Accessibility links

თინა ხიდაშელი: ეს ოპერაცია ვერც ერთი პარამეტრით ვერ ეტევა მოგერიების ფარგლებში


თინა ხიდაშელი

11 ივნისს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მონაწილეობა მიიღო ტელეკომპანია "TV პირველის" გადაცემაში "რეაქცია". მინისტრი პასუხობდა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას შეკითხვებს, რომლებიც ეხებოდა 20-21 ივნისის ღამეს ანტისაოკუპაციო აქციის ძალადობრივად დაშლას.

რა შეკითხვებზე მიიღო პასუხი საზოგადოებამ შინაგან საქმეთა მინიტრისგან და რა დარჩა უპასუხოდ? - ამ კითხვით მიმართა რადიო თავისუფლებამ თინა ხიდაშელს, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს. თინა ხიდაშელის აზრით, არსებობს, რამდენიმე საკითხი, რაზეც მინისტრმა არ ილაპარაკა:

  • "ოპერაცია, რომელიც ჩატარდა რუსთაველზე, ვერც ერთი პარამეტრით ვერ ეტევა მოგერიების ფარგლებში. ამას თავად გრძნობს მინისტრი და ამიტომ მოიხმო მეორე თემა და თქვა, რომ ქალაქს არბევდნენ შემდეგ და დილის 7 საათამდე იმიტომ ვარბევდით მომიტინგეებსო.
  • სამწუხაროა, რომ დღემდე არავის უნახავს მიტინგის დაშლის ბრძანება. მისი არც ერთი ნაწილი და არც იმაზე არაფერს ამბობს მინისტრი, რამდენი ბრძანება გაიცა იმ ღამის მანძილზე და როდის გვექნება შანსი ამ ბრძანებების ნახვის.
  • მისი გამოსვლიდან ირკვევა, რომ უნდა არსებობდეს რამდენიმე ბრძანება: როცა სპეცსაშუალებების გამოყენება აკრძალა; როცა დაუშვა მოგერიებისთვის; როცა პარლამენტის პერიმეტრიდან გასვლის უფლება მისცა მის დაქვემდებარებულ ძალებს, როცა ქალაქია დარბევის ფაქტი დაადასტურებს და შესაბამისი ბრძანება გასცეს; როცა უკან დაბრუნების ბრძანება გასცა.
  • რატომ არის მნიშვნელოვანი ამ ბრძანებების ნახვა და რატომ მოითხოვს კანონი რომ ყველა ზეპირი ბრძანება წერილობითი ფორმით უნდა არსებობდეს? ძალიან მარტივია მიზეზები. ისინი თავად ამბობენ, რომ დანაშაული მოხდა და გამოძიება დაწყებულია. ასევე თავად ამბობენ, რომ ერთ-ერთი მუხლი, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს, არის პოლიციის მიერ ძალის შესაძლო გადამეტება. თუკი დადგინდა, რომ ეს დანაშაული ჩადენილია, მაშინ უნდა დადგინდეს, ვის მიერ არის ჩადენილი: ა. პოლიციელების თვითნებობა; ბ. უკანონო ბრძანება. თუკი არ არსებობს ბრძანება, ვერასოდეს გავიგებთ, ვინა არის პასუხისმგებელი ამ დანაშაულზე.
  • სახელმწიფო გადატრიალების მუხლი - სახელმწიფო გადატრიალება არ არის დანაშაული, რომელის შეიძლება, აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინო, იმიტომ რომ ის წინასწარი განზრახვით და გეგმით ხდება. გახარია ამბობს ინტერვიუში: "პოლიტიკურმა ლიდერებმა დღესაც არ იციან, რისთვის აპირებდნენ შევარდნას პარლამენტის შენობაში". ამით თავად გამორიცხავს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებას. ასეთ დანაშაულის პირობებში არც ის უნდა სცოდნოდათ (უნდა დაადგინოს გამოძიებამ) რისთვის შევარდნენ, არამედ იცის, თუ შემდეგი ნაბიჯები რა იქნებოდა. ასეთი ვერსიის არსებობის გარეშე, რომელიც მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს, ეს დანაშაული არ არსებობს.
  • მთავარი შეცდომა "ვარდების რევოლუციის" შედარებისას ის არის, რომ პარლამენტში შევარდნით არ მომხდარა არც მაშინ და არც არასდროს ხდება ხელისუფლების ცვლა. ხელისუფლების ცვლას იწვევს ხელისუფლის წასვლა. შესაბამისად, გამოძიებამ უნდა დაამტკიცოს, რომ არსებობდა გეგმა, რომლითაც მაგალითად, მამუკა ბახტაძეს ან სალომე ზურაბიშვილს ან ვინმე სხვას აიძულებდნენ წასულიყო და შესაბამისად ახალი არჩევნები დანიშნულიყო".

ოფიციალური მონაცემებით 20-21 ივნისის ღამეს, ანტისაოკუპაციო აქციის დაშლისას 240 ადამიანი დაშავდა. მათგან ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG