Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, 2022 წელი
კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, 2022 წელი

პატრიარქი ილია II ჰოსპიტალიზებულია - ლაივბლოგი

17 მარტს, ღამის სამ საათზე „კუჭიდან მასიური სისხლდენით“ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე კლინიკაში გადაიყვანეს. 93 წლის პატრიარქი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია, ჯანმრთელობის მაჩვენებლები „არასტაბილური და საყურადღებოა“.

18:26

პატრიარქის დამძიმებულ ჯანმრთელობის მდგომარეობას სოციალურ ქსელ „ფეისბუქსში“ ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

„არ ვიცი, რა დავწერო ან რა ვთქვა — გარდა იმისა, რომ, როგორც ბევრმა, მეც ვიგრძენი პატრიარქის ჩემზე ზრუნვა და მისი სიყვარული. ყოველი მისვლისა და ყოველი ხელის შეხებისას ვგრძნობდი მის ხელიდან წამოსულ სითბოსა და ძალას.

უკვე წელიწადნახევარია — 2024 წლის სექტემბრიდან — ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი. არც კოვიდტესტირებამ და არც მრავალგზის შეხსენებამ შედეგი არ გამოიღო. ეს ჩემთვის დიდ წუხილად დარჩება.

დღეს კი ვიცი, რომ თხოვნასაც აღარ აქვს აზრი, სანამ ეს საკითხი სხვათა გადასაწყვეტი იქნება. საავადმყოფოში მისვლა, ინტერვიუების მიცემა და კადრში გამოჩენა აუცილებელ პროტოკოლად არ მიმაჩნია. ამის სჯობს პარაკლისის გადახდა და ჩუმად ლოცვა მისი გამოჯანმრთელებისთვის“, - დაწერა მან.


18:19

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკზე წერს:

„ვუსურვებ პატრიარქს გამოჯანმრთელებას. მე მასთან დიდი ხნის ისტორია მაკავშირებს. ბოლოს ვნახე ბერლინში, კლინიკაში, რამდენიმე წლის წინ“.

სააკაშვილი პატრიარქ ილია II-ს უწოდებს „ძალიან კომპლექსურ და საინტერესო ისტორიულ ფიგურას“, რომელმაც „ავტოკეფალია დაუბრუნა ქართულ ეკლესიას“.

„ბევრ ადამიანს წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება აქვს მისი როლის მიმართ, მაგრამ მე ვლოცულობ მისი გადარჩენისთვის და სანთლებს ვანთებ, ამისკენვე მოვუწოდებ სხვებს“.

18:10

რადიო თავისუფლებას საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე უდასტურებს, გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თურქეთიდან საქართველოში რეანიმატოლოგი ჩამოვა და პატრიარქის ჯანმრთელობის მართვაში ქართველ ექიმებთან ერთად ჩაერთვება.

პაციენტთან უკვე მუშაობს ექიმების ჯგუფი, რომელიც საქართველოს წამყვანი რეანიმატოლოგებითაა დაკომლექტებული.

18:01

პარტია „ახალი“ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„ქართველ ხალხთან ერთად განვიცდით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას.

გამოჯანმრთელებასა და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ პატრიარქს“.

პატრიარქის ჰოსპიტალიზაციას დილიდან ეხმაურებიან პოლიტიკური პარტიები და მათი წარმომადგენლები, პოლიტიკური თანამდებობის პირები.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG