Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
პატრიარქ ილია მეორეს 22 მარტს დაკძალავენ
პატრიარქ ილია მეორეს 22 მარტს დაკძალავენ

ილია მეორეს სიონის ტაძარში დაკრძალავენ - ლაივბლოგი

2026 წლის 17 მარტს, საღამოს ათი საათისთვის, ჰოსპიტალიზაციიდან მეორე დღეს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე - ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი. ის, თითქმის ნახევარი საუკუნე, 49 წელი იკავებდა საპატრიარქო ტახტს.

უახლესი ცნობები

10:52

„თქვენი ურყევი მიზანი იყო საზოგადოების ერთობა“ - სალომე ზურაბიშვილის სამძიმარი

ფეისბუქზე სამძიმრის წერილს აქვეყნებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. მისი თქმით, ილია მეორემ თავისი მოღვაწეობა სამ უმთავრეს მიზანს მიუძღვნა.

„გემშვიდობებით, ჩვენო პატრიარქო!

რამდენიც შეძელით, იმდენს გაუძელით, რათა ეს ქვეყანა არ დაგეტოვებინათ ამ დღეში, გზააბნეული და საკუთარი თავის მტრად ქცეული.

მთელი თქვენი მოღვაწეობა სამ უმთავრეს მიზანს მიუძღვენით. პირველი, ცხადია, იყო ღმერთის მსახურება და სულიერების აღდგენა ქვეყანაში, სადაც საბჭოთა 70-წლიანმა მმართველობამ ქრისტიანობის ამოძირკვა სცადა და ნაწილობრივ შეძლო კიდეც. თქვენ აღადგინეთ საქართველოს ეკლესია არა მხოლოდ ტაძრებითა და წირვებით, არამედ რწმენითა და სულიერი სიმტკიცით.

მეორე თქვენი ურყევი მიზანი იყო საზოგადოების ერთობა, რადგან კარგად იცოდით, რომ ამ ქვეყნის ყველა მტერი, სწორედ ერთობის დაშლას, შიდა დაპირისპირებასა და ერის შინაგან დასუსტებას, თუ არა გატეხვას ისახავდა მიზნად.

მესამე მიზანი თქვენს ღრმა პატრიოტიზმსა და სახელმწიფოებრივ შეგნებაზე მეტყველებს. თქვენი აღსაყდრების პირველივე დღეებიდან იზრუნეთ იმაზე, რომ საქართველოს ყველა საზღვარზე ამოქმედებულიყო ქართული მონასტრები, ვით სულიერი დარაჯები. იქ, სადაც დღემდე სახელმწიფომ ვერ შეძლო აღიარებული და დაცული საზღვრების გამყარება, თქვენ ჯვრით გაამყარეთ ქართული მიწა და ამით გააგრძელეთ საქართველოს ეკლესიის საუკუნოვანი მისია - სახელმწიფო ერთობისა და დამოუკიდებლობის დაცვა.

აქ ვერ დავწერ ყველაფერს, რასაც ბევრი სხვა უკეთ იტყვის. მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ამ დილით პარიზიდან მომწერა იქ დაბადებულმა ქართველმა გოგომ, რომელიც წლების განმავლობაში მძიმე ავადმყოფობას ებრძოდა. მან მკითხა: „როგორ არის ჩვენი პატრიარქი?“

თქვენო უწმინდესობავ, იყავით და მუდამ იქნებით ჩვენი პატრიარქი.

ახლა, როგორც არასოდეს, თქვენი ლოცვა დაგვჭირდება, რათა ქართულმა ეკლესიამ და ქართველმა ერმა გადალახოს ის ურთულესი პერიოდი, რომელიც წინ გვიდგას. ეს 40 დღე და მარხვის დარჩენილი დრო უთუოდ უმძიმესი იქნება, მაგრამ ნათელი გზის ბოლოს ყოველთვის ჩნდება.

მშვიდობით, ჩვენო პატრიარქო - უფლის მადლი გფარავდეთ!“, - წერია სალომე ზურაბიშვილის ტექსში.

11:21

საფრანგეთის საელჩო საქართველოში სამძიმრის წერილს აქვეყნებს:


„როგორც ქვეყნის თანამედროვე ისტორიის ტრაგიკულ, ისე სასიხარულო მომენტებში, ის იყო ქართველი ერის წინამძღოლი და მესაჭე, უმნიშვნელოვანესი ფიგურა, რომელმაც გააერთიანა ქართველები და ეკლესიის ხანგრძლივ ისტორიაში ეროვნული ერთიანობა დაამკვიდრა. საბჭოთა ოკუპაციიდან ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენამდე და დღესაც, მან უმთავრესი როლი ითამაშა ქვეყნის კულტურული და სულიერი იდენტობის შენარჩუნებაში. გახლდათ რა ქართველი ერის საყრდენი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში და განსაკუთრებული სიბრძნით დაჯილდოებული, მისი უწმინდესობა ტოვებს სიყვარულისა და შეუდრეკლობის გზავნილს, ურყევ რწმენას, სულიერ რენესანსსა და 50 000-მდე ნათლულს.

მისი გავლილი გზა მჭიდროდ არის გადაჯაჭვული თანამედროვე საქართველოს ცხოვრებასთან. გარდამავალ, ასევე რთულ პერიოდში, მან თავი დაიმკვიდრა, როგორც ეროვნული დამოუკიდებლობის ფიგურამ, რომელსაც საქართველოს სუვერენიტეტისადმი ღრმა ერთგულება ამოძრავებდა. ამ ეროვნული გლოვის ჟამს, საფრანგეთი გულითადად უერთდება ქართველ ხალხის მწუხარებას“, - წერია განცხადებაში.

11:32

პატრიარქის გარდაცვალების გამო ქვეყანას უსამძიმრებს ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია. მათ მიერ გავრცელებული ტექსტში მიმოხილულია ილია II-ის ბიოგრაფია და წერია:

„ღმერთმა შეიწყალოს საქართველოს პატრიარქი ილია მეორე! იყოს ხსენება მისი მარადიული და კურთხეული!“.

11:34

შვედეთის საელჩო საქართველოში უსამძიმრებს მართლმადიდენელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და საქართველოს მოსახლეობას, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

„მისი უწმინდესობის მემკვიდრეობა დარჩება როგორც რწმენის, სიყვარულისა და მშვიდობის მაგალითი“, - წერია ტექსტში, რომელიც ფეისბუკზე გავრცელდა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG