მარნეულის მერიის ინფორმაციით, ილია II-ის გარდაცვალების გამო „ნოვრუზ ბაირამთან“ და „რამაზან ბაირამთან“ დაკავშირებული ყველა ღონისძიება გაუქმებულია.
ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუკვერდზე გავრცელდა.
რადიო „მარნეულის“ ცნობით, „ოთხი ჩერშენბეს“ ღონისძიების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო მარნეულის კულტურის ცენტრმა, რომელიც 18 მარტს იყო დაგეგმილი.
საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები გაზაფხულის ბუნიაობის დღეს, 21 მარტს ახალი წლის შემობრძანებას, ანუ ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავენ ხოლმე.
რამაზან-ბაირამი კი მარხვის დასრულებას აღნიშნავს.
ნოვრუზს წინ ოთხი ჩერშენბე უსწრებს. ეს აღნიშნავს ბუნების ოთხ სტიქიას – ცეცხლს, წყალს, ქარს და მიწას, რაც ნოვრუზის ტრადიციის მნიშვნელოვანი ნაწილია.
ჩეხეთის საელჩო საქართველოში წერს:
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.
ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქართველ ერს“.
რუსეთის პატრიარქი კირილე სამძიმარს აქვეყნებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.
„ღრმა მწუხარებით მივიღე ცნობა ჩემი ძვირფასი ძმისა და თანამსახურის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებაზე“, - წერს იგი.
სრული ტექსტი წაიკითხეთ აქ
2008 წლის ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიუხედავად, კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ინარჩუნებდნენ კონტაქტს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსთან.
არაერთ ქართველ პოლიტიკოსსა და ექსპერტს გაუკრიტიკებია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია მოსკოვთან კავშირების გამო, რაშიც შესაძლო რუსული გავლენას ხედავდნენ.
პატრიარქ ილია მეორის ბოლო ვიზიტი მოსკოვში 2016 წელს შედგა.
მთავრობის ადმინისტრაცია ირაკლი კობახიძის სამძიმარს აქვეყნებს:
„სრულიად საქართველოს ვუსამძიმრებ ჩვენი ერის სულიერი მამის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებას.
მისი გარდაცვალებით დასრულდა უდიდესი ეპოქა ჩვენი დედაეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს ისტორიაში. უწმინდესის მწყემსთავრობის პერიოდი ჩვენი ქვეყნისთვის ურთულეს, გარდამტეხ წლებს დაემთხვა. ამ ისტორიულ გზაზე იგი მუდმივად რჩებოდა ერის სულიერ წინამძღვრად და ერთიანობის სიმბოლოდ. პატრიარქმა საკუთარი სიბრძნით, მოყვასისადმი სიყვარულით, უსაზღვრო მოთმინებითა და მიტევების უნარით შეძლო ჩვენს გულებში რწმენის განმტკიცება.
უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას. ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია. უფლის, სამშობლოსა და ადამიანისადმი უანგარო მსახურებით მან სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის უდიდეს მოღვაწეთა შორის.
გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, წმინდა სინოდს, მღვდელმთავრებს, მრევლს და თითოეულ თანამოქალაქეს. ჩვენი და ყველა მომავალი თაობის ვალია, ღირსეულად გავუფრთხილდეთ ჩვენი სულიერი მამის უდიდეს მემკვიდრეობას.
საუკუნოდ იყოს მისი ხსენება“.
ფორუმი