Accessibility links

"მინდოდა შემექმნა პლატფორმა, რომელიც ყველას მისცემდა შესაძლებლობას გამოეხატა საკუთარი აზრი. ...ლიდერობს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა"


ია წეროძე, "ჯორჯიაკრატიის" დამფუძნებელი

ია წეროძე ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტია. ერთი თვის წინ მან დააფუძნა საზოგადოებრივი ჩართულობის პლატფორმა „ჯორჯიაკრატია“ (georgiacracia.org), რომელზე შესვლისას მომხმარებელს ხვდება კითხვა „რომელია თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი?“ და 50 საკითხის 1000-ზე მეტი წყვილი, რომელშიც მან ერთი - მისთვის უფრო მნიშვნელოვანი უნდა აირჩიოს. მაგალითად, საკითხების წყვილი შეიძლება იყოს ასეთი:„რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირება“, თუ „მეტი ქალი დეპუტატი პარლამენტში“.

ია წეროძე რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს:

„მთავარი მიზანი და ინსპირაცია, რომ დამეწყო ეს პლატფორმა - „ჯორჯიაკრატია“, იყო ალბათ სწორედ ის, რომ ამ წუთას ვიმყოფები საქართველოდან ძალიან შორს, ფიზიკურად ვერ ვიყავი ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში ძალიან აქტიურად და ეს ჩემთვის ძალიან რთული იყო.

ეს ამ ზაფხულს იყო ყველაზე მძაფრად გამოვლენილი ჩემს ცხოვრებაში, როცა საქართველოში უამრავი მოვლენა განვითარდა. ჩემი მეგობრები ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები ამ პროცესებში. მე კი ამას ვერ ვახერხებდი მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ვიყავი ფიზიკურად ძალიან შორს და დარწმუნებული ვარ, რომ მარტო მე არ ვიყავი ის ადამიანი, რომელიც ამას ძალიან განიცდიდა.

...შესაბამისად, მინდოდა შემექმნა ისეთი პლატფორმა, რომელიც შესაძლებლობას მისცემდა ყველა ადამიანს გამოეხატა საკუთარი აზრი. მივხვდი, რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუ ამ პლატფორმას შევქმნიდით ელექტრონულად, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით. ძალიან გამიმართლა, რომ ვიმყოფები ისეთ ადგილას, სადაც ძალიან ბევრი რესურსია. მინდოდა მისი მაქსიმალურად გამოყენება და მომეძიებინა ტექნიკური მხარდაჭერა. შინაარსობრივად რაც არის ვებგვერდზე, ჩემი შედგენილია, თუმცა ტექნიკური მხარდაჭერა ვეცადე, რომ ყოფილიყო ჰარვარდის და მასაჩუსეტსის ტექნიკური ინსტიტუტის(MIT) და ძალიან გამიმართლა, რომ ჩემს ინიციატივას მოჰყვა ორივე უნივერსიტეტის მხრიდან მხარდაჭერა“.

პლატფორმის წარმატება, შედეგების სამეცნიერო კვლევისთვის ვალიდურობის მხრივ, დამოკიდებულები იქნება მომხმარებლების სიმრავლეზე. ისე კი, ნებისმიერ მომხმარებელს საიტზე შესვლისას, შეუძლია ნახოს როგორია საკითხების პრიორიტიზაცია იმ მოცემული მომენტისთვის. ახლა, მაგალითად, სიის სათავეშია: სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, განათლების ხარისხის გაუმჯობესება საჯარო სკოლებში, სახელმწიფოს მიერ დასავლური კურსის შენარჩუნება, რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირება, მოსამართლეების მაღალი კომპეტენცია და მიუკერძოებლობა.

ია წეროძე რადიო თავისუფლების ეთერში იმყოფებოდა სწორედ იმ ღამის შემდეგ, როცა თბილისის მერიამ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან კარვები აიღო, ნაგვის მანქანებით გაიტანა და სანაცვლოდ საბავშვო ატრაქციონები დადგა.

საბავშვო ატრაქციონი, თუ პროტესტის გამოხატვის უფლება და კარვები პარლამენტის წინ? ია წეროძის პასუხი:

„აზრის გამოხატვის უფლება ყველაზე მაღლა დგას ჩემთვის და არის პრიორიტეტი, რადგან ეს არის დემოკრატიული პრინციპების ხარისხის ერთ-ერთი მაჩვენებელი. თუ შეხვალთ ჩვენს პლატფორმაზე, ერთ-ერთი პირველი, რასაც წაიკითხავთ, რომ „ჯორჯიაკრატია“ ემსახურება დემოკრატიულ პრინციპებს“.

პლატფორმა „ჯორჯიაკრატია“ განვითარდება. მაგალითად, იანვრიდან დაემატება შესაძლებლობა, რომ მოხმარებელმა შეძლოს თავისი შეთავაზება დაამატოს ვებგვერდს. თუკი შეთავაზებას ექნება გარკვეული რაოდენობის მომხმარებლის მხარდაჭერა, ის დაემატება კითხვარს.


დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG