Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი ხიდზე


“სამოთხის კიდეზე” ( 2007, გერმანია.თურქეთი. Auf der anderen Seite» რეჟისორი ფატიჰ აკინი)

აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების ისტორია ყველაფერთან ერთად სიმბოლური ფაქტია, რომელიც ერდოანის მმართველობის დროს დაგროვილ წინააღმდეგობებს ასახავს. შეიძლება ითქვას, რომ აია სოფია დღეს არც ქრისტიანული ტაძარია და არც მეჩეთი, არც მუზეუმია უკვე, არც დასავლეთია და არც აღმოსვლეთი. ათათურქის გადაწყვეტილების უარყოფა (1934 წელს ათათურქმა ბიზანტიური არქიტექტურის შედევრს მუზეუმის სტატუსი მიანიჭა) ქემალიზმის დასასრულს ნიშნავს და, შესაძლებელია, ბევრად უფრო სერიოზული ამბავი იყოს, ვიდრე ჩვენ გვგონია. სერიოზული - თურქი ხალხისთვის, დემოკრატიისთვის, ჩვენთვის.

2017 წლის ზამთარში გადაცემაში “წითელი ზონა”, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი დახურვისთვის ამზადებდა, ლაშა ბაქრაძესთან ერთად თურქეთის გამოწვევებზე ვისაუბრეთ.

გადაცემის დასრულებისთანავე თურქეთის მაშინდელმა ელჩმა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ მოითხოვა ეთერი ლაშასთვის პასუხის გასაცემად. ელჩმა სრულიად მიუღებლად მიიჩნია ლაშას მოსაზრებები ანტიდასავლური განწყობილებების ზრდაზე ერდოანის თურქეთში. ბატონი ელჩი კატეგორიულად ამტკიცებდა, რომ თურქეთის პოლიტიკა არანაირად არ შეცვლილა და ნატოს წევრი ქვეყანა კვლავაც რჩება ლაიცისტური რესპუბლიკის იდეალების ერთგულად.

ლაიციზმი, მოგეხსენებათ, არის დოქტრინა, რომელიც რელიგიას მიჯნავს საზოგადოებრივი ცხოვრებისგან. ათათურქის ქვეყანა წლების მანძილზე ლაიციზმის მეტ-ნაკლებად წარმატებულ მაგალითად ითვლებოდა. გარდა ამისა, ქართველების მსგავსად, თურქებიც ამაყობდნენ ხოლმე იმით, რომ იმყოფებოდნენ “ხიდზე” დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის... მერე გაჩნდნენ ევროკავშირში გაერთიანების მსურველებიც. მაგრამ, გახსოვთ, ალბათ, რომ ევროპა ამაზე წლების მანძილზე იყრუებდა თავს. თურქეთს მაინცდამაინც არ ენდობოდნენ.

ამ უნდობლობაზეც ილაპარაკა ბატონმა ელჩმა.

ერდოანი და აია სოფიას ისტორია, შესაძლებელია, რეაქცია იყოს თურქეთის მიმართ დასავლეთის უნდობლობაზე.

ჰამბურგელმა თურქმა, ფატიჰ აკინმა, სწორედ “ლაიცისტური თურქეთი” აღბეჭდა 2007 წელს გადაღებულ ფილმში “სამოთხის კიდეზე”. მიუხედავად იმისა, რომ აკინის ეს სურათი კანის კინოფესტივალის პრიზით დაჯილდოვდა საუკეთესო სცენარისთვის, “სამოთხის კიდე” არაა ისეთი პოპულარული, როგორც, თუნდაც, ბერლინის კინოფორუმის “ოქროს დათვით” აღნიშნული აკინის “სახით კედლისკენ”(2004).

კანში დააფასეს რეჟისორის უნარი სრულიად განსხვავებული ამბები, თანაც ერთმანეთისგან გამიჯნული სივრცეში ( ზოგჯერ დროში), ისე დააკავშიროს, რომ ყველაზე უმნიშვნელო დეტალიც კი ერთი დიდი მთლიანის ნაწილად აქციოს, მაგრამ ფილმის პოლიტიკურ სიმწვავეზე, აზრის სიღრმეზე თითქმის არაფერი თქმულა. არადა, “სამოთხის კიდე” ამითაა საინტერესო: აქ თავად ფილმის ფორმა - ის, თუ როგორაა აწყობილი სამი ისტორია, 6 გმირის ამბავი - ქმნის შინაარსს და გამოხატავს ავტორის ფიქრებს... ფიქრებს ადამიანებზე, რომლებიც ხშირად ძველისა და ახლის ბრძოლას ეწირებიან, ადამიანებზე, რომელთა ცხოვრება მოდერნიზაციამ უკეთესი ვერ გახადა. უფრო მეტიც, ზოგიერთი საერთოდ შეეწირა ამ პროცესს.

ფილმის მსვლელობისას მაყურებელი ხედავს, როგორ თანდათან იძენს მეორეხარისხოვანი დეტალი მნიშვნელობას, როგორ ამოდის წინ ის, რაც თავიდან მხოლოდ მკრთალად მოჩანდა ფონზე. არსებითად ესაა კინოხელოვნება, სხვა კი არაფერი! “ბლოუ-აპის” ეფექტი, უხილავის გადაქცევა ხილულად, მისი გაერთიანება სხვასთან, ასევე უმნიშვნელოსთან... სამწუხაროდ, ზოგჯერ სხვების გაწირვის ხარჯზე.

აკინის ფილმის მოქმედების დიდი ნაწილი გერმანიაში ხდება, თუმცა “სამოთხის კიდეზე” თანამედროვე თურქეთის შესახებ უფრო მეტს ამბობს, ვიდრე, თუნდაც, თურქული საავტორო კინოს ლიდერის, ნური ჯეილანის, ფილმები. აკინი არა მარტო ადამიანებსა და დეტალებს შორის მანძილს აუქმებს, ის ერთმანეთთან აახლოებს თავის ისტორიულ სამშობლოს და ევროპას. გერმანიაში დაბადებული რეჟისორისთვის იდენტობის თემა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა აქამდე არასდროს უკითხავს ასე პირდაპირ - თუ გნებავთ, ასე სწორხაზოვნად -მაყურებლისთვის: რამდენად შეგვიძლია გავემიჯნოთ ჩვენგან განსხვავებულს? უფრო სწორად, სადამდე შეგვიძლია? არსებობს თუ არა “კიდე” ამ პლანეტაზე, რომლის იქით მართლა არაფერია? თუ არ არსებობს, მაშინ რაღა აზრი აქვს ამ საზღვრებს, ამ იდენტობებს? თუკი ეს “კიდე” არ არსებობს, მაშინ ყველანი, მართლაც, ერთის ნაწილი ვყოფილვართ.

ფილმში “სამოთხის კიდეზე” გერმანული და თურქული ხაზები აბსოლუტურ სიმეტრიას ქმნიან. გერმანიაში მოწყობილ საპროტესტო მიტინგს “აწონასწორებს” საპირველმაისო დემონსტრაცია სტამბულში, გერმანელი გმირი ხსნის წიგნის მაღაზიას სტამბულში, თურქი კი გერმანიაში უნივერსიტეტის პროფესორი ხდება. გერმანიას და თურქეთს სიკვდილიც აერთიანებთ: აქაც და იქაც, ისევ ამ სარკისებრი პრინციპით, კვდებიან ადამიანები - გერმანელი თურქეთში და თურქი გერმანიაში. როგორ შეიძლება იქ, სადაც არის წონასწორობა, არ იყოს ნდობა? ვერ გეტყვით, რა სახის წონასწორობაა ეს: აზიისა და ევროპის? განსაცდელში ცხოვრებისა და ბედნიერების? “ჩამორჩენილობის” და პროგრესის? - ერთი კია, ამ წინააღმდეგობების ტრაგიკული შეჯახების მიუხედავად, ჩაკეტილობა არ გამოდის, ადამიანს ფიზიკურად არ შეუძლია ჩაკეტილ სივრცეში არსებობა მაშინაც კი, როცა ზრუნავს თავისი იდენტობის, განსხვავებულის, უნიკალურის შენარჩუნებაზე.

მოდერნიზაციის პროცესი მტკივნეულია. ეს პროცესი დროდადრო ბადებს ათასი ჯურის შარლატანებს, პოპულისტებს, ნარცისებს. ეს პროცესი არ გამორიცხავს განვითარების შეჩერებას, - ზოგჯერ ძალიან დიდი ხნით, - მაგრამ საბოლოოდ ჩაკეტილობას მაინც მოეღება ხოლმე ბოლო და სიცოცხლე მაინც შეაღწევს წყვდიადში. ამას გვეუბნება ფატიჰ აკინი თავისი ტრაგიკული ფილმის ფინალში. მაგრამ ამას გერმანელი რეჟისორი 2007 წელს გადაღებულ ფილმში ამბობდა. მას მერე თურქეთიც შეიცვალა და, ნაწილობრივ, გერმანიაც.

ისევ ოპტიმისტურად უყურებს თავისი ისტორიული სამშობლოს მომავალს აკინი? არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, რომ თავის ბოლო ფილმში “ოქროსფერი ხელთათმანი” (ფილმი გასულ წელს ბერლინის კინოფესტივალზე უჩვენეს) რეჟისორმა გვიამბო სერიულ მკვლელზე, რომელმაც გასული საუკუნის 70-იან წლებში მთელი ჰამბურგის მოსახლეობა პანიკაში ჩააგდო. აკინს იდენტობისა და გლობალიზაციის თემა აღარ აინტერესებს? ხელი ჩაიქნია სამშობლოზე? თურქეთი ხომ არსად წასულა! თურქეთი ისევ ხიდზეა აზიასა და ევროპას შორის.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG