Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო გლობალური ბრძოლის ველია დიქტატორების წინააღმდეგ - ინტერვიუ კონგრესმენ ჯო უილსონთან

„ქართველი ხალხი იმსახურებს ჭეშმარიტად თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს“ - კონგრესმენი ჯო უილსონი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.
„ქართველი ხალხი იმსახურებს ჭეშმარიტად თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს“ - კონგრესმენი ჯო უილსონი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის შეფასებით, საქართველო კვლავაც რჩება სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნად სამხრეთ კავკასიაში, რომლის გარშემოც გეოპოლიტიკური კონკურენცია იზრდება.

რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ის განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს დემოკრატიული პროცესების მნიშვნელობაზე და აცხადებს, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს.

კონგრესმენი ასევე მიუთითებს საქართველოში ჩინეთისა და რუსეთის მზარდ გავლენაზე, განსაკუთრებით ანაკლიის პორტის კონტექსტში, რომელსაც სტრატეგიულ ინფრასტრუქტურად განიხილავს. მისი თქმით, ვაშინგტონისთვის კრიტიკულია, რომ მსგავსი პროექტები არ აღმოჩნდეს ავტორიტარული ძალების კონტროლის ქვეშ.

ვრცელი ინტერვიუ „ჰელსინკის კომისიის“ თანათავმჯდომარე ჯო უილსონთან 16 აპრილს ჩაწერა ვაშინგტონში რადიო თავისუფლების უფროსმა რეპორტიორმა, ალექს რაუფოღლუმ.

ახალი სადაზვერვო მანდატი: კრემლისა და პეკინის წინააღმდეგ მოქმედება

რადიო თავისუფლება: თქვენ არაერთხელ მოგიწოდებიათ, გადახედილიყო აშშ-ის პოლიტიკა საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ ამერიკის ბოლო ორი ადმინისტრაციის პირობებში. ცოტა ხნის წინ სახელმწიფო დეპარტამენტმა გამართა მაღალი დონის დისკუსიები , რომლებიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ურთიერთობების „გადატვირთვად“ შეაფასეს. ეთანხმებით ამ შეფასებას?

ჯო უილსონი: დიდი ხანია, ჩემი შთაგონების წყარო თავად ქართველი ხალხია. მქონდა თბილისში სტუმრობის და საქართველოს მამაც მოქალაქეებთან შეხვედრის პატივი. ჩემი ოთხი ვაჟიც საზღვარგარეთ მსახურობდა ქართველი ჯარისკაცების გვერდით, და შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ქართველი სამხედროები განსაკუთრებულად მამაცები არიან და გამოირჩევიან პროფესიონალიზმით. მამშვიდებდა იმის ცოდნა, რომ ჩემი ვაჟები მათთან ერთად მსახურობდნენ.

სწორედ ქართველი ხალხით ეს აღტაცება განსაზღვრავს ჩემს პოზიციას: ისინი იმსახურებენ აღიარებას და, რაც მთავარია, ჭეშმარიტად თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. დღეს ისტორიის ფართო ტრაექტორია დემოკრატიული პროცესებისა და სანდო საარჩევნო გარემოს სასარგებლოდ იხრება.

გვინახავს გარე ჩარევის სხვადასხვაგვარი შედეგი. ჩემი აზრით, ვლადიმირ პუტინის მცდელობებს საქართველოში წარსულში გარკვეული წარმატება ჰქონდა, თუმცა მსგავსი ჩარევა მოლდოვაში ვერ მოხერხდა. პირიქით, როგორც ჩანს, მოლდოვამ საქართველოს გამოცდილებიდან ისწავლა და წინააღმდეგობა გაუწია. ასევე ვიხილეთ რუსეთის გავლენის უკუქცევა რუმინეთში და მისი წარუმატებლობა სომხეთში.

ალბათ ყველაზე თვალსაჩინოა რუსეთის გავლენის კოლაფსი სირიაში, რაც ასადის რეჟიმის ხუთ ათწლეულზე მეტი ხნის დიქტატურის დასრულებას ნიშნავდა - რეჟიმისა, რომელიც ჯერ საბჭოთა კავშირთან, შემდეგ კი პუტინთან იყო დაკავშირებული. ეს სისტემა უკვე აღარ არსებობს.

სხვა რეგიონებშიც ვხედავთ პოლიტიკურ ცვლილებებს. მაგალითად, უნგრეთში არჩეულია ახალი მთავრობა, რომელიც მხარს უჭერს ევროკავშირს და უკრაინის სუვერენიტეტს. ეს მოვლენები მიუთითებს დემოკრატიული მმართველობისკენ უფრო ფართო მოძრაობაზე.

მამხნევებს ასევე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიპლომატიური პროგრესი - ისინი ამჟამად აძლიერებენ ურთიერთობებსა და რეგიონულ სტაბილურობას. სწორედ ასეთი მშვიდობა და ეკონომიკური თანამშრომლობა უნდა გვინდოდეს საქართველოშიც.

რადიო თავისუფლება: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული ბოლო პროგრესის ფონზე, ხომ არ დგას საქართველო რისკის წინაშე, დაკარგოს სტრატეგიული მნიშვნელობა აშშ-ისთვის?

ჯო უილსონი: სრულიადაც არა - საქართველო კვლავ ცენტრალური ქვეყანაა რეგიონში. სამხრეთ კავკასია მთლიანობაში სტრატეგიულ გზაჯვარედინზე მდებარეობს. ერთ-ერთი მთავარი, რაც გვაშფოთებს, რუსეთისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მზარდი თანამშრომლობაა, განსაკუთრებით შავი ზღვის პორტ ანაკლიასთან დაკავშირებით.

ჩინეთის ინტერესი ანაკლიის მიმართ უკავშირდება ცენტრალური აზიიდან იშვიათი მინერალების ტრანსპორტის კონტროლს. ეს რესურსები საქართველოს გავლით უნდა გადავიდეს, რაც პორტს სტრატეგიულად მნიშვნელოვანს ხდის. აშშ-ისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფრასტრუქტურა დარჩეს ღია და არ მოექცეს პეკინის დომინაციის ქვეშ.

ასევე არსებობს შეშფოთება საქართველოს მთავრობის გარკვეულ ელემენტებსა და ირანს შორის დაახლოების შესახებ. სხვადასხვა ანგარიში მიუთითებს თანამშრომლობაზე, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასაც. ეს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს, თუ გავითვალისწინებთ ირანის ხელისუფლების მიერ განსხვავებული აზრის სასტიკ ჩახშობას, მათ შორის პროტესტის ათიათასობით მონაწილის დახოცვას.

ჩემი აზრით, ასეთი ქმედებები და კავშირები არ ასახავს ქართველების ნებასა და მისწრაფებებს - ისინი ავლენენ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი თანმიმდევრულ ერთგულებას.

მომავლის გზა: სანქციები და „მშვიდობა ძალის მეშვეობით“

რადიო თავისუფლება: ფიქრობთ, რომ აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია იზიარებს ამ შეშფოთებებს და საკმარისად ითვალისწინებს მათ?

ჯო უილსონი: პრეზიდენტ ტრამპის მიდგომის ერთ-ერთი განმსაზღვრელი თვისებაა მზადყოფნა ფართო დიალოგისთვის, მათ შორის მოწინააღმდეგეებთანაც. მან სცადა ურთიერთობა ისეთ ლიდერებთან, როგორებიც არიან ნიკოლას მადურო ვენესუელაში და კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეაში, თუმცა ყველა მცდელობა წარმატებული არ ყოფილა.

ამ ურთიერთობებიდან ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილია, რომ ბირთვული შესაძლებლობების მქონე რეჟიმებს შეუძლიათ შეინარჩუნონ ძალაუფლება, მიუხედავად შიდა სისუსტისა ან რეპრესიებისა. ამიტომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის მიღების პრევენცია რჩება სასიცოცხლო პრიორიტეტად.

ამავდროულად, ადმინისტრაცია მუშაობს რეგიონული კოალიციების გაძლიერებაზე. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა - მათ შორის თურქეთმა, საუდის არაბეთმა და სპარსეთის ყურის რამდენიმე სახელმწიფომ - გააფართოვეს თანამშრომლობა აშშ-სთან.

ევროპაში რუსეთის ქმედებებმა საპირისპირო ეფექტი გამოიღო: ალიანსები დაშლის ნაცვლად, უფრო გამყარდა. შვედეთი და ფინეთი შეუერთდნენ ნატოს, რითაც გაძლიერდა კოლექტიური უსაფრთხოება.

სხვადასხვა რეგიონში იზრდება კოორდინაცია ქვეყნებს შორის, რომლებიც ავტორიტარულ გავლენას ეწინააღმდეგებიან. ჩემი აზრით, ეს გლობალური ტენდენცია დემოკრატიულ მმართველობას უწყობს ხელს და საქართველო ამ ტრაექტორიის ნაწილი უნდა იყოს.

რადიო თავისუფლება: თქვენ მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე რომ ვისაუბროთ: „კავკასიაში ჩინეთის კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ აქტზე“ (H.R. 7668) - რა არის მისი ძირითადი მიზნები?

ჯო უილსონი: ეს კანონპროექტი მიმართულია ჩინეთის კომუნისტური პარტიის მზარდი გავლენის წინააღმდეგ, რომელიც, ჩემი აზრით, ცდილობს გლობალური გავლენის გაფართოებას დემოკრატიული სისტემების ძირის გამოთხრით.

უკვე ვხედავთ, რომ აზიის ქვეყნები, როგორებიცაა იაპონია და სამხრეთი კორეა, აძლიერებენ თავდაცვასა და პარტნიორობას „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ (peace through strength) პრინციპის საფუძველზე. მსგავსი თანამშრომლობა ყალიბდება ავსტრალიასა და ფილიპინებს შორისაც.

ზოგადად, ჩვენ ვიმყოფებით პერიოდში, რომელიც ხასიათდება ფუნდამენტური კონტრასტით: ძალაზე დაფუძნებული ავტორიტარული სისტემები ებრძვიან კანონის საფუძველზე მოქმედ დემოკრატიულ სისტემებს. ეს დინამიკა ნათლად გამოიკვეთა 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ და მომდევნო კონფლიქტებში.

დამაიმედებელია ისიც, რომ ავტორიტარიზმის წინააღმდეგ გამძლეობა მთელ მსოფლიოში იზრდება. მე მჯერა, რომ ეს იმპულსი საბოლოოდ საქართველოშიც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს გამოიწვევს.

რადიო თავისუფლება: აქვს თუ არა აშშ-ს ჯერ კიდევ საკმარისი ბერკეტები ჩინეთის ამბიციების შესაკავებლად რეგიონში, განსაკუთრებით ანაკლიასთან დაკავშირებით?

ჯო უილსონი: ვფიქრობ, რომ აქვს. არსებობს მაგალითები, როცა აშშ-ის ჩართულობამ წარმატებით შეაკავა ჩინეთის გავლენა სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში. დიპლომატიური, ეკონომიკური და პოლიტიკური ინსტრუმენტები - ყველა ეფექტიანი შეიძლება იყოს.

მთავარი მიზანი კონფრონტაცია კი არ არის, არამედ იმის უზრუნველყოფა, რომ მნიშვნელოვანი აქტივები დარჩეს დამოუკიდებელი და ღია. იმავე მიდგომის გამოყენება შეიძლება საქართველოშიც, რათა არ მოხდეს კრიტიკული ინფრასტრუქტურის, მაგალითად, ანაკლიის გარე ძალების კონტროლის ქვეშ მოქცევა.

რადიო თავისუფლება: როგორ შეიძლება ეს მიდგომა განხორციელდეს საქართველოში, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება საკუთარ კურსს ერთგულად მიჰყვება?

ჯო უილსონი: ცვლილება აუცილებელი არ არის კონფლიქტის გზით მოხდეს. მისი მიღწევა შესაძლებელია თანმიმდევრული დიპლომატიური ჩართულობით, ეკონომიკური სტიმულებითა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერით.

ვნახეთ, როგორ შეუძლია კოორდინირებულ საერთაშორისო ზეწოლას სხვა შემთხვევებში შედეგებზე ზემოქმედება. ამავე დროს, ევროპული ერთობა, როგორც ნატოს, ისე ევროკავშირის ფარგლებში, გაძლიერდა, რაც გარე ჩარევის წინააღმდეგ გამძლეობას აძლიერებს.

დემოკრატიული ქვეყნების ეს ფართო კოალიცია ქმნის გარემოს, სადაც საქართველოს შეუძლია აირჩიოს სტაბილურობა, კეთილდღეობა და სუვერენიტეტი.

რადიო თავისუფლება: რა გზავნილი გაქვთ საქართველოს საზოგადოებისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის, განსაკუთრებით აშშ-ის ბოლო დიპლომატიური სიგნალების ფონზე?

ჯო უილსონი: ხაზს გავუსვამდი აშშ-ის პოლიტიკის ფართო კონტექსტის მნიშვნელობას. ისეთი ლიდერები, როგორიცაა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ღრმად აცნობიერებენ ავტორიტარიზმის შედეგებს.

მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატია შეიძლება მოიცავდეს დიალოგსა და მოლაპარაკებებს, ძირითადი პრინციპი უცვლელია: დემოკრატიული ღირებულებებისა და ქართველი ხალხის მხარდაჭერა; საბოლოო მიზანი მკაფიოა: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომლებიც ხალხის ნებას ასახავს.

რადიო თავისუფლება: „მეგობარი აქტი“ - არსებობს თუ არა კვლავ ხელსაყრელი ვითარებას სანქციებისა და მხარდაჭერის გასაძლიერებლად?

ჯო უილსონი: ამ კანონპროექტის მიმართ გამოხატული მხარდაჭერა შთამბეჭდავია. იგი წარმომადგენელთა პალატამ ორპარტიული დიდი უმრავლესობით მიიღო - 349 ხმა 42-ის წინააღმდეგ. ეს ასახავს ძლიერ მხარდაჭერას პოლიტიკური სპექტრის ორივე მხრიდან.

მიუხედავად იმისა, რომ სენატში პროცედურულმა დაბრკოლებებმა პროცესი შეაფერხა, მხარდაჭერის დონე კვლავ მაღალია. ეს დამაიმედებელია და აჩვენებს, რომ ამერიკულ პოლიტიკურ სისტემას, მიუხედავად შიდა განსხვავებებისა, შეუძლია გაერთიანდეს დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად საზღვარგარეთ.

რადიო თავისუფლება: სენატორი, რომელმაც ადრე შეაჩერა კანონპროექტი, უკვე აღარ არის თანამდებობაზე. ზრდის თუ არა ეს დოკუმენტის მიღების შანსებს?

ჯო უილსონი: შესაძლოა პროცედურულად დაეხმაროს, მაგრამ მთავარი უკვე გამოვლენილი ფართო მხარდაჭერაა. ეს ასახავს კონსენსუსს როგორც პოლიტიკოსებში, ისე ამერიკულ საზოგადოებაში.

გზავნილი ნათელია: არსებობს ძლიერი მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი და მათი სტაბილურობის, მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ მისწრაფებებისადმი დემოკრატიულ ჩარჩოში.

მომავლისკენ რომ გავიხედოთ, ვხედავთ ფართო რეგიონულ ცვლილებებს სამხრეთ კავკასიიდან მეზობელ ქვეყნებამდე, რაც პოლიტიკურ ტრანსფორმაციაზე მიუთითებს. მე მჯერა, რომ საქართველო ამ მოძრაობის ნაწილი უნდა იყოს - თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საფუძველზე.

This item is part of

ფორუმი

XS
SM
MD
LG