სომხეთის ხელისუფლებამ გარეგინ II-ს არ მისცა საქართველოში გამგზავრების უფლება
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა სრულიად სომეხთა კათოლიკოსს გარეგინ II-ს სომხეთიდან საქართველოში გასვლის ნებართვა არ მისცა.
მას კვირას, 22 მარტს სურდა თბილისში ჩამოსვლა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე დასწრება.
სომხეთის სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოსმა პარასკევს სომხეთის საგამოძიებო კომიტეტში შეიტანა შუამდგომლობა, რომ მას მიეცეს სომხეთის საზღვრის გადაკვეთის საშუალება და თბილისში ჩასვლა.
ადვოკატ არა ზოჰრაბიანის თქმით, კათოლიკოსისთვის ქვეყნის დატოვებაზე უარის თქმა არის „კიდევ ერთი აშკარა უკანონო გადაწყვეტილება, რაც ზიანს მიაყენებს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას,“ დაწერა ადვოკატმა ფეისბუკში.
2026 წლის თებერვალში სომხეთის პროკურატურამ გარეგინ II-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და მღვდელმთავარს მოგზაურობაზე აკრძალვა დაუწესა.
სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდზე მისულმა დეკანოზმა თეოდორე კრიჩეტოვმა, - რომელიც რუსეთში წმინდა გიორგის ქართული ეკლესიის წინამძღვარია, - განაცხადა, რომ რუსეთის ეკლესიის დელეგაციაში 80 ადამიანი იქნება.
„მე ვარ ქართული წმინდა გიორგი სახელობის ეკლესიის წინამძღვარი ბელორუსიიდან. ბელორუსიიდან მოდის ბელარუსის ეგზარქოსი, რომელიც რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელია“, - განაცხადა დღეს დეკანოზმა თეოდორე კრიჩეტოვმა.
„ძალიან დიდი დელეგაცია იქნება, 80 ადამიანი“, - დასძინა მან.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვაზე გზავნის მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტს, სრულად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსს, ბენიამინს (ტუპიეკას).
დამატებითი შეზღუდვები
თბილისის მერია და შსს აცხადებენ, რომ 22 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება.
შეზღუდვები შეეხება როგორც კერძო ავტომობილებს, ასევე, მუნიციპალურ ტრანსპორტს.
22 მარტს, 02:00 საათიდან დაკრძალვის ცერემონიის დასრულებამდე ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება შემდეგი მიმართულებებით:
· მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გალაკტიონის ხიდიდან ორთაჭალის მიმართულებით აბანოებამდე;
· თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და ყველა დამაკავშირებელ ქუჩაზე პირველი რესპუბლიკის მოედნის ჩათვლით;
· მოძრაობა იზღუდება ასათიანის, შალვა დადიანის, კოტე აფხაზის, პუშკინის, ვერცხლისა და ბარათაშვილის ქუჩებზე. სოლოლაკიდან მოძრაობა ნებადართული იქნება მხოლოდ ამაღლების ქუჩიდან ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით, საიდანაც ტრანსპორტს შეეძლება გადაადგილება ბარნოვის ქუჩით მრგვალი ბაღის მიმართულებით და ასევე, მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით;
· მოძრაობა სრულად იზღუდება თაბუკაშვილის, ჭანტურიას, ვირსალაძის, ათონელის ქუჩებზე, მშრალ ხიდზე, ზაარბრიუკენის მოედანზე, ხეთაგუროვის მოედანზე. ასევე, ბარათაშვილის ხიდზე, ბარათაშვილის აღმართზე, ქეთევან დედოფლის გამზირზე ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთამდე. ასევე, მოძრაობა იზღუდება ავლიპ ზურაბაშვილის, თელავისა და წურწუმიას ქუჩებზე.
· მოძრაობა შეზღუდული იქნება ევროპის მოედანზე, გორგასლის მოედანზე, გორგასლის ქუჩაზე, აბანოების მიმდებარე ტერიტორიაზე;
· მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოძრაობა შეიზღუდება გალაკტიონის ხიდიდან ბოჭორმის ქუჩისა და ლევილის სანაპიროს კვეთამდე ("სოკარის" სათავო ოფისამდე).
ავტომობილების გადაადგილების ალტერნატიული მარშრუტები:
· "ლაგუნა-ვერედან" გადაადგილება შესაძლებელი იქნება გალაკტიონის ხიდზე და ასევე, მიხეილ ჯავახიშვილის აღმართის გავლით კოსტავას ქუჩაზე ფილარმონიის მიმართულებით;
· ინგოროყვას ქუჩიდან ავტომობილების გადაადგილება ნებადართული იქნება გრიბოედოვის ქუჩის გავლით ფილარმონიის მიმართულებით;
· კახეთის გზატკეცილიდან ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელი იქნება ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე ბოჭორმის ქუჩის კვეთამდე მეტროსადგური "ისნის" მიმართულებით;
· ორთაჭალიდან, გულიას მოედნიდან მოძრაობა შეიზღუდება გალაკტიონის ხიდამდე. ჟანი კალანდაძისა და ორთაჭალის ქუჩებიდან კი ავტომობილები იმოძრავებენ გორგასლის ქუჩაზე მხოლოდ პროკურატურის მიმართულებით.
ამასთან, ძალაში რჩება სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ქუჩებზე არსებული ყველა შეზღუდვა.
სამებაში ილია მეორის პანაშვიდზე რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები მივიდნენ - ინფორმაცია და ფოტოები რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ გაავრცელა.
სააგენტოს თანახმად, პანაშვიდს დაესწრნენ:
- ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის,
- სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის,
- საქართველოს ებრაელთა კავშირის,
- საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს,
- თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის,
- საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების,
- საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის,
- საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის,
- საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის,
- საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოსა და
- საქართველოში „ხსნის არმიის“ წარმომადგენელი სასულიერო პირები.
ფორუმი