პირდაპირი ეთერი კლინიკიდან, სადაც პატრიარქი ილია II არის ჰოსპიტალიზებული
„მოგვიანებით ეს ფარული სისხლდენა გამოაშკარავდა. როგორც კი ეს გამოაშკარავდა, დაუყოვნებლივ, წუთებში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პაციენტის პოლიპროფილურ დაწესებულებაში გადმოყვანის შესახებ“
ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადების თანახმად, კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩაფიძის კლინიკაში გუშინ, ორშაბათს, 16 მარტს, ნაშუადღევს მიიყვანეს, შემდეგ კი „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გადაიყვანეს. კლინიკის დირექტორის განცხადებით, ახლა ის კვლავ „კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია“.
მედიამ 17 მარტს, დილაადრიან გაიგო, რომ ილია მეორე ჰოსპიტალიზებულია.
„გუშინდელი დღე იყო, დაახლოებით შუადღე, როდესაც გაჩნდა პრობლემა, იყო სატურაციის ვარდნა; იყო გარკვეული პარამეტრები, რაც მოითხოვდა ჩარევას“, - განუცხადა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს 19:30 საათისთვის.
„შესაბამისად, მკურნალი ექიმების მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სატურაციის პრობლემების ირგვლივ გადაეყვანათ ჩაფიძის კლინიკაში“, - თქვა მან.
- ჩაფიძის გულის ცენტრი დიდ დიღომში, ლუბლიანას ქუჩის სიახლოვეს მდებარეობს.
- „კავკასიის მედიცინის ცენტრი“, სადაც მას ახლა მკურნალობენ, საბურთალოზე, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარეობს.
პირდაპირი: როგორია ილია მეორის მდგომარეობა - მიხეილ სარჯველაძის კომენტარი
"ახალს ვერაფერს ვერ გეტყვით..."
პატრიარქ ილია II-ის თანამოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) აცხადებს, რომ „არის მცირედი უკეთესობა“ და დღეს ღამის პირველი საათისთვის თურქეთიდან რეანიმატოლოგს ელოდებიან.
„ახალს ვერაფერს ვერ გეტყვით. დიახ, ღამის პირველი საათისთვის ველოდებით თურქეთიდან სპეციალისტს, რეანიმატოლოგს“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს 19:45 საათისთვის.
„ჯერჯერობით ჩვენც ველით ახალ ინფორმაციას. საღამოს, ვფიქრობთ, რომ რაღაც გვეცოდინება. მაგრამ როგორც ვიცით, არის მცირედი უკეთესობა, შეინიშნება უკვე და დამაიმედებელი არის“, - განაცხადა მან.
ფორუმი