კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად კავკასიის მედიცინის ცენტრში საქართველოში კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო მივიდა. კლინიკის დატოვების შემდეგ მან ჟურნალისტებს უთხრა:
„მე ვიყავი შიგნით, ვინაიდან მინდოდა, რომ ვყოფილიყავი ნიშანი, რომ ჩვენი ეკლესია არის დღეს აქ. ვლოცულობთ ნებისმიერ ადგილზე, ჩვენი პატრიარქი იყო ხშირად ჩვენთან ერთად. მე მახსოვს, როცა მოვიდა პაპი, რამდენი საუბარი გვქონდა მასთან ერთად.
ამ დღეებში ჩვენ შეგვიძლია ვილოცოთ სულიერად ერთად.
31 წლის განმავლობაში მქონდა მასთან ურთიერთობა, მამა-შვილური კავშირი, ის იყო მართლმადიდებლური ეკლესიის კეთილი მწყემსი. ჩვენ ლოცვით უნდა დავეხმაროთ, რომ მისი ცხოვრება იყოს ისეთი როგორიც ღმერთს სურს“.
პატრიარქის დამძიმებულ ჯანმრთელობის მდგომარეობას სოციალურ ქსელ „ფეისბუქსში“ ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
„არ ვიცი, რა დავწერო ან რა ვთქვა — გარდა იმისა, რომ, როგორც ბევრმა, მეც ვიგრძენი პატრიარქის ჩემზე ზრუნვა და მისი სიყვარული. ყოველი მისვლისა და ყოველი ხელის შეხებისას ვგრძნობდი მის ხელიდან წამოსულ სითბოსა და ძალას.
უკვე წელიწადნახევარია — 2024 წლის სექტემბრიდან — ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი. არც კოვიდტესტირებამ და არც მრავალგზის შეხსენებამ შედეგი არ გამოიღო. ეს ჩემთვის დიდ წუხილად დარჩება.
დღეს კი ვიცი, რომ თხოვნასაც აღარ აქვს აზრი, სანამ ეს საკითხი სხვათა გადასაწყვეტი იქნება. საავადმყოფოში მისვლა, ინტერვიუების მიცემა და კადრში გამოჩენა აუცილებელ პროტოკოლად არ მიმაჩნია. ამის სჯობს პარაკლისის გადახდა და ჩუმად ლოცვა მისი გამოჯანმრთელებისთვის“, - დაწერა მან.
პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკზე წერს:
„ვუსურვებ პატრიარქს გამოჯანმრთელებას. მე მასთან დიდი ხნის ისტორია მაკავშირებს. ბოლოს ვნახე ბერლინში, კლინიკაში, რამდენიმე წლის წინ“.
სააკაშვილი პატრიარქ ილია II-ს უწოდებს „ძალიან კომპლექსურ და საინტერესო ისტორიულ ფიგურას“, რომელმაც „ავტოკეფალია დაუბრუნა ქართულ ეკლესიას“.
„ბევრ ადამიანს წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება აქვს მისი როლის მიმართ, მაგრამ მე ვლოცულობ მისი გადარჩენისთვის და სანთლებს ვანთებ, ამისკენვე მოვუწოდებ სხვებს“.
რადიო თავისუფლებას საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე უდასტურებს, გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თურქეთიდან საქართველოში რეანიმატოლოგი ჩამოვა და პატრიარქის ჯანმრთელობის მართვაში ქართველ ექიმებთან ერთად ჩაერთვება.
პაციენტთან უკვე მუშაობს ექიმების ჯგუფი, რომელიც საქართველოს წამყვანი რეანიმატოლოგებითაა დაკომლექტებული.
ფორუმი