Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თხილის პრობლემების შესასწავლად სპეციალისტები კარდაკარ ივლიან


თხილის კულტურის გადარჩენის მიზნით სპეციალისტებით დაკომპლექტებული კომისია “კარდაკარის” პრინციპით იმუშავებს. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინიციატივით შექმნილი ჯგუფი თხილის კულტურაზე გავრცელებული პრობლემის შესასწავლად სოფლებში ჩასვლას აპირებს. ისინი, დათვალიერების პარალელურად, ადგილზეც გასცემენ რეკომენდაციებს.

სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში იქნებიან მუნიციპალიტეტების მერიის თანამშრომლები, სოფლების რწმუნებულები, საკრებულოს წევრები, ექსპერტები და მეცნიერები. როგორც ახალი ინიციატივის წარდგენისას გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ თქვა, მოქალაქეებს რეგიონის წარმატებული ფერმერები თავიანთ პრაქტიკას გაუზიარებენ.​

„ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ და ამ დარგში მოვახდინოთ ძირეული გარდაქმნა. მოვახდინოთ სისტემატიზაცია. თუ ჩვენ ვერ შევქმნით ჩვენი ფერმერების სისტემას, თუ როგორი ფორმით იქნებიან ისინი ჩართულები, როგორი ფორმით შეძლებს სახელმწიფო მათ დაეხმაროს, ჩვენ ვერ მივიღებთ შედეგს“, - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ.

ფაროსანა
ფაროსანა

სამუშაო ჯგუფში ჩართულია „თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი თოდუა. ის ამბობს, რომ სწორი მიდგომებით, სპეციალისტებისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწერილი რეკომენდაციების გათვალისწინებით, შესაძლებელია კარგი მოსავლის მიღება:

„გვაქვს ძალიან წარმატებული მაგალითები, გყვავს წარმატებული ფერმერებიც, რომლებმაც აგროღონისძიებები ჩაატარეს აგროვადებში. აქ არ არის საუბარი მარტო წამლობაზე, აქ არის ბევრი სხვა ნიუანსი. აქ ნიადაგის ნაყოფიერებაზეა საუბარი, ასევე სხვა დეტალებზე, რაც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული იმისათვის, რომ მივიღოთ მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი“.

კომისიის შექმნა დაგვიანებულად მიაჩნია რადიო თავისუფლების მიერ გამოკითხული რესპონდენტების ნაწილს. ისინი ფიქრობენ, რომ აზიური ფაროსანა კვლავ რჩება თხილის მთავარ პრობლემად და სახელმწიფოს მიერ შეწამვლამ შედეგი მხოლოდ ზოგიერთ სოფელში გამოიღო. გლეხები ეჭვობენ, რომ უკონტროლობის გამო ყველგან ერთნაირად კარგად სამუშაოები არ ჩატარებულა:

„ეს საარჩევნოდ გაახსენდა ამ მთავრობას, ვერ გავიგე?“

„ფაროსანა არ მომკვდარა, მრავლდება. ამას უნდა შემოწმება, შეწამლეს თუ არა“.

„ესენი რომ წამლავენ მანქანებით, ეს არ შველის. საჰაეროთი უნდა მოწამლონ. ასე შეიწამლება ხეც, ყანაც, სახლიც და ყველაფერი“.

„როცა ფაროსანა იწყებს გამოჩეკას, მაშინათვე რომ იყოს შეწამვლა, ეს ჯობია ყველას“.

„500 კილო კი იქნებოდა წელს თხილი, მაგრამ იმდენად უვარგისი იყო, არც ერთი არ ამიღია წელს“, - აცხადებენ რესპონდენტები.

სოფლის მცხოვრებლები ეთანხმებიან სპეციალისტებს, რომ სახელმწიფოს მიერ ჩატარებულმა სამუშაოებმა შედეგი იქ გამოიღო, სადაც გლეხიც საკუთარი ძალებით ჩაერთო. მათი თქმით, მიუხედავად დიდი სურვილისა, ყველას ამის შესაძლებლობა არ აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG