Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ინტერტრანსის“ მუშაობით უკმაყოფილო რუსთაველებმა საპროტესტო აქცია გამართეს


აქციის მონაწილეები
აქციის მონაწილეები

კომპანია „ინტერტრანსის“ მუშაობით უკმაყოფილო რუსთაველებმა - დაახლოებით, 15-მა ადამიანმა - 20 სექტემბერს საპროტესტო აქცია გამართეს რუსთავში, იუსტიციის სახლთან, შემდეგ კი მსვლელობა მოაწყვეს რუსთავის მერიისკენ.

ლამის ნახევარ საათს ველოდები ხოლმე მიკროავტობუსს. როცა მოდის, ვიბრძვი, რომ შიგნით ავიდე, იმდენად ბევრი ხალხი გროვდება გაჩერებებზე... ჩაჭყლეტილი სკამები... მიკროავტობუსებში ელემენტარული კომფორტიც კი არ არის...
სოსო სუხიტაშვილი

„ეს აქცია ლოგიკური გაგრძელებაა იმისა, რასაც წლების განმავლობაში სჩადის „ინტერტრანსი“. ის ვერ ასრულებს ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს. მგზავრებს თბილისიდან და პირიქით მგზავრობა გვიჭირს, კომპანია ვერ უზრუნველყოფს მგზავრთა სულ უფრო მზარდი ნაკადის მომსახურებას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას აქციის მონაწილე შოთა ტრანკაშვილმა. - "მე თბილისში ვმუშაობ. პიკის საათებში ძალიან ხშირად ვაგვიანებ სამსახურში იმის გამო, რომ სათანადო რაოდენობის ტრანსპორტი არ არის. ეს დამატებით სტრესს იწვევს“.

შოთა ტრანკაშვილის თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას ეს პრობლემა მაინცდამაინც არ აღელვებს, ამიტომ ამ აქციით სურთ პრობლემის მიმართ ყურადღების მიპყრობა.

აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, სოსო სუხიტაშვილმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „ინტერტრანსი“ მონოპოლიურ მდგომარეობაშია და, შესაბამისად, მომსახურების ხარისხიც დაბალია. მისი აზრით, რუსთავი-თბილისის სამგზავრო ხაზი უნდა გათავისუფლდეს მონოპოლიისგან.​

„როცა „ინტერტრანსს“ კონკურენტები გამოუჩნდება, ეს გამოასწორებს ვითარებას, რადგან ბუნებაში არ არსებობს კონკურენციაზე უკეთესი მარეგულირებელი...​ ლამის ნახევარ საათს ველოდები ხოლმე მიკროავტობუსს. როცა მოდის, ვიბრძვი, რომ შიგნით ავიდე, იმდენად ბევრი ხალხი გროვდება გაჩერებებზე“, - თქვა სოსო სუხიტაშვილმა. - „ჩაჭყლეტილი სკამები... მიკროავტობუსებში ელემენტარული კომფორტიც კი არ არის“.

აქციის მონაწილეები
აქციის მონაწილეები

კომპანია „ინტერტრანსი“ 2014 წელს ჩატარებულ ტენდერში გამარჯვების შემდეგ ფლობს თერთმეტივე მარშრუტს რუსთავი-თბილისის მიმართულებით და პირიქით. რუსთავის მერიამ კომპანიას 15-წლიანი ხელშეკრულება გაუფორმა და მონოპოლიური მდგომარეობა შეუქმნა.

რუსთავის მერ ირაკლი ტაბაღუას ინიციატივით, მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს მერიის საკონფერენციო დარბაზში შეხვედრა მოეწყო, სადაც მიწვეულნი იყვნენ „ინტერტრანსის“ წარმომადგენლები და კომპანიის მუშაობით უკმაყოფილო მგზავრების საინიციატივო ჯგუფი. მანამდე მერიამ კომპანიის მუშაობის მონიტორინგი ჩაატარა და დარღვევები გამოავლინა.

იმ შეხვედრაზე „ინტერტრანსის“ დირექტორმა ალექსანდრე ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მიკტროავტობუსების ნაწილი გაუმართავია და მათი შეკეთება ეტაპობრივად მიმდინარეობს. იმის მიზეზად, რომ მგზავრებს გაჩერებებზე დიდი ხნით უწევთ ლოდინი, ჯაფარიძემ თბილისის გზებზე არსებული საცობებიც დაასახელა. ალექსანდრე ჯაფარიძემ მაშინ პირობა დადო, რომ კომპანია დარღვევებს ეტაპობრივად აღმოფხვრიდა და მიკროავტობუსების რაოდენობასაც გაზრდიდა. თუმცა 20 სექტემბერს გამართული აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ქეთევან სინჯიკაშვილმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მერიაში გამართული შეხვედრის შემდეგ თითქმის არაფერი შეცვლილა.

„ამ აქციით კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ მერიას და „ინტერტრანსს“, რომ ჩვენ ისევ აქ ვართ, იგივე პრობლემები გვაქვს, რაც ერთი თვის წინ, მერთან შეხვედრის შემდეგ“, თქვა ქეთევან სინჯიკაშვილმა და დასძინა, რომ ისინი გააგრძელებენ აქციებს იქამდე, სანამ მერია და „ინტერტრანსი“ მგზავრებს პრობლემიდან გამოსავალს არ შესთავაზებენ.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG