Accessibility links

"ერთ-ერთი ჯგუფი ცდილობს, რომ შემოვლითი გზით დაიკანონოს „დედაენის“ ავტორობა"


თინათინ მამულაშვილი, "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" დირექტორი

გამომცემლობები, რომლებიც ქართული ენისა და ლიტერატურის პირველი კლასის გრიფირებულ სახელმძღვანელოებს გამოსცემენ, იწუნებენ კანონპროექტს, რომელიც იაკობ გოგებაშვილის "დედაენას" შეეხება და რომლის ავტორებიც უმრავლესობის დეპუტატები არიან.

"ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" დირექტორი, თინათინ მამულაშვილი "დილის საუბრებში" განმარტავს, რომ კანონპროექტის ოპონირება არ არის გაპირობებული იმით, რომ გამომცემლები იაკობ გოგებაშვილის "დედაენის" წინააღმდეგნი არიან:

"ბუნებრივია, არ ვართ იაკობ გოგებშვილის „დედაენის“ წინააღმდეგი. იმასაც ვიტყვი, რომ დაახლოებით ოცი წელია თვითონ გამოვცემთ სახელმძღვანელოს, რომელიც გოგებაშვილის „დედაენის“ საფუძველზეა შექმნილი. მას ბოლო გრიფირების დროს მიენიჭა გრიფი, ანუ სასკოლო სახელმძღვანელოდ აღიარა განათლების სამინისტრომ. „დედაენის“ კვალზე ჰქვია და არის „დედაენის“ მეთოდებზე და პრინციპებზე დაფუძნებული".

რაც შეეხება კანონპროექტს, რომელსაც პარლამენტმა მეორე მოსმენაზე მხარი დაუჭირა და რომლის ავტორებიც განმარტებით ბარათში წერენ, ინიციატივის მიზანია "დედაენის", როგორც არამატერიალური კულტურის ძეგლის დაცვა და ამისთვის უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც :

"უზრუნველყოფს ეროვნული ან საერთაშორისო კატეგორიის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მეთოდის საფუძველზე შექმნილი სახელმძღვანელოს მომზადებასა და გრიფირებაზე წარდგენას. ამ სახელმძღვანელოს გრიფირება ხდება სპეციალური წესით“.

გამომცემლები თვლიან, რომ ერთ-ერთი ჯგუფი, რომელიც მონაწილეობდა 2018/2019 სასაწავლო წლისთვის გრიფირების პროცესში, ცდილობს უპირატესი მდგომარეობის მოპოვებას. თინათინ მამულაშვილი ამბობს:

"ერთ-ერთი ჯგუფი, რომელიც ასევე მონაწილეობდა გრიფირების კონკურსში და ვერ თუ არ მიიღო გრიფი, ცდილობს, რომ შემოვლითი გზით დაიკანონოს „დედაენის“ ავტორობა და შეიტანოს სკოლებში სახელმძღვანელო ისე, რომ გრიფირების პროცესს გვერდი აუაროს. წარსული გამოცდილებით ვიცით, რომ ეს ჯგუფი ყოველთვის ასე ლავირებდა ბაზარზე და ცდილობდა არც თუ სამართლიანი კონკურენციის პირობებში მიეღო მონაწილეობა. ჯგუფი პირდაპირ ცდილობს, რომ, რაკი იაკობ გოგებაშვილის "დედაენას" მიენიჭა არამატერიალური ძეგლის სტატუსი, ამის საშუალებით დაიკანონოს და ერთგავრი მონოპოლიზება გაუკეთოს "დედაენას"".

"დღეს შემოთავაზებული ცვლილებით, ინიციატორი ჯგუფი ამბობს - მოდით, შეიქმნას კომისია, რომელიც გადაამუშავებს „დედაენას“. მხოლოდ ამ სახელმძღვანელოს მიენიჭება იაკობ გოგებაშვილის "დედაენის" სახელი. დანარჩენ სახელმძღვანელოებს, რომლებიც გოგებაშვილის "დედაენის" ბაზაზე შეიქმნა, თანამედროვე სახელმძღვანელოს იერსახე მიეცა სწორედ იმიტომ, რომ დღეს უკვე სხვა მოთხოვნებია და მათი დაკმაყოფილების შემთხვევაში ანიჭებს სამინისტრო სახელმძღვანელოს გრიფს".

თინათინ მამულაშვილი ინტერესთა კონფლიქტზეც ლაპარაკობს, რომ დაუშვებელია ერთსა და იმავე კომისიას ჰქონდეს როგორც სახელმძღვანელოს შემუშავების, ისე განიხილავდეს სხვა ალტერნატიულ ვარიანტებს. გამომცემლობის დირექტორი გამოსავლად თვლის იმას, რომ

"კომისია არსებობდეს, რაკი გოგებაშვილის "დედაენას" აქვს არამატერიალური ძეგლის სტატუსი. ავტორთა ნებისმიერი ჯგუფი, რომელიც გადაწყვეტს, რომ გოგებაშვილის საფუძველზე შექმნას თანამედროვე სახელმძღვანელო, ამ კომისიის მიერ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით მოხდეს შეფასება - არის თუ არა თანხვედრაში. ეს იქნებოდა სრულიად სხვა მიდგომა".

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG