Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილის ქონება და "გლობალური ომის პარტია" - რა ამოძრავებს "ოცნების" მილიარდერ დამფუძნებელს


ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ კონტრაქციაზე. 29 აპრილი, 2024 წელი.
ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ კონტრაქციაზე. 29 აპრილი, 2024 წელი.

რა არის გლობალური ომის პარტია? ვინ არიან წევრები? - „ქართული ოცნება“ მეორე წელია ლაპარაკობს რაღაც ძალაზე, რომელიც მსოფლიოს მართავს, არ განმარტავს, კონკრეტულად ვის გულისხმობს და ბევრ რამეს, მათ შორის - საქართველოს "ომში ჩათრევის განზრახვას" სწორედ ამ - გლობალური ომის პარტიას აბრალებს.  

ამ საფრთხეებით ამართლებს ხელისუფლება „აგენტების კანონსაც“, რომელიც, მასშტაბური საპროტესტო აქციების მიუხედავად და საპოლიციო ძალის გამოყენებით, 14 მაისს, პარლამენტში მმართველი პარტიის უმრავლესობამ და სატელიტმა პარტიებმა მესამე მოსმენით დაამტკიცეს.

13 მაისს, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ გლობალურ ომის პარტიას ბიძინა ივანიშვილის 2 მილიარდი ჩაუვარდა ხელში, რაც დე ფაქტო სანქცირებაა, და პარტიის საპატიო თავმჯდომარე საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრაზეც სწორედ ამიტომ ამბობს უარს.

"ის ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი ასე ცუდად არის ინფორმირებული, ნამდვილად საოცარი და სამწუხაროა. ეს მიზეზი, რომ ადამიანმა უარი განაცხადოს ქვეყნის პარტნიორთან შეხვედრაზე, ნიშნავს, რომ პირადი ინტერესი დააყენო ქვეყნის წინაშე ვალდებულებაზე წინ, რაც კონსტიტუციაშია გაწერილი", - თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, სანქციების ყოფილმა კოორდინატორმა ჯიმ ო'ბრაიენმა 14 მაისს თბილისში გამართული შეხვედრების შემდეგ.

გლობალური ომის პარტია - ამ სახელწოდების ორგანიზაციას მსოფლიო არ იცნობს. „ოცნების“ ოპონენტები და საერთაშორისო პარტნიორები მას მიიჩნევენ საქართველოს ხელისუფლების შეთქმულების თეორიის ნაწილად, რომელიც ძალაუფლების განმტკიცების მიზანს ემსახურება.

უსაფრთხოების სახელით - "ოცნების" ბრალდებების ქრონოლოგია

13 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „გლობალური ომის პარტიის“ შემადგენლობას ვერ დაასახელებს, რადგან „სუბიექტების დაკონკრეტებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებზე“.

ირაკლი კობახიძემ განმარტა მხოლოდ ის, რომ გლობალური ომის პარტიაში არ იგულისხმება ევროკავშირი და აშშ; რომ პირიქით - „ევროკავშირი არის ერთ-ერთი მთავარი მსხვერპლი“, მაგრამ „გლობალური ომის პარტიას აქვს გადამწყვეტი, კრიტიკული გავლენა ოფიციალურ სტრუქტურებზე როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირში“.

„დავარქვათ გლობალური ომის პარტია. ვიცით ჩვენ ამის უკან ვინ და რა იგულისხმება, მაგრამ ამას ბოლომდე არ დავარქმევთ სახელს. გლობალური ომის პარტიას ვამბობთ, რათა არ დავუპირისპირდეთ კონკრეტულ სახელმწიფოს", - ამბობდა კობახიძე 2023 წლის თებერვალში.

2023 წლის მარტში, „ქართული ოცნების“ განაყოფი - „ხალხის ძალა“ აღნიშნავდა, რომ გლობალური ომის პარტია თავის საქმიანობას „ამერიკული და ევროპული ოფიციალური სტრუქტურების მეშვეობით ახორციელებს“; რომ ეს პარტია იგივე „საერთაშორისო აგენტოკრატიაა“, რომელიც საქართველოში ვითარებას, აგენტების ქსელის - ადგილობრივი „ომის პარტიის“ დახმარებით მართავს.

  • „ოცნება“ და „ხალხის ძალა“, სხვადასხვა დროს, „გლობალური ომის პარტიის" მთავარ მიზნად რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნასა და საქართველოს ომში ჩათრევას ასახელებდნენ;
  • მიზნის მიღწევის გზად კი - არეულობას, რევოლუციას, ხელისუფლების შეცვლას;
  • არეულობის პროვოცირებად კი აღიქვამდნენ - პატიმარი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გათავისუფლების მოწოდებებს; ევროპარლამენტის მკაცრ რეზოლუციებს - მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნით;
  • და ევროინტეგრაციის გზაზე გაჩენილ შანსსაც - არეულობის სატყუარად და "სათაგურად" თვლიდნენ. არაერთხელ ითქვა, რომ 2022 წლის ივნისში საქართველოს კანდიდატის სტატუსი სწორედ არეულობის პროვოცირების მიზნით არ მიანიჭეს.
  • აშშ-ის მიერ მოსამართლეთა სანქცირებაც „გლობალური ომის პარტიის“ მიერ ორგანიზებულად ჩაითვალა. შარშან ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ - ამ პროცესში თავად ენტონი ბლინკენიც [აშშ-ის სახელმწიფო მდივანი] კი „გასვარეს“.
  • გლობალური ომის პარტიის დავალებების შემსრულებლებად ხელისუფლება ასახელებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას და თავად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც.

„ქვეყანას აბსოლუტურად დაუსაბუთებლად უარი ეთქვა კანდიდატის სტატუსზე. რეალურად, გლობალური ომის პარტიამ გავლენა იქონია მაშინ შესაბამის გადაწყვეტილებაზე და ეს სცადეს გამოეყენებინათ საქართველოში რევოლუციის მოსაწყობად“, - გაიმეორა ირაკლი კობახიძემ 13 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზეც.

2023 წლის ივნისში, პარლამენტში, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა არ უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს - მიიჩნევს თუ არა "გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლად" საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს. მან ტერმინი ასე განმარტა:

"გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლად შეუძლია, თავი მიიჩნიოს ყველამ, ვისი განცხადებებიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ევროპულ ინტეგრაციას და საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებს".

ბრიუსელიდან თუ ვაშინგტონიდან არაერთხელ აუხსნეს თბილისს, რომ არავის არასოდეს უნდოდა საქართველოს ომში ჩართვა და, რომ ევროკავშირსაც და ნატოსაც მხოლოდ მშვიდობა სურთ, მაგრამ ამას „ქართული ოცნების“ რიტორიკა არ შეუცვლია. რასაც ვერ ამბობდა „ქართული ოცნება“, სათქმელს - „ხალხის ძალის“ პირით ახმოვანებდა.

ივანიშვილის გამო?

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, 13 მაისს, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს „აქვს გაყინული ორი მილიარდი დოლარი, რომელიც დასავლეთს მიანდო“, მაგრამ ეს ფული აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში“, ივანიშვილი არაოფიციალურად უკვე სანქცირებულია და სწორედ ამიტომ უთხრა ბიძინა ივანიშვილმა უარი არაერთ საერთაშორისო პარტნიორს - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო'ბრაიენის ჩათვლით, რომელიც 13 მაისს ჩამოვიდა თბილისში.

„ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს. როგორც კი დასრულდება შანტაჟი და დე ფაქტო სანქციები, რა თქმა უნდა, ნებისმიერი შეხვედრა შეიძლება შედგეს", - თქვა ირაკლი კობახიძემ 13 მაისს.

ამ ინფორმაციამ სოციალურ ქსელებში დიდი რეზონანსი გამოიწვია. „ივანიშვილის მძევლები ვყოფილვართ“, „პლენში ვართ“, „ავუგროვოთ ორი მილიარდი“, - წერდნენ ფეისბუკმომხმარებლები.

14 მაისს ჯიმ ო'ბრაიენს ირაკლი კობახიძე შეხვდა.

დღის ბოლოს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა წუხილი გამოხატა იმის გამო, რომ "ასეთი გავლენიანი ადამიანი [ბიძინა ივანიშვილი] ასე ცუდად არის ინფორმირებული".

"ქვეყნის პარტნიორთან შეხვედრაზე" ივანიშვილის მიერ ნათქვამი უარი ჯიმ ო'ბრაიენმა ქვეყანაზე წინ პირადი ინტერესის დაყენებად შეაფასა.

"ამიტომ ვამბობ, რომ ["აგენტების"] კანონის შესახებ მსჯელობა და საუბარი მხოლოდ ერთი მიმართულებაა, თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან საგულისხმოა და უნდა შევეცადოთ, არ შეიცვალოს ის კონსტრუქციული და ნაყოფიერი თანამშრომლობა, რაც არსებობს", - აღნიშნა ჯიმ ო'ბრაიენმა.

უკავშირდება თუ არა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება 2 მილიარდ დოლარის გაყინვას - საკითხს, რის შესახებაც ირაკლი კობახიძე ლაპარაკობს?

„პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზები ბიძინა ივანიშვილმა თავად განმარტა. ეს პირდაპირ არ იყო დაკავშირებული, ზოგადად არ იყო დაკავშირებული ამ თემასთან. ამას ჰქონდა სხვა მიზეზები“, - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ რადიო თავისუფლების მიერ დასმულ შეკითხვას, დღის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან ასევე თქვა, რომ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან - ჯიმ ო'ბრაიენთან არ ჰქონია საუბარი სანქციების შესახებ; თუმცა საუბარი შეეხებოდა გლობალური ომის პარტიას - მაგრამ სტუმარს არსებული ინფორმაციის მხოლოდ 30% მიაწოდა.

კობახიძე აღნიშნავს, რომ „დახურულ შეხვედრაზეც კი რთულია ამ თემაზე საუბარი“, რადგან „საქმე ეხევა ძალიან, ძალიან უხერხულ საკითხს და საკმაოდ სახიფათო საკითხს“.

სულ თავიდან

წნეხზე ლაპარაკი „ქართულმა ოცნებამ და მისმა განაყოფმა “ხალხის ძალამ“ ჯერ კიდევ მაშინ დაიწყეს, ვიდრე ორჯერ წასული ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მესამედ დაბრუნდებოდა და თავისი დაფუძნებული პარტიის საპატიო თავმჯდომარე გახდებოდა.

„გლობალური ომის პარტიას“ „ოცნება“ თავიდან „გარკვეულ ძალებად“, მოიხსენიებდა და ლაპარაკობდა იმავე მიზნებზე - საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, [რუსეთთან] ომში ჩათრევა.

2022 წლის მაისიდან, მმართველმა პარტიამ გარე წნეხი ბიძინა ივანიშვილსა და მის ქონებას დაუკავშირა.

ეს ის დროა, როცა შვეიცარიულ კერძო ბანკსა (Credit Suisse) და მის მდიდარ კლიენტს - მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს შორის დავა წარმოიშვა და არსებული დავა მმართველმა პარტიამ სახელმწიფო დონის პრობლემად აქცია.

მმართველი პარტია ალაპარაკდა ბიძინა ივანიშვილის გადარიცხვების შეფერხებასა და „კოორდინირებულ“ სცენარზე, რომლის ნაწილადაც განიხილავდა, მათ შორის - მედიის ხმაურს, ბიძინა ივანიშვილსა და მილიარდერ ვლადიმირ ევტუშენკოვს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერის გამოქვეყნების გამო.

კობახიძეს არც მაშინ დაუკონკრეტებია, თუ რა „ძალები“ ებრძოდა ივანიშვილს.

თუმცა მალევე - "ქართულ ოცნებასთან" აფილირებულმა ყოფილმა პოლიტიკოსებმა თუ ექსპერტებმა ამერიკის შეერთებული შტატები დაადანაშაულეს.

პროსახელისუფლებო მედიამ ფართოდ გააშუქა, მაგალითად, ივანიშვილთან დაახლოებული ფილოსოფოსის, ზაზა შათირიშვილის განცხადებები, რომ - „დამკვეთ ძალას“ საქართველოს ომში ჩართვა რუსეთის „იზოლირების“ მიზნით სურს და „ერთადერთი ძალა, რომელსაც პროცესების კოორდინაციის ამხელა რესურსი აქვს, ამერიკის შეერთებული შტატებია“.

მსგავსი ანტიდასავლური განცხადებები შათირიშვილსა თუ სხვებს მას შემდეგაც მრავლად აქვთ გაკეთებული.

ამ ყველაფრის ფონზე, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, ექსპერტები, ორი წლის წინ უკვე შიშობდნენ, რომ საფრთხე ემუქრებოდა ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ კურსს და, რომ ეს ძირითადად ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გამო ხდებოდა.

სანქციების ქვეშ მოხვედრის განცდით, საკუთარ კეთილდღეობას შეიძლება უკავშირებდეს ქვეყნის ორიენტაციის შეცვლას. ეს არის შანტაჟის ენა: თუ ბიძინა ივანიშვილის პრობლემები გაგრძელდება, ჩვენ [ხელისუფლება] საზოგადოებას ვეტყვით, რომ ომი გინდათ [დასავლეთს] და ვიტყვით, რომ მაშინ ჩვენ თქვენთან საქმის დაჭერა არ გვინდა, რადგან ჩვენ და საზოგადოებას ომი არ უნდა. ამ განცხადებებით დასავლეთი საქართველოს ომში ჩართვის მოსურნედ გამოცხადდა“, - უთხრა ორი წლის წინ ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა რადიო თავისუფლებას.

გლობალური ომის პარტიის შესახებ ლაპარაკობს თავად ბიძინა ივანიშვილიც.

29 აპრილს, რუსთაველის გამზირზე „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით, „ოცნების“ მიერ ორგანიზებულ კონტრაქციაზე გამოსვლისას, ივანიშვილმა გაიმეორა ყველა ის მთავარი მესიჯი და ტერმინი, რომლებსაც საზოგადოება მანამდე "ხალხის ძალისა" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისგან ისმენდა:

ბიძინა ივანიშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაშიც არა რუსეთს, არამედ გლობალური ომის პარტიას დასდო ბრალი.

კერძოდ, ბიძინა ივანიშვილმა თქვა:

  • „ჯერ საქართველო დააპირისპირეს რუსეთთან, ხოლო 2012 და 2022 წლებში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში უკრაინა ჩააყენეს“;
  • გლობალური ომის პარტიის ძალისხმევით - „საქართველო და უკრაინა არ გააწევრიანეს ნატოში და ორპირ ქარში დააყენეს“;
  • მისთვის „საქართველოსაც და უკრაინასაც მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს";
  • ენჯეოების გაუმჭვირვალე დაფინანსება არის მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება შეგიძლია დანიშნო გარედან“.

„საქართველოს მიმართ გლობალური ომის პარტიის აგრესიის მთავარი მიზეზი ის არის, რომ დიდი ძალისხმევის მიუხედავად საქართველო მეორე ფრონტად ვერ აქცია, რასაც ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნების პირობებში ძალიან მარტივად მიაღწევდა“, - ამბობს ივანიშვილი და ასევე განმარტავს, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ [„აგენტების კანონი“] საქართველოს სუვერენიტეტს განამტკიცებს.

საერთაშორისო პარტნიორები ერთხმად ამტკიცებენ, რომ „აგენტების კანონი“ საქართველოს მხოლოდ პრობლემებს მოუტანს - ჩაახშობს თავისუფალ სიტყვას, გაანადგურებს სამოქალაქო საზოგადოებას და შეაფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.

„გლობალური ომის პარტიის ნარატივი სხვა არაფერია, თუ არა პირადად ივანიშვილის აღქმის გამოძახილი“, - ამბობს ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ევრაზიის პროგრამის მკვლევარი, საქართველოში აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის [NDI] ყოფილი დირექტორი ლუის ნავარო, რადიო თავისუფლებისთვის 5 მაისს მიცემულ ინტერვიუში.

„ის [ივანიშვილი - რ.თ.] ხედავს, რომ უკრაინას საქმე კარგად არ მიუდის, დასავლეთი კი მზად არ არის, უკრაინის დასაცავად ყველაფერი გაიღოს და გააკეთოს. და თუ დასავლეთი უკრაინაზე ყოყმანობს, შესაბამისად, ის [ივანიშვილი - რ.თ.] ასკვნის, რომ შეუძლია, რაც მოეპრიანება, ის აკეთოს საქართველოში, ხელს ვერავინ შეუშლის. პირდაპირ არასდროს ამბობს, რომ აი, რუსეთთან უნდა ვიყოთ, მაგრამ მისი მსჯელობა ყოველთვის გაჯერებულია არგუმენტით, რომ რაც უნდა მოხდეს, არაფერი უნდა ვქნათ ისეთი, რითაც შეიძლება რუსეთი გავაღიზიანოთ”, - აღნიშნავს ნავარო.

NDI-სა და IRI-ს „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები „გლობალური ომის პარტიის“ მკვლევრებად ასახელებდნენ.

გლობალური ომის პარტიასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას ასევე ბიძინა ივანიშვილის 29 აპრილის გამოსვლის გახსენებით პასუხობს ილიას უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის პროფესორი ჰანს გუტბროდი, რადიო თავისუფლებისთვის 11 მაისს მიცემულ ინტერვიუში.

„[ხალხმა] ბრძენი მესაჭის ნაცვლად დაინახა პირადი ვენდეტით შეპყრობილი კაცი, რომელიც მძიმე გლობალურ სიტუაციაში ქვეყნის ინტერესების დაცვის ნაცვლად ამ პირადი ვენდეტის აღსრულებით იყო შეპყრობილი. საქართველო პატარა ქვეყანაა, გამოწვევებით სავსე რეგიონში. და ის, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს ურთიერთობას დასავლელ მეგობრებთან, არამედ საფრთხეს უქმნის ქვეყნის სახელმწიფოებრიობას. და ეს ძალიან, ძალიან სახიფათო რამეა“, - ამბობს პროფესორი გუტბროდი.

შეთქმულების თეორიები

„ქართული ოცნების“ ლოგიკით, გლობალური ომის პარტიას იმდენად ძლიერი გავლენა აქვს, რომ - ის აკონტროლებს - ევროკომისიას, ევროპარლამენტს, ევროპულ საბჭოს, აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს - კონგრესმენებს, სენატორებს, სახელმწიფო დეპარტამენტს, შვეიცარიის საბანკო სისტემას.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოში ხშირად სვამენ რიტორიკულ შეკითხვას - თუკი ეს პარტია ასეთი ყოვლისშემძლე და ძლევამოსილია, რატომ ვერ მიაღწია თავის მიზნებს საქართველოში?

„ეს არის კონსპირაციის თეორიები. ხელისუფლება ცდილობს, რომ თავს მოახვიოს მოსახლეობას და გადაატანინოს ყურადღება რეალური პრობლემებიდან, რომელთა წინაშეც ვდგავართ და კიდევ დავდგებით - ამ კანონის დამტკიცების შემთხვევაში და ჩვენი მეგობრების [საერთაშორისო პარტნიორების] დაკარგვის შემთხვევაში“, - გვეუბნება საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის (ECIPE) უფროსი მკვლევარი, თენგიზ ფხალაძე.

მისი განმარტებით, სწორედ „ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წასვლაა, როცა მეგობრებს ადანაშაულებ მსგავსი ტიპის შეთქმულების თეორიებში“ და „რითაც დღემდე არსებობს საქართველო, ეს სწორედ მეგობრების დახმარებაა“.

"აგენტების კანონს" მხოლოდ რუსეთიდან აქვს ღია მხარდაჭერა.

პრორუსული ძალები სოციალურ ქსელებში აქტიურად აზიარებენ, სავარაუდოდ, პრორუსი ამერიკელებისა თუ უკრაინელების ვიდეოებს - რომლებიც თითქოს აფრთხილებენ საქართველოს მოქალაქეებს - გარდაუვალი ომის შესახებ, თუკი ისინი ამერიკას დაემორჩილებიან.

ამ ვიდეოების ავტორები ერთმანეთს ადარებენ უკრაინასა და საქართველოს და აცხადებენ, რომ - თუკი უკრაინამ - დიდმა ქვეყანამ - ამდენ ხანს გაძლო რუსეთთან ომში, საქართველო რამდენიმე დღეში დასრულდება. ბევრჯერ დაისვა და კვლავ უპასუხოდ დარჩა შეკითხვა - რაში სჭირდება მაშინ დასავლეთს, რომ - საქართველო სრულად განადგურდეს?

აქ თავს იჩენს კიდევ ერთი კონსპირაციის თეორია, რომელსაც ასევე პრორუსული წყაროები ავრცელებენ - საქართველოს განადგურება აშშ-ს აწყობს, ენერგეტიკული და სავაჭრო დერეფნის საკითხის გადასაჭრელად - რათა ევროპა სრულად დაიმორჩილოს.

ასეთ ინფორმაციას „რუსულ დეზინფორმაციასა“ და „ბოდვას“ უწოდებენ ექსპერტები.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG