Accessibility links

რა შეიცვალა მედიის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებაში?


რა შეიცვალა მედიისადმი ხელისუფლების დამოკიდებულებაში მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა? ბათუმში ბოლო 20-25 წლის განმავლობაში მოქმედ ჟურნალისტებს ყველაზე მძაფრად 90-იანი წლები და რეგიონის მაშინდელი მთავრობის მეთაურის, ასლან აბაშიძის, მმართველობის დრო ახსოვთ, როცა ჟურნალისტებს ფიზიკურადაც კი უსწორდებოდნენ. ჟურნალისტი ნათია ზოიძე ამბობს, რომ ამ გამოცდილების გათვალისწინებით, შესაძლებელია, დღეს ცვლილებები არის, მაგრამ კრიტიკული მედიის მიმართ ლოიალური არც მაშინ იყო ხელისუფლება და არც ახლაა:

„ვფიქრობ, ეს არის ნორმალური, იმიტომ რომ კრიტიკული მედია არც ერთ ხელისუფლებას არ უნდა მოსწონდეს, მაგრამ პატივს უნდა სცემდეს, თუ მასში დემოკრატიის ხარისხია მაღალი. თუმცა ჟურნალისტიკა, რომელიც მუდმივად ორიენტირებულია პრობლემაზე და მუდმივად ორიენტირებულია ხელისუფლების მონიტორინგზე, ცხადია, არ ეყვარებათ არსად და მედიისადმი ეს დამოკიდებულება აერთიანებდა ასლან აბაშიძის, სააკაშვილისა და დღევანდელ ხელისუფლებასაც. აბაშიძის დროს ცოტა უფრო განსხვავებული ვითარება იყო - იქ ხდებოდა ჟურნალისტების ფიზიკური დევნა“.

თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი გახდება BBC-სთან მიახლოებული, - აი, რომ წარმოვიდგინოთ, - მაშინ შეუძლებელი იქნება და აღარ იარსებებს პოლიტიკური ინსტრუმენტი ან ძალა, რომელიც ამ არხს გააკონტროლებს...
ეთერ თურაძე

სწორედ ასლან აბაშიძესთან 2003 წელს ჩაწერილი ინტერვიუ გაახსენდა გაზეთ „ბათუმელების“ რედაქტორს, ეთერ თურაძეს, როდესაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, ინტერვიუ პირდაპირ ეთერში მოისმინა:

„სწორედ ასეთი ცინიკური დამოკიდებულება იყო, როცა ვიხსენებ ინტერვიუს, და მსგავსი შეგონებები ჰქონდა და როდესაც ჩვენ მას ვუსვამდით კრიტიკულ შეკითხვებს, მისი პასუხი იყო, რომ რატომ გგონიათ, რომ თქვენ ხართ ხელშეუხებელნი, როდესაც სადღაც ჟურნალისტებს კლავენ. გუშინ ასეთი მძაფრი მესიჯი არ ყოფილა და ეს არის კარგი“.

თუმცა როგორი დამოკიდებულება აქვს მედიის მიმართ ხელისუფლებას დღეს და როგორი ჰქონდა ყოფილ ხელისუფლებას მანამდე, კარგად ჩანს საზოგადოებრივი მაუწყებლის მაგალითზე, ამბობს ეთერ თურაძე. მისი აზრით, მოქმედი ხელისუფლება ისეთსავე პოლიტიკას ატარებს, როგორიც 2012 წლამდე ჰქონდა მმართველ გუნდს. სწორედ ამიტომ ცვლილებები ხალხის ფულით დაფინანსებულ ტელევიზიაში არ არის შესამჩნევი და ამას თავისი მიზეზები აქვს:

„თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი გახდება BBC-სთან მიახლოებული, - აი, რომ წარმოვიდგინოთ, - მაშინ შეუძლებელი იქნება და აღარ იარსებებს პოლიტიკური ინსტრუმენტი ან ძალა, რომელიც ამ არხს გააკონტროლებს. ეს იქნება ძალიან დიდი კატალიზატორი მედიის მიუკერძოებლობის. საზოგადოებრივი მაუწყებელი კი სწორედ ეს ინსტრუმენტია, მას ერთხელ თუ გაუშვებ, ვეღარ დაიბრუნებ, იმიტომ რომ ის გახდება საზოგადოების კუთვნილება და ძალიან გაჭირდება მისი დაბრუნება და ეს იმას ნიშნავს, რომ შენ რაც არ უნდა ტელევიზია შექმნა, ამის საპირწონე ვეღარ იქნება. ამიტომ არის, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე წლების განმავლობაში დაუსრულებლად იხარჯება მილიონები და საზოგადოებრივ მაუწყებელს არც პულსი ესინჯება და არც მცდელობაა, რომ რამე შეიცვალოს“.

ჩვენი ტიპის ჰიბრიდული დემოკრატიის ქვეყნებში, სამწუხაროდ, მაღალი სტანდარტის მქონე მედიის არსებობა არის პრობლემური, ანუ პროფესიული მედიის, რომელიც თან იქნება მასობრივი და თან ბოლომდე დაიცავს ჟურნალისტურ სტანდარტს...
თამარ მამეიშვილი

სატელევიზიო მედიაგარემოში მრავალფეროვნების არარსებობას ასახელებს მთავარ გამოწვევად დემოკრატიის სკოლის კოორდინატორი თამარ მამეიშვილი. მისივე თქმით, ტელევიზორის მაყურებელს ცუდსა და უარესს შორის უწევს არჩევანის გაკეთება. თუმცა ის ფიქრობს, რომ პოლარიზებული მედიის პირობებშიც კი კრიტიკული სიტყვის არსებობა აუცილებელია.

„ჩვენი ტიპის ჰიბრიდული დემოკრატიის ქვეყნებში, მაღალი სტანდარტის მქონე მედიის არსებობა არის პრობლემური. ამ სიტუაციაში, ამ პარტიული ტელევიზიების პირობებში, როდესაც პოზიციები აბალანსებს ერთმანეთს, სახელისუფლებო მედიასაშუალებების საპირწონედ უნდა არსებობდეს მეორე ძალის, თუნდაც პარტიული, ტელევიზია“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG