პატრიარქის პანაშვიდის დღეებში სამების ტაძარი 24 სთ იქნება ღია
საპატრიარქოს პრესსამსახურის ცნობით, სამი დღის განმავლობაში, როცა პატრიარქის პანაშვიდი იქნება, სამების საკათედრო ტაძარი მთელი დღე-ღამის განმავლობაში იქნება ღია.
„ამ სამი დღის განმავლობაში მსურველებს ნებისმიერ დროს შესაძლებლობა ექნებათ პატივი მიაგონ მის უწმინდესობას“, - აცხადებენ საპატრიარქოში.
რა გზა განვლო საბჭოთა რეპრესიებისა და რელიგიის შევიწროების პერიოდში დაბადებულმა ირაკლი შიოლაშვილმა პატრიარქობამდე და როგორ გახდა თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი?
„ის იყო დიდი აღმშენებელი ჩვენი ეკლესიის, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. დიდია დღეს ჩვენი გლოვა...“
ამ სიტყვებით შეატყობინა 17 მარტს „კავკასიის მედიცინის ცენტრთან“ შეკრებილ ჟურნალისტებსა და მრევლს პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის გარდაცვალება. 93 წლის პატრიარქი კუჭიდან მასიური სისხლდენის გამო ღამის სამი საათიდან კლინიკაში ჰყავდათ გადაყვანილი.
„დამთავრდა მზიანი ღამე. იწყება მზიანი მარადისობა“, - თბილისის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, არქიმანდრიტი ადამის ეს სიტყვები მორწმუნეებმა აიტაცეს. მზიან ღამეს საკუთარი პატრიარქობა თავად ილია მეორემ შეადარა 2011 წელს, აღსაყდრების საიუბილეო წირვისას:
„ეს 34 წელი იყო წლები განსაცდელისა, სიხარულისა და მწუხარებისა. ხშირად მეკითხებიან, რა შეიძლება ვუწოდოთ ამ 34 წელს. მე მას მზიანი ღამე ვუწოდე, იყო ღამე, მაგრამ ღვთის მზე, ღვთის მადლი გზას გვინათებდა. ჩვენ ვაშენებდით ტაძრებს, ახლაც ვაშენებთ, მაგრამ მთავარი ეს არ არის, მთავარი არის ის, რომ ჩვენ ავაშენეთ ღვთის წყალობით კიბე მიწიდან ზეცამდე და ქართველი ხალხი ადის ამ კიბით. ამისთვის ვმადლობთ უფალს“.
განსაცდელის, სიხარულის და მწუხარების კიდევ 14 წლის შემდეგ დასრულდა ილია II-ის თითქმის ნახევარსაუკუნიანი და რელიგიური ლიდერისთვის, მსოფლიოშიც კი ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი მმართველობა.
სრულად წიკითხეთ აქ:
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი “ქართული ოცნების” მთავრობას კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს უგზავნის.
ის პრემიერ-მინისტრს, მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს უსამძიმრებს.
„პატივცემულო პრემიერო, დიდი მწუხარებით შევიტყვე, რომ 17 მარტის ღამეს გარდაიცვალა მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. თურქი ხალხისა და ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს, თქვენს აღმატებულებას, მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს“, - წერს სამძიმრის წერილში რეჯეპ ტაიპ ერდოანი.
საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭო მწუხარებას გამოთქვამს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო.
საბჭოს განცხადებით, ქვეყანაში გამოცხადებული გლოვის დღეების გამო, უქმდება „კლოჭა სარე სალეს“ საზეიმო ცერემონიას.
„კლოჭა სარე სალე“ განახლების, გაზაფხულის, ახალი სიცოცხლის, ახალი წლის დაწყების სიმბოლოა. ამ დღესასწაულს ეზიდები მარტში რამდენიმე დღის მანძილზე, სხვადასხვა ტრადიციული საოჯახო რიტუალით აღნიშნავენ.
ფორუმი