მისამართებს, ტელეფონის ნომრებს. ბინაზეც მივდივართ, მაგრამ გარედან ვეკონტაქტებით, ბინაში არ შევდივართ. დილა-საღამოს ტელეფონით ვამოწმებთ, რომ ბინაზე იყვნენ იზოლირებული...
მარი გიუნაშვილი


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რადიო თავისუფლებას უამბობს, თუ როგორ ხდება საზღვარგარეთიდან დაბრუნებული პირების თვითიზოლაცია და ზედამხედველობას როგორ ახორციელებს ჯანდაცვის სისტემა. მაღალი რისკჯგუფის ქვეყნებიდან დაბრუნებული მოქალაქეების შესახებ პირველ ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვა საზღვრიდან იღებს. ამის შემდეგ, მარი გიუნაშვილის განმარტებით, ოჯახის მიმართ ზედამხედველობა იწყება:

„პირველ ინფორმაციას საზღვრიდან ეპიდემიოლოგიური სამსახური გვაწვდის. ისინი გვაწვდიან მისამართებს, ტელეფონის ნომრებს. ბინაზეც მივდივართ, მაგრამ გარედან ვეკონტაქტებით, ბინაში არ შევდივართ. დილა-საღამოს ტელეფონით ვამოწმებთ, რომ ბინაზე იყვნენ იზოლირებული. ოჯახის წევრებისგანაც კი უნდა იყვნენ იზოლირებულები, საერთო ჭურჭელი არ გამოიყენონ და, თუ დაეკონტაქტებიან ოჯახის წევრებს, ნიღბით უნდა დაეკონტაქტონ და იმ ნიღაბსაც თავისი ორსაათიანი ვადა აქვს და შემდეგ ეს ნიღაბიც ორმაგ ცელოფანში უნდა ჩადონ და თავი მოუკრან. არ უნდა ისეირნონ ქუჩაში. ვალდებულები ვართ საზღვრის გადმოკვეთიდან 14 დღის განმავლობაში კონტროლი განვახორციელოთ. ორ პიროვნებასთან კონტაქტი ვერ დავამყარეთ და საპატრულო პოლიცია მოვიშველიეთ. ერთზე ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია, მეორეს კი ვეკონტაქტებით, მაგრამ ურჩია“.

ლუგარის ლაბირატორიაში გაგზავნილი ნიმუშებიდან კორონავირუსი არც ერთ პაციენტს არ დაუდასტურდა. ახალ პაციენტებს სიმპტომატიკა არ აღენიშნებათ. გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორმა განაცხადა, რომ გამოკვლევისთვის მათი ნიმუშების გაგზავნა აუცილებელი აღარაა.

დავით ბარლიანის თქმით, ამ დროისთვის გორის ჰოსპიტლისსაკარანტინო სივრცეში 21 პაციენტი იმყოფება.

„აქედან - 4 სამხედრო მოსამსახურე, 5 - ირანის მოქალაქე და 12 - საქართველოს მოქალაქე. ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტებს ტემპერატურული ცვლილებები არ აღენიშნებათ, თუმცა საინკუბაციო პერიოდის გასვლამდე დაკვირვება გრძელდება", - განაცხადა დავით ბარლიანმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

გორის მასშტაბით სკოლებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. კეთილმოწყობის სააგენტოს მიერ დაქირავებულმა სპეციალისტებმა 5 მარტის ღამით მიწისქვეშა გადასასვლელები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები სპეციალური ხსნარით დაამუშავეს. სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტ ირმა ბუზიაშვილის თქმით, სამუშაოები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება და ნაგვის ურნები დამუშავდება.

ღონისძიებების ფარგლებში, დღეს სააგენტოში შემავალ სასპორტო სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სადეზინფექციო სამუშაოები საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ზედამხედველობით და მათი თანამშრომლების უშუალო მონაწილეობით განხორციელდა...
ბესიკ გიორგაშვილი


გორის სპორტულ სკოლებში ვარჯიშები 10 მარტამდე შეწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების სააგენტოს ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, სკოლებში პრევენციული ღონისძიებები ტარდება, რომელიც კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაიგეგმა. გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის სპორტული სკოლის მენეჯერი ბესიკ გიორგაშვილი ამბობს, რომ სპორტულ სკოლაში ვარჯიშებთან ერთადყველა ღონისძიება შეჩერებულია.

"ღონისძიებების ფარგლებში, დღეს სააგენტოში შემავალ სასპორტო სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სადეზინფექციო სამუშაოები საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ზედამხედველობით და მათი თანამშრომლების უშუალო მონაწილეობით განხორციელდა", - აცხადებს ბესიკ გიორგაშვილი.

5 მარტს საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის უკვე, ჯამში, 9 შემთხვევაა დადასტურებული. საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებგვერდის თანახმად, კარანტინის რეჟიმშია 162 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 45.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG