Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თქვენც დაბერდებით და გამოგადგებათ!“


სიღნაღის მერია. ილუსტრირებული ფოტო
სიღნაღის მერია. ილუსტრირებული ფოტო

„შეიქმნას ქიზიყელი ხანდაზმულებისთვის და უფროსი თაობისთვის შემეცნებითი და კულტურული პროგრამები“, - სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 60 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებმა, „ცოდნის კაფესთან“ ერთად, მოამზადეს პეტიცია და 500-ზე მეტი ხელმოწერით ადგილობრივ მერიას წარუდგინეს. ხელმომწერები მერიისგან მოითხოვენ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოიყოს მიზნობრივი დაფინანსება, რომელიც კონკრეტული პროგრამების განხორციელებას მოხმარდება. იმ შემთხვევაში, თუ მერია დაფინანსებას გამოყოფს, „ცოდნის კაფეს“ უფროსი თაობის კლუბის წევრები არაერთ ღონისძიებას გამართავენ 2024 წლის განმავლობაში, მათ შორის:

  • ლექციები და შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან
  • ფსიქოლოგის მომსახურება
  • ხელსაქმის შესწავლა
  • გონებრივი სავარჯიშოები
  • ფიზიკური გაჯანსაღების ვარჯიშების სწავლება
  • დღესასწაულების ერთად აღნიშვნა
  • მოხალისეობრივ საქმიანობებში მონაწილეობა
  • ზღაპრების წაკითხვა პატარებისთვის
  • ექსკურსიები და სხვა.

ამისთვის მათ 65 ათასი ლარი სჭირდებათ. „ცოდნის კაფეს“ უფროსი თაობის კლუბის წევრები 20 დეკემბერს სიღნაღის საკრებულოში 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაზე მივიდნენ იმის სათქმელად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ის პროექტი, რომლის დაფინანსებასაც ითხოვენ.

სიღნაღის საკრებულოს სხდომა
სიღნაღის საკრებულოს სხდომა

76 წლის ზაირა ჯარიაშვილი ინგლისურისა და რუსული ენების სპეციალისტია. 25 წელი საჯარო სკოლაში მუშაობდა, შემდეგ დაახლოებით 6 წელი - თურქეთში. რამდენიმე წელია მშობლიურ მუნიციპალიტეტში დაბრუნდა და როგორც საკრებულოს სხდომაზე თქვა, ჯერ კიდევ შეუძლია აქტიური ცხოვრებით იცხოვროს.

„გთხოვთ და ვითხოვთ, რომ ჩვენ, პენსიონერებს გვქონდეს ჩვენი ბიუჯეტი. ჩვენ ის თაობა ვართ, რომლებმაც გადავიტანეთ ომი, კომუნისტური რეჟიმი და ათასი უბედურება... გვაგრძნობინეთ თავი, რომ ჩვენც ღირებული და საჭირო ვართ თქვენთვის. ახალგაზრდები ჩვენგან მოელიან გამოცდილების გაზიარებას. გთხოვთ, კიდევ ერთი მუხლი მიუმატეთ ბიუჯეტს და ხანდაზმულებს მოგვეცით საშუალება, ჩვენი იდეები და სურვილები რეალობად ვაქციოთ. თუ ეს მოხდება უკვე 2024 წლიდან, ეს მომავალში ტრადიციად იქცევა... გახსოვდეთ, რომ თქვენც მოხუცდებით და ასეთი დაფინანსება თქვენთვისაც იქნება“, - მიმართა ზაირა ჯარიაშვილმა სიღნაღის მერს მალხაზ ბეგიაშვილს.

ზაირა ჯარიაშვილი - პენსიონერი სიღნაღიდან
ზაირა ჯარიაშვილი - პენსიონერი სიღნაღიდან

„ცოდნის კაფეს“ უფროსი თაობის კლუბი 50-ზე მეტ წევრს აერთიანებს. მათ შორისაა ნუნუ ფხოველიშვილიც. ბიუჯეტის საჯარო განხილვას ისიც დაესწრო:

„სიღნაღის მუნიციპალიტეტში 7800-ზე მეტი პენსიონერი ცხოვრობს. ჩვენ მოგიტანეთ 500-ზე მეტი ხელმოწერა. წარმოგიდგინეთ, რამდენი ადამიანი ელოდება თქვენგან დადებით პასუხს. ჩვენს ღონისძიებებზე არაერთხელ ყოფილხართ მოსული და მხარდაჭერასაც მუდმივად ვგრძნობთ, ბევრია თბილი სიტყვებიც, მაგრამ მარტო თბილი სიტყვები არ არის საკმარისი. ჩვენ გვინდა მხარდაჭერა და დახმარება ჩვენი ბიუჯეტიდან, მაგრამ რასაც ახლა ვისმენ, ეს მხარდაჭერა თქვენგან არ ჩანს. მე პირადად დავდიოდი კარდაკარ და ხელმოწერებს ვაგროვებდი. ბევრი სკეპტიკურადაც გვიყურებდა, არ მოგცემენ დაფინანსებასო... მე საპირისპიროს ვეუბნებოდი, თუმცა, როგორც ჩანს, შევცდი... არ მინდა ცენტრალურ ხელისუფლებას დაემსგავსოთ, რომელიც დაგვცინის - დაგვცინის იმიტომ, რომ 300 და 400 ლარად (პენსიით) თავის შენახვა შეუძლებელია“, - მიმართა ნუნუ ფხოველიშვილმა სიღნაღის საკრებულოს წევრებს და მერს.

პეტიციის ავტორებს სიღნაღის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა უთხრა, რომ საკითხი კარგად შესწავლას საჭიროებს და გადაწყვეტილებაც ამის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული.

ნუნუ ფხოველიშვილი - პენსიონერი
ნუნუ ფხოველიშვილი - პენსიონერი

„ბიუჯეტის პროექტში ეს პროგრამა თუ არა არის ჩაწერილი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მერიამ ამ პროგრამას იგნორირება გაუკეთა, მაგრამ არც იმას არ ნიშნავს, რომ მერიამ ეს პროგრამა ზუსტად ისე მიიღოს, როგორც დამუშავდა. ჩვენ ამ საკითხს ვიხილავთ. მე ხომ არ შემიძლია ასე პირდაპირ მივიღო გადაწყვეტილება, ამ ფულს ასე დავხარჯავ, იმ ფულს ისე დავხარჯავ. თუ არ არის კარგად გაზომილი და შეფასებული, ასე დაფინანსება ვერ მოხდება. ჩვენ ჩვენი შემმოწმებელი გვყავს... შეიძლება სხვა რომელიმე ორგანიზაციამ ლაგოდეხიდან ან დედოფლისწყაროდან იგივე მომსახურებაში არა 65 ათასი ლარი, არამედ უფრო ნაკლები მოითხოვოს, ამიტომ ეს ყველაფერი გასავლელია“, - ასე უპასუხა სიღნაღის მერმა „ცოდნის კაფეს“ უფროსი თაობის კლუბის წევრებს.

მალხაზ ბეგიაშვილი
მალხაზ ბეგიაშვილი

საკრებულოს სხდომაზე იყო მისული „ცოდნის კაფეს“ თანადამფუძნებელი ნანა ბაგალიშვილიც, რომლის თქმითაც, მერის ეს პასუხი ფაქტობრივად უარს ნიშნავს:

„ჩვენ არ ვითხოვთ, რომ გინდა თუ არა, "ცოდნის კაფე" დააფინანსონ... ჩვენ ვითხოვთ, რომ ეს პროგრამა ან მსგავსი დაინერგოს და თუნდაც მუნიციპალურმა აიპებმა განახორციელონ, ან სხვა ორგანიზაციებმა. მთავარია, ეს ხალხი "ცოდნის კაფეს" შემყურე არ იყოს. გასაკვირი ის არის, რომ პროექტის შედგენაში ჩართული იყვნენ მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები სხვადასხვა სამსახურებიდან და კარგად იცოდნენ ყველაფერი, ახლა კი ამბობენ, რომ ბევრი რამეა დასაზუსტებელიო. თუკი ამის ნება იყო, მერიას ბიუჯეტში ეს თანხები უნდა გაეთვალისწინებინა და შემდეგ გადაეწყვიტა, როგორ დააფინანსებდა პროგრამას, მაგრამ ფაქტია, რომ 2024 წელს არ გაითვალისწინეს“, - ამბობს ნანა ბაგალიშვილი, „ცოდნის კაფეს“ თანადამფუძნებელი.

ჩვენ ბიუჯეტიდან დაფინანსება არც აქამდე გვქონია, თუმცა ევროპული და ამერიკული დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ბევრი კარგი საქმე გვაქვს გაკეთებული. მომავალშიც ასე გავაგრძელებთო, - ამბობს ნანა ბაგალიშვილი.

სიღნაღის საკრებულოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი 20 დეკემბერს იმავე სხდომაზე დამტკიცდა, რომელზეც ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართა. ბიუჯეტში, რომელიც 27 მილიონ ლარზე მეტია, არ არის ასახული „ცოდნის კაფეს“ უფროსი თაობის კლუბის წევრების მოთხოვნა.

რას ითხოვენ სიღნაღის პენსიონერები
please wait

No media source currently available

0:00 0:04:52 0:00

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG