Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თქვენ გენაცვალოთ ჟორა მელია!


კედლებზე „ბრძნული აზრებისა“ და საკუთარი სახელების წერის ტრადიცია მრავალ ასეულ წელს ითვლის.

მწერალი მაყვალა მრევლიშვილი სინანულით იხსენებს მეტეხის გაუქმებული ციხის გადაჭრელებულ კედლებს, რომლებმაც იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მომავალ მწერალზე, რომ პატიმრების ნააზრევის (როგორც თვითონ ამბობს, ქალაქური ფოლკლორის მარგალიტების) ფურცლებზე გადატანაც კი დაავიწყდა.

წარწერებითაა გადავსებული საკნის კედლები ჩარლზ დიკენსის „ორი ქალაქის ამბავში“:

„შიდა კედლების ყველა ქვა წარწერებით ყოფილა დაფარული: ტუსაღების სახელებით, გვარებით, მათი დაბადების თარიღებით, საჩივრებითა და ლოცვებით. ერთ-ერთ კუთხეში ქვაზე ერთ ტუსაღს, რომელიც, სავარაუდოდ, სიკვდილით უნდა დაესაჯათ, ოთხი ასო ამოუკვეთია. ქვაზე ნაკაწრები აკანკალებული ხელით, ნაჩქარევად, სახელდახელო იარაღით გაუკეთებია, რამეთუ ასოები მთლად გასაგები არ ყოფილა...“

„ვანდალების“ გამორჩეულად საყვარელი ადგილია საზოგადოებრივი ტუალეტები. საპირფარეშოებში წერის ვნება იმდენად ძლიერი ყოფილა ძველ რომში, რომ, ვანდალიზმის პრევენციის მიზნით, შესასვლელში სპეციალურად მაგრდებოდა აბრები შემდეგი წარწერით: Deus videt omnia - ღმერთი ყველაფერს ხედავს.

...თუმცა ერთია საპატიმროებისა და საპირფარეშოების კედლების წაბილწვა და მეორე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების - ეკლესიების ფასადების, ფრესკებისა და სხვა ნაწილების - ხელყოფა, რასაც ადრეც ჰქონდა ადგილი და რასაც ახლაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით. გასული საუკუნის 70-იან წლებში პოეტ მიხეილ ქვლივიძეს ვარძიაში ნანახმა წარწერებმა შემდეგი ლექსი დააწერინა:

მე ამ კამარებს დიდად ვაფასებ,
მაგრამ სულ სხვაა და ფასობს მეტად
თამარ დედოფლის კაბის კალთაზე
ამოკაწრული “Хачик и Света“.
იქვე, ქართულად: „რეზო+ლანა“...
ხელმარჯვნივ: „Рубик из Еревана“.
„Нина Петровна,
Игорь,
Донат –
Семипалатинский промкомбинат...“
და ბოლოს, ქვემოთ (იქ სხვა ხელია):
“თქვენ გენაცვალოთ ჟორა მელია!“
ჩვენი სიძველის და ისტორიის
აქ შეუძლია სუყველას ნახვა
და უზარმაზარ ტრანზისტორივით
მოჩანს ტურბაზა მდინარის გაღმა...

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ამ ფორმით ხელყოფა დიდად აღელვებდა კონსტანტინე გამსახურდიასაც, რომელიც ლამის 100 წლის წინ თავის Magnum opus-ში („მთვარის მოტაცება“) საგანგებოდ შეეხო ამ საკითხს: რომანის მეორე ტომში თარაშ ემხვარი ევროპაში ცხოვრების პერიოდს იხსენებს და ჰყვება, როგორ გადაწყვიტა პიაცა დელ პოპოლოზე ჰიაცინტების ყიდვა თანმხლები ქალისათვის. ყვავილების გამყიდველი იმ ობელისკის ქვეშ იდგა, რომელიც ოდესღაც ჰელიპოლის მზის ტაძარს ამკობდაო, წერს ავტორი, რომლის თქმითაც, გამხდარ, გაყვითლებულ მუშა ქალს ცალ ხელში ეჭირა დამშეული ლეკვი, რომელიც ძლივს ახამხამებდა თვალებს.

ყვავილების ყიდვისას ქალი ლეკვს ძირს დასვამს. ძაღლი წაცუნცულდება და თავისი ჯიშის წესს შეასრულებს: მზის ტაძრის ობელისკს შარდს მიასხამს. ძაღლის ამ ქმედებას ავტორი საგანგებო მინაწერით ეხმიანება:

„განა მარტო ძაღლებს სჭირთ ეს სენი? წარსული კულტურის ძეგლთან რომ მიიყვან ცოცხალს, იმ წუთშივე გაამჟღავნებს თავის ბუნებას. განა მრავალჯერ ათასი მოგზაური სიამოვნებით არ ბილწავს ისტორიულ ძეგლებს? უძველეს ფრესკებს თვალებს უფხაჭნიან, ჩუქურთმებს ყორეებში ყრიან ან გომურების შესაკეთებლად ხმარობენ. ტაძრებსა და საკურთხევლებს ბილწავენ და შემდეგ იქვე უსირცხვილოდ აწერენ: ამა და ამ წელს აქ იყვნენო: ლადო, შურა, არტაშ, ვიტია, მიტია და ჩერემუხოვი. ასე ებღაუჭება უკვდავებას ყოველი არამზადა!“

თუმცა ის, რაც მწერლისთვის უკვდავებაზე ჩაბღაუჭებაა, იურისტების ენაზე „კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებაა“ და დანაშაულად ითვლება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259 (​2)-ე მუხლის (კულტურული მემკვიდრეობის დაზიანება ან განადგურება) მიხედვით:

  • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ან საქართველოს კანონმდებლობით დაცული სხვა კულტურული მემკვიდრეობის განზრახ დაზიანება ან განადგურება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
  • ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის განზრახ დაზიანება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
  • ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის განადგურება, ასევე მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლის დაზიანება ან განადგურება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე.
  • ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი გაუფრთხილებლობით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG