Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თუ ქაღალდი გაგვითავდა


თუ ვიმარაგებთ ყველაფერს - საკვებს, ხელსახოცებს, წამლებს, კბილის პასტას და ა.შ. მაშინ რატომ არ უნდა მოვიმარაგოთ ტუალეტის ქაღალდი, რამე ალტერნატივა არსებობს?

ცხადია, არსებობს!

...მაგრამ ვიდრე ალტერნატივაზე დავიწყებდეთ საუბარს, ცოტა ხნით თხრობის მიმართულება შევცვალოთ, რათა მორალისტებს (რომ წერენ ხოლმე: „ამაზე საუბრის დროა ახლაააააა“; „ეს არის საქართველოს მთავარი პრობლემა?“ და ა.შ.) პრევენციულად გავცეთ პასუხი: სხეულის ის ნაწილი, რომლისთვისაც განკუთვნილია ტუალეტის ქაღალდი, ჩვენი ორგანიზმის ისეთივე სრულფასოვანი „წევრია“, როგორც დანარჩენი ნაწილები. მეტიც, თუ რამე სახის ანატომიური იერარქია მაინც არსებობს, უკანალს მხოლოდ თავი თუ გაუწევს კონკურენციას. არ გიფიქრიათ, რატომ არის მხარზე დაკვრა უწყინარი საქციელი, მაშინ, როცა პანღურის ამორტყმას ან თავში წამორტყმას არავის ვაპატიებთ და დავუვიწყებთ? ანდა რატომ არის მონარქიებში ძალაუფლების მთავარი ატრიბუტები გვირგვინი და ტახტი?

ასე რომ, თვალს ვუსწორებთ ჩვენს ფიზიოლოგიას და თამამად ვსაუბრობთ ტუალეტის ქაღალდზე, უფრო სწორად, ტუალეტის ქაღალდსა და მის ჩანაცვლებაზე სხვა ალტერნატული საშულებებით!

პირველი, ვინც ამ დროს შეიძლება გაგვახსენდეს ფრანსუა რაბლეს გარგანტუაა, რომელიც, ყიამყრალობასთან ერთად, იშვიათი სიბრძნითა და მოხერხებულობითაც გამოირჩეოდა. აბა, ნახეთ, როგორ იოლად გადიოდა ფონს უქაღალდობისას ეს გაუმაძღარი გოლიათი:

„ჟამ-ჟამად დედალიცა გამომისვამს და მამალიცა, ვარიაცა, ხბოს ტყავიცა, კურდღელიცა, მტრედიცა, თევზიყლაპიაცა, ვექილისა გუდა-ნაბადიცა, ყაბალახიცა, ჩაჩიცა, ჩიტისა თავრიელიცა. ბოლოში კი ერთი რამ უცილოდ უნდა ვთქვა: გამოსაწმენდად ბატისთანა, ტყუილია, ქვეყნიერებაზედ არა არის რა, ოღონდ გამოსმის ჟამსა ლაჯთა შუა თავით უნდა გეჭიროს, დახუჭულ თვალსა იმჟამად დია ეამება, რაკი, ჯერ ერთი, ბატისა გერმა ნაზი რამ არის და მეორეცა, თვითონ ბატია თბილი და უკანტანითა თუ კუჭ-ნაწლავითა სითბო პირდაპირ გულსა და ტვინში გარბის.“ (თაგრმ. გურამ გოგიაშვილისა)

გარგანტუსთან ყველაფერი გასაგებია, მაგრამ როგორ იქცეოდნენ ჩვეულებრივი, მოკრძალებული შესაძლებლობების მქონე ადამიანები, ვიდრე ინგლისელი, ამერიკელი და გერმანელი მეწარმეები ჯერ ტუალეტისთვის ვარგის ქაღალდს დაამზადებდნენ, შემდეგ დააგორგოლავებდნენ და ბოლოს მასობრივ წარმოებას (1928 წ) დაიწყებდნენ?

ისე, სამართლიანობისათვის უნდა ვთქვათ, რომ ქაღალდის სანიტარულ-ჰიგიენური დანიშნულებით გამოყენების პიონერი, რასაკვირველია, ჩინეთ-ხატაეთია: თურმე, ნუ იტყვით და ჩინეთის იმპერატორის კარი ჯერ კიდევ XIV საუკუნეში 700 ათასამდე ქაღალდის ფურცელს მოიხმარდა ერთი წლის განმავლობაში...

აი, რომაელი ჯარისკაცები კი, ქაღალდის ნაცვლად, იყენებდნენ ხმელთაშუა ზღვის ღრუბელს (Porifera), რომელიც ჯოხზე ჰქონდათ წამოცმული. ხმარების შემდეგ ღრუბელს რეცხავდნენ გამდინარე წყალში, რომელიც მოედინებოდა საგანგებოდ დმზადებული მარილითა და ძმრით გაჯერებული წყლის რეზერვუარიდან.

იაპონელები იყენებდნენ ხის ფირფიტებს, პალიმფსესტებს, რომლებიც მრავალჯერ გამოყენებისა და გადაფხეკის გამო, ინფორმაციის გადასატანად აღარ ვარგოდნენ. შემონახულია ძენ-ბუდიზმის პატრიარქის, დოგენის (1201-1253) ინსტრუქცია, რომლის ადრესატები მისი მიმდევარი ბერები არიან:

„არ იცინო და არ იმღერო! არ იფურთხო, კედლებზო არ დაწერო! კუჭში გასვლის შემდეგ გამოისვი ან ქაღალდი ან ბამბუკის ფირფიტა. შემდეგ აიღე ჯამი მარჯვენა ხელში და დაისხი მარცხენაზე... ამის შემდეგ დატოვე საპირფარეშო და დაიბანე ხელები შვიდ წყალში. სამჯერ ნაცრით, სამჯერ მიწით და სულ ბოლოს გლედიჩიის (Gleditsia Japonica) კვირტებით“.

საქმე უფრო რთულად იყო მუსლიმებში. შარიათის მიხედვით, მოსაქმების შემდეგ ანუსი უნდა გასუფთავებულიყო სამი (ან მეტი კენტი რაოდენობის) ქვით. მოციქული ამასთან დაკავშირებით ამბობს:

„ვინც იყენებს ქვებს, დაე, მან კენტი რაოდენობით დაასრულოს“.

ამასთან ქვა უნდა ეჭიროს მარცხენა ხელში. შემდეგ იცვლიან ადგილს და გადადიან წყლის პროცედურებზე. წყალს ისხამენ მარცხენა ხელზე... ყურანის მიხედვით, ალაჰი წყალობს განბანილებს, მაგრამ ექსტრემალურ პირობებში წყალი შეიძლება ქვიშამ ჩაანაცვლოს:

„მორწმუნენო! ნუ ილოცავთ, როცა წმინდად არ იყვნეთ; მოიცადეთ ვიდრე განიბანებოდეთ... თუ ბუნებრივი საჭიროება აგესრულებინოთ, ან თუ ქალს მიჰკარებოდით, გაიწმინდეთ სახე და ხელები წმინდა მტვრით, თუ წყალი არ გეშოებოდესთ. ღმერთი სულგრძელ და შემბრალებელია“. (ყურანი მუჰამმადისა. ფრანგულიდან თარგმნილი. თბილისი. 1906 წ)

შარიათის თანახმად, ათ რამეს შეუძლია წაბილწოს მორწმუნე მაჰმადიანის რიტუალური სისუფთავე: 1. შარდი 2. განავალი 3. სპერმა 4. გვამი 5. სისხლი 6. ძაღლი 7. ღორი 8. არამართლმორწმუნე (ყაფარი) 9. ღვინო 10. ოფლი აქლემისა და იმ ცხოველებისა, რომლებიც უწმინდურებად მიიჩნევიან...

ჩვენთან როგორღა იყო საქმე?

საქართველოს ისტორია, მისი წყაროები უკიდურესად მწირია ყოფითი კულტურის დეტლებით. თითქმის უცნობია, რა ნივთებს გამოიყენებდნენ ჩვენი წინაპრები სანიტარულ-ჰიგიენური თვალსაზრისით. ჩვენდა სამწუხაროდ, არც ჟამთააღმწერლის და არც რომელიმე მდივან-მწიგნობრის მახვილ თვალს საპირფარეშოში არ შეუხედავს... სამაგიეროდ კარგად გვახსოვს ახლო წარსული: ტუალეტი ანუ „0-0“ საბჭოთა მოქალაქის ყოფითი კულტურის აბსოლუტური ნული იყო, რაც კარგად არის ნაჩვენები ცნობილი საბჭოთა დისიდენტისა და პოლიტიკური პატიმრის, ანდრეი ამალრიკის ავტობიოგრაფიულ წიგნში „დისიდენტის ჩანაწერები“ (Амальрик А.А. Записки диссидента), რომელშიც ავტორი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ უბირ პატიმრებს სრულიად უსარგებლო პოლიტმეცადინეობებით ტანჯავდნენ მაშინ, როცა ბევრმა მათგანმა არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო საზოგადოებრივ ტუალეტში:

„მეტად სასარგებლო იქნებოდა ლექცია საპირფარეშოებით სარგებლობის შესახებ. ...მით უფრო, რომ იქაურობა დატბორილია გაყინული შარდითა და სავსეა ფეკალური გროვებით. როგორღაც ერთხელ ვკითხე ჩემს ახალგაზრდა მეზობელს: „მისმინე, მეგობარო, ნურც საყვედურად მიიღებ და ნურც შენიშვნად, მაგრამ რატომ ფსამ ახლა პირდაპირ იატაკზე და არა ხვრელში?“ მანაც თავის მხრივ გაოცებულმა შემომხედა და მიპასუხა: „განა, სულერთი არ არის?“.

აი, ასე სულ ერთი იყო საბჭოთა ხელისუფლებისათვისაც, ტუალეტის ქაღალდს იყენებდნენ საბჭოთა მოქალაქეები თუ - გაზეთებს, წიგნების ფურცლებსა თუ შპალერის ნახევებს. არსად, არც აეროპორტების, არც რესტორნების, არც სამთავრობო დაწესებულებების, არც ბაგა-ბაღების, სკოლებისა და არც უმაღლესი სასწავლებლების ტუალეტებში, ვერსად ვერ ნახავდით ტუალეტის ქაღალდს, რომელიც, პირველადი მოხმარების კი არა, ნამდვილი ფუფუნების საგანი იყო... თუმცა მაშინ, "განვითარებული სოციალიზმის" ეპოქაში ფუფუნების საგანი იყო ლამის ყველაფერი და ამ ვითარებას ზოგიერთი ქართველი საბჭოთა მწერალი და ჟურნალისტი ასეთი არგუმენტით ამართლებდა:

„ვინ თქვა, რომ სოციალიზმი მარტო ფუფუნებაა, რძის მდინარეები და კისელის ნაპირებია? ვინც ასე ფიქრობს, მარქსის ჯერ კიდევ ადრინდელ ნაშრომებს (მაგალითად, „18 ბრიუმერი ლუი ბონაპარტისა“) ჩახედოს, ლენინს დაეკითხოს, ამხანაგ ბრეჟნევის მოსაზრებანი გაიხსენოს.“ („ლიტერატურული საქართველო“, 1980 წ. 7 მარტი).

სტატიის ავტორისა და საბჭოთა იდეოლოგების ამგვარი უნამუსობით აღშფოთებულმა აკაკი ბაქრაძე, თავის „მწერლობის მოთვინიერებაში“ დაწერა, რომ ეს არის გამძღარის დარიგება, რომელიც დამშეულებმა ასე გავიგეთო:

„როცა ხორცი არ არის, მარქსის „18 ბრიუმერი“ უნდა წავიკითხოთ, როცა ყველი არ არის – ლენინის თხზულებანი, მაგრამ ერთი კითხვა მაინც დაგვრჩა: როცა ტუალეტის ქაღალდი არ არის, მაშინ მარქსიზმ-ლენინიზმის რომელი კლასიკოსი წავიკითხოთ?“

ცხადია, საბჭოთა ტუალეტებში კომუნიზმის ყველა კლასიკოსს „კითხულობდნენ“, მაგრამ „კითხულობდნენ“ ფრაგმენტულად, პერიოდულობით და, რაც მთავარია, იძულებით და დიდი ტკივილით... ალბათ ეს ტრამვაც არის - კოლექტიურ ქვეცნობიერში დალექილი ტკივილი, რომელიც რბილი და სუფთა ქაღალდის მარაგის შექმნისკენ გვიბიძგებს; ალბათ, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია სხვების შიშები და ქცევაც, რომელიც, როგორც წესი, გადამდებია ხოლმე; ალბათ ასევე გვაცდუნებენ გაჩენილი რიგები, რომლებიც ჩადგომას და ისეთი ნივთების შეძენას გვაიძულებენ, რომლებზეც რიგის დანახვამდე არ გვიფიქრია... მოკლედ, მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს, თუმცა იმაზე უკვე შევთანხმდით, რომ საკუთარი სხეულის ნაწილზე ზრუნვა სამარცხვინო არ არის, იქნება ეს ნაწილი სახე, პირი თუ უკანალი. სხვა ამბავია ზომიერების დაცვა, რაც ყველა პირობებში გვმართებს: თავზე ზრუნვამ, ცხადია, სახე არ უნდა დაგვაკარგვინოს!

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG