Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსეთი არასოდეს ყოფილა ჩემი სამშობლო!“ - ინტერვიუ უკრაინის მხარეს მებრძოლ დაღესტნელთან


აჰმად აჰმედოვი
აჰმად აჰმედოვი

უკრაინაში ცხოვრების ექვსი წლის განმავლობაში, დაღესტნელი აჰმად აჰმედოვი ცნობილი გახდა, როგორც კიკბოქსინგის მწვრთნელი - ის ხელმძღვანელობს უკრაინის კიკბოქსინგის ფედერაციას, გარდა ამისა, როგორც მოხალისე ჯარისკაცი, აჰმედოვი ჩართულია უკრაინის დაცვაში რუსეთის თავდასხმის პირველივე დღეებიდან.

სწორედ ამ მიზეზით, მის წინააღმდეგ რუსეთში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო ღალატის ბრალდებით, ხოლო რუსეთში მცხოვრებ მის ოჯახის წევრებს უშიშროების ძალებმა მიაკითხეს. გარკვეული დროის განმავლობაში აჰმად აჰმედოვი მსახურობდა იმამ შამილის სახელობის დაღესტნის ბატალიონის მეთაურის თანამდებობაზე, თუმცა ქვედანაყოფმა ოფიციალური სტატუსის მიღება ვერ შეძლო.

რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური რედაქციის პროექტის, Kavkaz.Realii-ს რედაქციასთან საუბარში აჰმად აჰმედოვი ლაპარაკობს ეროვნული ბატალიონის პრობლემებზე, რუსეთის ხელისუფლების მიერ მის დევნაზე, ასევე იმაზე, თუ როგორ ხედავს დაღესტნის მომავალს მიმდინარე ომის კონტექსტში.

– როგორ და რა ვითარებაში შეიტყვეთ, რომ რუსეთში ბრალი დაგდეს სახელმწიფოს ღალატში?

– სოციალური ქსელებიდან შევიტყვე. რუსეთში მცხოვრებმა ბევრმა ნაცნობმა გამომიგზავნა ბმულები. რატომღაც ეს ინფორმაცია გამოქვეყნდა სპორტულ პლატფორმებზე - როგორც რუსულზე, ასევე დაღესტნურზე. ფსონი დადეს რუსეთის სპორტულ თემზე. ალბათ აშინებთ ის, რასაც ვაკეთებ. ოფიციალურად ბრალად მედება რუსეთის წინააღმდეგ ომში მონაწილეობა.

აჰმად აჰმედოვი - დაღესტნის ხალხთა სრულიად უკრაინული კონგრესის პრეზიდენტი, რუსეთის დამსახურებული მწვრთნელი და დაღესტნის კიკბოქსინგის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელია. მისი აღზრდილია მსოფლიოსა და ევროპის 16 ჩემპიონი, მათ შორის ბაშირ ტაჟდინოვი (2015 წლის მსოფლიო ჩემპიონი). რუსეთის ფედერაციის პროკურატურამ აჰმად აჰმედოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა სახელმწიფოს ღალატის ანუ სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

– თავს „რუსეთელად“ თვლით? სად არის თქვენი სამშობლო?

– არ ვიცი, რა ჰქონდათ მხედველობაში, რაზე ფიქრობდნენ, როდესაც ამ მუხლით შემიდგინეს ბრალდება. რუსეთი არასოდეს ყოფილა ჩემი სამშობლო და არც არასოდეს იქნება. დიახ, ჩვენ რუსეთის შემადგენლობაში ვიმყოფებით, ჩვენ ოკუპირებულები ვართ, მაგრამ ამით რუსეთი ჩვენი სამშობლო ვერ გახდება. მე ვერ წარმომიდგენია, რომ მაგალითად, პალესტინელებმა თქვან, რომ ისრაელი მათი სამშობლოა. მეც არ შემიძლია ვთქვა რუსეთზე. სამშობლოა ჩემი სახლი, ჩემი მშობლები, ჩემი ნათესავები, მიწა, რომელზეც დავიბადე, რომელზეც ჩემი წინაპრები ცხოვრობდნენ. დაღესტანი ჩემი სამშობლოა, ცხოვრებაში არაფერი გამიკეთებია დაღესტნის წინააღმდეგ.

- რუსეთში თუ გყავთ ადვოკატი, რომელიც გაეცნობა საქმის მასალებს და საქმის კურსში ჩაგაყენებთ თქვენ?

– არც კი ვიცი, ვინ აღძრა საქმე ჩემ წინააღმდეგ, საგამოძიებო კომიტეტმა, უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა თუ რომელიმე სხვა უწყებამ. ამაზე ვერაფერს ვიტყვი. საქმის გაცნობაში დიდ აზრს ვერ ვხედავ, არანაირი სურვილი არ მაქვს. ჩემ წინააღმდეგ უამრავი საქმეა აღძრული. ერთით მეტი იქნება თუ ერთით ნაკლები, არაფერს შეცვლის. მწამს ყოვლისშემძლესი, მოხდება მხოლოდ ის, რაც უნდა მოხდეს.

– ელოდით, რომ ასეთ საქმეს აღძრავდნენ? როგორ რეაგირებს ამაზე თქვენი ოჯახი დაღესტანში?

– ჩემი ფოტოები თითქმის ყველა რუსულ სამხედრო ვებსაიტზეა ატვირთული. ამიტომ მოულოდნელი არ ყოფილა, რა თქმა უნდა. არც მოსამართლისგან ველოდები რამე კარგ გადაწყვეტილებას. ჩვენ ყველამ ვიცით, როგორი სამართალი და კანონია რუსეთში, ვიცით, როგორ მოქმედებს იქ ხელისუფლება. დიახ, მე მყავს დიდი ოჯახი დაღესტანში, მათთან დაკავშირებით ყველაფერი რთულადაა, არ მინდა ამაზე საუბარი.

აჰმად აჰმედოვი
აჰმად აჰმედოვი

– რუსეთში საქმის აღძვრას და ძებნის გამოცხადებას ხშირად მოჰყვება ხოლმე საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის ხაზით. მზად ხართ ამისთვის?

– რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დიდი ხანია საერთაშორისო ძებნაში ვარ. ამიტომ, ვიღებ ყველა ზომას, რათა თავიდან ავიცილო რუსეთში ექსტრადირება. ვფიქრობ, როგორ დავიცვა თავი. დიდი ხანია ვცდილობ უკრაინის მოქალაქეობის მიღებას, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ჯერ არაფერი შეცვლილა.

- თქვენ ხართ კიკბოქსინგის მწვრთნელი, საზოგადო მოღვაწე და რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი მოხალისე ჯარისკაცი. ჩამოთვლილიდან რომელია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

- ახლა უფრო მეტად ვარ დაკავებული მწვრთნელის საქმიანობით. ამ დღეებში უკრაინის K-1 ჩემპიონატი [კიკბოქსინგში] მიმდინარეობს. შეჯიბრება ეძღვნება უკრაინის შეიარაღებული ძალების შექმნის 32 წლისთავს. ჩემს ფედერაციაში ბევრი სამხედრო მოსამსახურეა, სხვადასხვა ძალოვანი უწყების თანამშრომელი. 600-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს, შესანიშნავი ბრძოლები იმართება. თუმცა მწვრთნელობა არ ნიშნავს იმას, რომ სხვა საქმეებით არ ვარ დაკავებული. ერთხელ ვუყურე თურქულ სერიალს „აღმდგარი“ (მე-13 საუკუნის მუსლიმ ოღუზ თურქების შესახებ. რედ.), სადაც ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს: უნდა ისწავლო ერთდროულად ათი ხალიჩის ქსოვა. ანუ ვცდილობ ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ვიმოძრაო.

– თქვენ იყავით იმამ შამილის ბატალიონის მეთაურის მოადგილე. იგეგმებოდა უკრაინის მხარეს მებრძოლი დაღესტნელების ამ ქვედანაყოფში თავმოყრა. არ გამოვიდა?

- სამწუხაროდ, იმამ შამილის სახელობის ბატალიონმა ვერ მიიღო ოფიციალური სტატუსი ვერც შეიარაღებულ ძალებში, ვერც თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოსა და ვერც სხვა ოფიციალურ უკრაინულ სტრუქტურაში. ამიტომ პირადად ჩემთვის ბატალიონში მონაწილეობა შეჩერებულია. ვერ ვხედავდი ამ სამხედრო-პოლიტიკური სტრუქტურის განვითარების პერსპექტივას, ამ მიმართულებით არანაირი მიღწევა არ ყოფილა. ახლა მე სხვა სტრუქტურაში ვარ. ყველა აკეთებს იმას, რაც შეუძლია, იბრძვის სადაც შეუძლია.

– თქვენი სამხედრო გამოცდილებიდან და ფრონტზე არსებული ვითარების ცოდნიდან გამომდინარე, როგორ აფასებთ უკრაინის შანსებს ტერიტორიების გათავისუფლების თვალსაზრისით? ამ მოვლენების კონტექსტში როგორ გესახებათ დაღესტნის მომავალი?

- ადრე თუ გვიან უკრაინა დაამარცხებს რუსეთს. მაგრამ ამისთვის უკრაინა ერთ მუშტად უნდა შეიკრას. არადა, ჯერ ისევ ვხედავთ, როგორ აშენებენ ერთნი ხიდებს, მეორენი ას-ას გრივნას ითხოვენ ფრონტისთვის, მესამენი კი უბრალოდ გარბიან ქვეყნიდან. სამწუხაროდ, უკრაინა დაყოფილია. ვიდრე თითოეული ჯარისკაცის გასაჭირი არ იქცევა საერთო-ეროვნულ პრობლემად და თითოეული ჯარისკაცის სიკვდილი არ იქნება ეროვნული ტრაგედია, უკრაინას გაუჭირდება გამარჯვება, რაც მე ძალიან მაღონებს.

ცხოვრებაში ყველაფერი მქონდა. ახლა მხოლოდ ჩემი სამშობლოს ოკუპაციისგან გათავისუფლება მაინტერესებს. თუ რაიმეს გაკეთება შემიძლია ამისთვის, ყველაფერს გავაკეთებ. ყველაფერს, რათა დაღესტანი თავისუფალი იყოს.

***

2022 წლის ოქტომბერში უკრაინამ გამოაცხადა, რომ შეიქმნა იმამ შამილის სახელობის დაღესტნური ბატალიონი, რომლის მეთაურად დაინიშნა მაგომედ საიპულაევი, მეთაურის მოადგილედ კი - აჰმად აჰმედოვი.

2022 წლის სექტემბერში, შეიხ მანსურის სახელობის ჩეჩნეთის მოხალისეთა ბატალიონის ყოფილმა სპიკერმა, ისლამ ბელოკიევმა განუცხადა Kavkaz.Realii-ს, რომ დაღესტნის ტერიტორიაზე დეოკუპაციის მიზნით მოქმედებას იწყებდა სპეციალური დანიშნულების რაზმი "იმამატი". მისივე თქმით, რაზმის მოქმედების ერთ-ერთი მიმართულება უნდა ყოფილიყო ინფორმაციის მოპოვება უშიშროების ძალების ადგილმდებარეობის, მათი გადაადგილების, იარაღისა და აღჭურვილობის ტიპების შესახებ. ამისთვის რესპუბლიკა დაიყო ოთხ ფრონტად და 42 სექტორად. უნდა დაწყებულიყო მუშაობა ადგილობრივ მოსახლეობასთანაც. თუმცა ამ რაზმის შესახებ ახალი ინფორმაცია აღარ გავრცელებულა.

ამჟამად უკრაინის მხარეს იბრძვის ჯოხარ დუდაევის სახელობის ჩეჩნური ბატალიონი (მეთაური ადამ ოსმაევი) და რაზმი „ცოფიანი ხროვა“ უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში, ასევე შეიხ მანსურის მოხალისეთა ბატალიონი მუსლიმ ჩებერლოევსკის მეთაურობით. ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა პირობა დადო, რომ 1 მილიონ დოლარს გადაუხდიდა იმას, ვინც მიაწვდიდა ინფორმაციას ჯოხარ დუდაევისა და შეიხ მანსურის სახელობის უკრაინული ბატალიონების მეთაურების - ადამ ოსმაევისა და მუსლიმ ჩებერლოევსკის ადგილმდებარეობის შესახებ.

უკრაინის ომის ფონზე, რუსეთში მცხოვრები ხალხების ევროპული დიასპორების წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად საუბრობენ რუსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად დაყოფაზე. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვარშავაში, პრაღასა და გდანსკში გაიმართა რუსეთის თავისუფალი ხალხების რამდენიმე ფორუმი. ერთ-ერთ მათგანზე წარმოდგენილი იყო პოსტპუტინური სახელმწიფოების პროექტი. მოგვიანებით კიევში ჩატარდა კრემლის რეჟიმის მიერ შევიწროებული ხალხების დამფუძნებელი ფორუმი, რომლის მთავარი მონაწილეები იყვნენ არაღიარებული იჩქერიის წარმომადგენლები და სხვა კავკასიელი აქტივისტები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG