Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

12 მაისი და ქართული ფანტაზია


ცეკვა 12 მაისის აქციის მიმდინარეობის დროს.
ცეკვა 12 მაისის აქციის მიმდინარეობის დროს.

ავტორი: ჯანა ჯავახიშვილი

ჰოლოკოსტს გადაჩენილმა ადოლეკ კონმა, 2010 წელს, თავის ქალიშვილთან და შვილიშვილებთან ერთად, აუშვიცში იცეკვა, როგორც მედიამ მაშინ ამას დაარქვა - ფაქტობრივად, „თავისი თანამემამულეების ფერფლზე“...

ებრაული თემის ნაწილმა დაგმო მისი ცეკვა, რადგან ვანდალიზმად მიიჩნია: თანამემამულეების ფერფლზე კი არ უნდა ვცვკვავდეთ, უნდა ვტიროდეთო...

სამაგიეროდ, ებრაული თემის მეორე ნაწილმა მოიწონა კონის ოჯახის საქციელი: დიახ, აუშვიცში კიდევაც უნდა ეცეკვათ და ვიცეკვოთო, იმიტომ, რომ სიცოცხლემ მაინც გაიმარჯვაო...

გუშინდელ მიტინგსა და ცეკვაზე საზოგადოების ნაწილის რეაქციამ მომაგონა კონების ოჯახის გარშემო აწეული პოლემიკა ებრაულ საზოგადოებაში.

მაგრამ არა მარტო ამან მომაგონა 9 აპრილი. საქმე იმაშია, რომ, როდესაც აპრილის მიტინგები დაიწყო, საზოგადოების ნაწილმა, რომლისთვისაც ტოტალიტარული სისტემის მიმართ შიშის გამო დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა წარმოუდგენელი იყო, გაკიცხვა დაუწყო მომიტინგეებს. მაშინ ძალიან ხშირად გაიგონებდით ნათქვამს: ისინი (ვინც აპრილში რუსთაველზე იდგა) გარყვნილები არიან, იქვე სვამენ და მთვრალებს სექსი აქვთ, გოგოებსაცო, გოგოებსაცო...

დიახ, ისინიც ცეკვავდნენ და მღეროდნენ, ოღონდ მეტალის მუსიკის ნაცვლად მაშინ „შავლეგოს“ ვმღეროდით. და 9 აპრილის ღამის მერე საზოგადოების იმ ნაწილმაც, რომელიც კიცხავდა მოპროტესტეებს, დაინახა, რომ სინამდვილეში ისინი გმირები იყვნენ.

ამას იმიტომ არ ვიხსენებ, რომ გუშინდელ აქციას მინდა გმირობა ვუწოდო, სრულიადაც არა. გმირობის დრო - დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დრო იყო, ახლა ეს დრო არ არის. ახლა ქვეყნის, სახელმწიფოს შენების დროა, კრიტიკული აზროვნებისა და სკრუპულოზური შრომის დროა. და ამ დროში ადგილი არ უნდა დავუტოვოთ ძალადობას, და მითუმეტეს - პოლიციურ ძალადობასა და სახელმწიფოს ძალადობას უდანაშაულო მოქალაქეების მიმართ, დაშინების მიზნით.

საზოგადოების ნაწილი, აგრეთვე, ადანაშაულებს ახალგაზრდებს იმაში, რომ ვერ გაგვაგებინეს რა უნდათო. მოთხოვნები ვერ ჩამოაყალიბესო. გაურკვევლად ლაპარაკობდნენო. ნუთუ, ძალადობა როდესაც ხდება, უნდა ველოდეთ, რომ ვინმემ განგვიმარტოს, რომ ცუდი რამ მოხდა?

ახალგაზრდას, ჩვენი თაობისგან განსხვავებით, არ დასჭირდა სხვისი განმარტება. მან იწვნია საკუთარ ტყავზე ძალადობა და ინსტინქტურად საპროტესტო რეაქცია წამოიწყო. ეს სწორი ინსტინქტია. ის არ შეშინდა, არ დაიმალა (როგორც ჩვენ, საბჭოთა თაობას გვჩვევია), არ გადაიტანა თავისი ბოღმა სოციალურ ქსელებში ყველას და ყველაფრის ლანძღვის სახით და ინსტინქტურად გამოვიდა საპროტესტოდ.

ნუთუ ის, რომ ძალადობა არ უნდა შვიწყნაროთ, ტრიბუნიდან ახალგაზრდამ უნდა აგვიხსნას?.. რატომ არ მუშაობს ჩვენს თაობაში ეს ინსტინქტი - მყისიერად გაიაზრო, რომ ძალადობა დაუშვებელია, მითუმეტეს პოლიციური ძალადობა უდანაშაულო ადამიანების მიმართ?.. რად უნდა ამას „მოთხოვნების ჩამოყალიბება“ და განმარტება?..

როცა გასულმა ხელისუფლებამ დაიწყო პოლიციური ძალადობა, სულ დასაწყისში, ხალხმა ეს დროულად არ გააპროტესტა, პირიქით - შეიწყნარა. იმიტომ, რომ როგორც ხელისუფლებას, ასევე ხალხს ეს „წესრიგის დამყარება“ ეგონა. და ფაქტობრივად, ამით მწვანე შუქი აუნთო ძალადობას.

ახლა, როდესაც ამჟამინდელმა ხელისუფლებამ გამოაჩინა პოლიციური ძალადობის ბრჭყალები, და ახალგაზრდებმა, თავისი ჯანსაღი ინსტინქტების წყალობით, ეს მყისიერად გააპროტესტეს, უფროსი თაობა კვლავ ცდილობს მათ ჩაჩუმებასა და დისკრედიტაციას. ამით, ფაქტობრივად, კვლავ მწვანე შუქს უნთებს სახელმწიფოს მხრიდან უდანაშაულო მოქალაქის მიმართ ძალადობას. ეს კი ნიშნავს, რომ ცოტა ხანში ეს მათ კვლავ ბუმერანგივით შეუტრიალდება, და იგივე მანკიერ წრეზე დავტრიალდებით.

ნარკოტიკების მოწოდებას უნდა ებრძოდეს სახელმწიფო. ამ ბრძოლას აქვს მტკიცებულებაზე დაფუძნებული მეთოდები. მაგრამ, საქართველოში, ტრადიციულად, ნარკოტიკების მოწოდებასთან ბრძოლა ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან პიარის საშუალებად არის ქცეული. ასე იყო გასული ხელისუფლების დროს, როდესაც ყოვლად არაკვალიფიციური და მავნე კამპანიები „ანტისუბუტექსი“, „ქალაქში მკვლელი დადის“ და „ყველაფერი სუბუტექსის გარდა“ ჩატარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.

დღესაც არაფერი შეცვლილა ამ თვალსაზრისით: ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში, ნარკოტიკების თემა კვლავ პიარის სტრატეგიაა. რაში დასჭირდა პოლიციას ახალგაზრდების დარბევა მას მერე, რაც 8 ნარკოგამსაღებელი უკვე დაკავებულ იქნა?.. პიარისთვის. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა ამ ამბავში ალბათ ის არის, თუ რატომ ჩაითვალა დარბევა პიარად.

აქ პასუხი შემდეგია: ჩვენ პოსტტოტალიტარული საზოგადოება ვართ. საზოგადოების ნაწილი სტალინს ჯერ კიდევ შენატრის და ეთაყვანება. თაყვანისცემის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ რომ „წესრიგია“, ტოტალიტარული წესრიგი.

საქმე იმაშია, რომ როგორც საზოგადოება, ასევე ხელისუფლება, ტოლობის ნიშანს სვამს წესრიგსა და ტერორს შორის. სამოქალაქო თვითშეგნებით, თვითორგანიზებით და არა დასჯის შიშით დამყარებული წესრიგი ჩვენ არ გვესმის. ხოლო იქ, სადაც ტერორია, ადგილი არ რჩება არც ადამიანის ღირსებას, არც სამართლიანობას. ამ პირობებში, ღირსების აღდგენა და სამართლიანობის აღდგენა არა ქართული ოცნებაა, არამედ ქართული ფანტაზია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG