სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორის დაკრძალვას ესწრება რუსეთის ფედერაციის კულტურის ყოფილი მინისტრი, ამჟამად პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში, მიხაილ შვიდკოი.
77 წლის შვიდკოი, სავარაუდოდ, არ არის რუსეთის ეკლესიის 80-კაციანი დელეგაციის წევრი - დელეგაციას სრულად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი, ბენიამინი (ტუპიეკა) ხელმძღვანელობს.
ის არაერთხელ არის საქართველოში ნამყოფი. მათ შორის შეხვედრია ილია მეორეს.
სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისთვის წესის აგების მსახურება აღასრულა მსოფლიო პატრიარქმა, კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსმა ბართლომეოსმა.
მსახურება პატრიარქმა ბართლომეოს პირველმა აღასრულა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიო მუჯირთან და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად.
წესის აგების შემდეგ მსოფლიო პატრიარქმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის დღე. თბილისი
გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზი ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
სინოდისათვის გაგზავნილ წერილში იგი წერს, რომ ღრმა მწუხარებით შეიტყო კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების ამბავი.
„იგი სამუდამოდ დარჩება ჩვენს ხსოვნაში, როგორც ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოღვაწეობას, სულიერ მეგზურობას და ქართველი ხალხის მუდმივ მსახურებას“, - წერს ის.
მეფე ჩარლზი ასევე იხსენებს, რომ 2011 წელს ილია მეორის ვიზიტი ბრიტანეთში და შეხვედრა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ბრიტანეთისა და საქართველოს „ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს“.
ფორუმი