Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ია კერზაია პოლიტიკური შეხედულებების გამო დასაჯეს - რას ამბობს ISFED-ის ანგარიში


ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირების შედეგად გაცემული რეკომენდაციები ორიენტირებული იყო დირექტორის, ია კერზაიას, დასჯაზე - ასეთია არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" (ISFED) დასკვნა. ანგარიშში წერია, რომ სკოლაში ინსპექტირება დაჩქარებულად ჩატარდა, დასკვნები კი გაზვიადებულია და მასში არ არის გათვალისწინებული სკოლის დირექტორის არგუმენტები.

ეს საქმე პოლიტიკურ საფუძველზე დისკრიმინაციის ნიშნების მატარებელია, - აცხადებს “სამართლიანი არჩევნები“. სწორედ ამ მიმართულებით სწავლობს საქმეს სახალხო დამცველი. როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, ია კერზაიას სახელი აუცილებლად მოხვდება ომბუდსმენის წლიურ ანგარიშში.

შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტს “სამართლიანი არჩევნები” რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალით ამყარებს, რომელიც მათ მიერ შესწავლილი დოკუმენტაციის საფუძველზე იკვეთება და კითხვებს აჩენს:

  • ვისი განცხადების საფუძველზე დაიწყო ინსპექტირება?
  • რატომ დააჩქარეს ვადები?
  • იყო თუ არა დირექტორის გადაყენება სკოლაში აღმოჩენილი დარღვევების გადაჭრის გზა?
  • რატომ არ გაითვალისწინეს ია კერზაიას ახსნა-განმარტება საბოლოო დასკვნაში?

მმართველ პარტიაში “სამართლიანი არჩევნების” დასკვნას არ იზიარებენ. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ორგანიზაციას “მეტი ობიექტურობა მართებს”. “„ია კერზაიას საკითხზე პარლამენტში დეტალური განხილვა და მსჯელობა იყო. შესაბამისად, ასეთი მკვეთრი განცხადება, რომ ამ საქმეში პოლიტიკური სარჩული იყო, რა თქმა უნდა, მიუღებელია”, განაცხადა მან.

დარღვევები განაცხადის მიღების პროცესში

ამ დრომდე უცნობია, კანონის დაცვით მოხდა თუ არა იმ განაცხადის მიღება, რის საფუძველზეც 2018 წლის არჩევნების პერიოდში ზუგდიდის #6 საჯარო სკოლაში ინსპექტირება დაუყოვნებლივ დაიწყო. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის წინააღმდეგ შემოსული განცხადების ავტორი ლავრენტი ქირია იყო, რომელიც, ზუგდიდის იუსტიციის სახლის მონაცემთა ბაზის თანახმად, წლების წინ გარდაიცვალა. განმცხადებლის მიერ დაწერილი წერილი კი ამ შინაარსის იყო:

“სამართლიანი არჩევნების” ანგარიშში წერია, რომ, კანონის თანახმად, თუ განმცხადებლის ვინაობა, მისამართი და თანდართული საბუთების ნუსხა არ იყო ურთიერთშესაბამისობაში და სამინისტრომ ადმინისტრაციული წარმოება მაინც დაიწყო, მაშინ ეს სამსახურებრივი გულგრილობის ნიშნებს ატარებს, ხოლო თუ საქმის წარმოებას ანონიმური განცხადება დაედო საფუძვლად, ეს უკანონო გადაწყვეტილებაა და ეწინააღმდეგება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

საათებში მიებული გადაწყვეტილებები

ზუგდიდის #6 საჯარო სკოლაში ინსპექტირება ვინმე ლავრენტი ქირიას წერილის მიღებიდან მეორე დღესვე დაიწყო. მოქალაქის განცხადების რეგისტრაციისთანავე მინისტრის ბრძანება ინსპექტირების დაწყების თაობაზე ერთგვარ გამონაკლისს წარმოადგენს. ეს მოხდა სულ 2 შემთხვევაში 2016 წელს, 4 შემთხვევაში 2018 წელს და 1 შემთხვევაში 2019 წელს.

8 ნოემბერს, #6 ზუგდიდის საჯარო სკოლის გარდა, კიდევ ორი განცხადება შევიდა სამინისტროში ორ სხვა სკოლაზე, სადაც ინსპექტირება იმავე ვადებში დაიწყო. უცნობია, როგორ მოხდა სამი სხვადასხვა სკოლის ინსპექტირების შესახებ გადაწყვეტილების ერთ დღეში მიღება. “სამართლიანი არჩევნების” თქმით, ეს მცირე დროა მსგავსი დაწესებულებისთვის განცხადების შესასწავლად და მინისტრის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელზეც ყურადღებას მანამდე “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ამახვილებდა, არის ის, რომ მას მერე, რაც სამინისტროში განაცხადი შევიდა, ის ხუთმა მოხელემ 8 წუთში განიხილა.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის განმავლობაში სამინისტრომ საქართველოში სულ 7 ინსპექტირება ჩაატარა. აქედან 6 არჩევნების პერიოდში განხორციელდა.

იყო თუ არა დირექტორის გათავისუფლება აუცილებელი?

ინსპექტირების დასკვნის შესახებ „სამართლიანი არჩევნები“ აღნიშნავს, რომ დოკუმენტის ტონი და გაცემული რეკომენდაციები სკოლაში აღმოჩენილ დარღვევებს დრამატულად წარმოაჩენდა, ხოლო გამოვლენილი არც ერთი დარღვევა არ იყო სერიოზული. მათი გადაჭრისთვის ია კერზაიას გათავისუფლება აუცილებლობას არ წარმოადგენდა.

კერძოდ, წყალთან დაკავშირებული სანიტარიულ-ჰიგიენურ პრობლემებზე სკოლას თავად ჰქონდა რესურსცენტრისთვის ინფორმაცია მიწოდებული. გარდა ამისა, ინსპექტირება დირექტორს მუსიკისა და ცეკვის სასწავლებლისთვის სკოლის ფართის დარღვევებით მიქირავებას ედავებოდა. “სამართლიანი არჩევნების” აზრით, არგუმენტები ბუნდოვნად იყო განმარტებული.

ია კერზაიამ 22 ნოემბერს სამინისტროს მიმართა ახსნა-განმარტებით, სადაც აღნიშნავს, რომ სადავოდ გამხდარი ფართის გაქირავების მომენტში სკოლა მოქმედებდა მოსწავლეების ინტერესებიდან გამომდინარე და არ არსებობდა არანაირი კომერციული ინტერესი.

ინსპექტირების დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ სკოლამ აუდიტი ჩაატარებინა ორგანიზაციას, რომელსაც ლიცენზიის მოქმედების ვადა ამოწურული ჰქონდა. “სამართლიანი არჩევნების” მიერ შეგროვებული მონაცემებით ირკვევა, რომ ამ ორგანიზაციასთან საქმე რეგიონის კიდევ რამდენიმე სკოლას ჰქონდა და მეექვსე სკოლა არ იყო გამონაკლისი.

ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია, “სამართლიანი არჩევნების” ანგარიშს სავსებით ეთანხმება. მისი თქმით, სკოლაში ჩატარებული ინსპექტირება პოლიტიკურად იყო მოტივირებული და მასში ადგილობრივი რესურსცენტრიც უკანონოდ იყო ჩართული.

„გვაქვს მტკიცებულებები, რომ მიხეილ ჭკადუა, რესურსცენტრის თანამშრომელი, აწარმოებდა სკოლაში დათვალიერების ღონისძიებებს, იღებდა ახსნა-განმარტებებს დირექტორისა და მისი მოადგილისგან. სავარაუდოდ, რესურსცენტრივე აწვდიდა ისეთ ცნობებს ინსპექციას, რომელიც მათ შეიძლებოდა გამოეყენებინათ დასკვნის გასამწვავებლად“, ამბობს ბაჩანა შენგელია.

მეექვსე სკოლის დირექტორის შვილი ასევე იხსენებს, რომ განსაკუთრებით მძიმე იყო ია კერზაიასთვის ინსპექციასთან ურთიერთობის პროცესი, რომლის დროსაც მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა. მას ეუბნებოდნენ, რომ თუ სკოლის საქმეების შესახებ არასწორ ინფორმაციას მიაწვდიდა ინსპექტორებს, დააკავებდნენ, რისი უფლებაც, სინამდვილეში, მათ არ ჰქონდათ.

ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ინსპექტირების შემდეგ სამინისტრომ დედამისის არც ერთი ახსნა-განმარტება არ გაითვალისწინა.

მას მერე, რაც შემოწმება დასრულდა, 22 ნოემბერს, ია კერზაიას სამინისტროში წარდგენილი აქვს განმარტებითი ბარათი, რომელშიც აღწერილია, რას აპირებს სკოლა გამოვლენილი დარღვევების გამოსასწორებლად. დირექტორი მიუთითებს, რომ სკოლა ითვალისწინებს შენიშვნებს და რეკომენდაციებს და ერთ თვეში აღმოფხვრის ყველა პრობლემას. თუმცა ის თანამდებობიდან მაინც გადააყენეს.

2018 წლის 9 დეკემბერს ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია ინსულტის შედეგად გარდაიცვალა. მანამდე ის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მის მიმართ განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლაზე ლაპარაკობდა. სკოლის დირექტორი ამბობდა, რომ მას “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის, სასარგებლოდ აგიტაციას სთხოვდნენ, რაზეც მან უარი განაცხადა.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG