Accessibility links

logo-print logo-print

იოზეფ საიერის შეცდომა


უნგრელი ევროპარლამენტარი იოზეფ საიერი

არა პოლიტიკოსის სექსუალური მიდრეკილებები თუ სექსუალურ ორგიაში მონაწილეობა, არამედ „ფარისევლობა“ და „ორპირობაა“ ის მთავარი ბრალდებები, რომლებიც უნგრელი ევროპარლამენტარის მისამართით გაისმის საჯარო სივრცეში მას შემდეგ, რაც უნგრეთის პარტია Fidesz-ის წევრმა იოზეფ საიერმა აღიარა, რომ 27 ნოემბერს ბრიუსელში მონაწილეობდა კერძო წვეულებაში და ამით დაარღვია პანდემიასთან დაკავშირებით შემოღებული აკრძალვა.

მაგრამ ბელგიის პოლიციას ევროპარლამენტარის მიმართ უფრო მეტი პრეტენზია აქვს.

როგორც რადიო თავისუფლების უნგრული სამსახური იუწყება, 27 ნოემბერს, როდესაც მიმდინარეობდა დახურული "გეი-პარტი", ერთ-ერთმა სტუმარმა საწვიმარი მილის საშუალებით სცადა გაქცევა. თვითმხილველთა თქმით, მას ხელები დასისხლიანებული ჰქონდა.

მოგვიანებით, 1 დეკემბერს, პოლიციამ მოახდინა ამ პირის იდენტიფიცირება. იგი აღმოჩნდა უნგრელი ევროპარლამენტარი იოზეფ საიერი, რომელმაც ტრავმა, სავარაუდოდ, გაქცევის მცდელობის დროს მიიღო.

პოლიციის ცნობით, მამაკაცი, რომელმაც სამართალდამცველებს ევროპარლამენტის წევრად წარმოუდგინა თავი, პოლიციამ საცხოვრებელ სახლამდე მიაცილა. ჩხრეკისას ევროპარლამენტარის ზურგჩანთაში „აღმოჩნდა ნარკოტიკი“, ე.წ. ექსტაზი, რასაც იოზეფ საიერი გადაჭრით უარყოფს.

„პოლიცია ამბობს, რომ ჩანთაში ექსტაზი იპოვეს. ეს ჩემი არ არის. არ ვიცი, ვინ და როდის ჩადო იქ“, - განაცხადა უნგრელმა ევროპარლამენტარმა.

„ფიდესის“ საყრდენის დაკარგვა

მთლიანობაში, ზემოხსენებულ სექს-საღამოზე პოლიციამ 25 კაცი, მეტწილად მამაკაცები, დააკავა. ადგილობრივი გამოცემების თანახმად, საიერის გარდა აკრძალულ წვეულებაში მონაწილეობდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების კიდევ რამდენიმე დიპლომატი, რომელთა ვინაობა არ გამოაშკარავებულა.

აკრძალულ სექს-პარტიში მონაწილე თითოეულ პირს 250 ევროს ჯარიმა დაეკისრა. ყველა დაკავებული პოლიციის განყოფილებიდან მალევე გაათავისუფლეს, თუმცა ბელგიის შინაგან საქმეთა სამინისტროში ინციდენტის გამოძიება გრძელდება.

თუ რით დამთავრდება ეს გამოძება, ახლა უცნობია. თუმცა უნგრელი ევროპარლამენტარისათვის საპარლამენტო და პოლიტიკური კარიერა თითქმის დასრულდა.

როგორც რადიო თავისუფლების უნგრული სამსახური იტყობინება, იოზებ საიერი სკანდალური წვეულების მეორე დღეს გადადგა ევროპარლამენტარის პოსტიდან, მომხდარის გამო სინანული გამოხატა, საკუთარ საქციელს უწოდა „უპასუხისმგებლო“და დასძინა, რომ არ სურს ამან მის საჯარო რეპუტაციაზე იმოქმედოს.

მაგრამ საიერის საჯარო და პოლიტიკური რეპუტაცია სერიოზული დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა უნგრეთში, სადაც ევროპარლამენტარი ცნობილი იყო თავისი უმწიკვლო რეპუტაციით და პროფესიონალიზმით.

“30 წლის განმავლობაში მთელი ქვეყანა ხედავდა მასში საიმედო, ჭკვიან და მშვიდ ადამიანს, რომელსაც თავის საქმიანობაში მაღალი კომპეტენცია გამოარჩევდა. აქამდე მას არ მიუცია თავისი ოპონენტებისათვის გაკიცხვის რაიმე მიზეზი, მაგრამ ახლა ისე გამოაჭენა საკუთარი თავი, რომ ეს ნიშნავს მისი პოლიტიკური კარიერის დასასრულს. მისი წასვლით „ფიდესი“ კარგავს ერთ-ერთ საყრდენს. გასაგებია, რომ ნაციონალისტური ყაიდის ბევრი ამომრჩეველი იმედგაცრუებული და განრისხებილია“, - წერს უნგრული პროსამთავრობო ბლოგ-პორტალი „PestiSrácok“-ი.

„ფარისევლობა და ორპირობა“

59 წლის იოზეფ საიერი უნგრეთის მმართველი მემარჯვენე-კონსერვატიული პარტია „ფიდესის“ ერთ-ერთი წამყვანი წევრი და პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის სტაჟიანი თანამებრძოლია.

იგი ერთ-ერთი თანაავტორია 2011 წელს უნგრეთში მიღებული ახალი კონსტიტუციისა, რომელშიც მოხსენიებული „ღმერთი“, „ქრისტიანობა“ და „ტრადიციული ფასეულობები“, ქორწინება განსაზღვრულია, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი.

და, აი, ამ კონსერვატორული ქრისტიანული ღირებულებების პროპაგანდისტი პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი ლიდერი თავად აღმოჩნდა ღამის დახურულ სექს-წვეულებაზე შენობაში, რომელშიც გეი-ბარი მდებარეობს.

„თავისი სექსუალური მიდრეკილების გამო, არავინ არ უნდა განვსაჯოთ, არც მორალური და არც იურიდიული თვალსაზრისით, ყოველ შემთხვევაში მანამდე, ვიდრე დასჯადი ქმედება არ იქნება ჩადენილი. თავაშვებული სექსუალური ცხოვრება უფრო მკაცრად არც მაშინ უნდა განისაჯოს, თუ საქმე ეხება საზოგადო მოღვაწეს... მაგრამ სულ სხვაა, როდესაც ადამიანი წარმოადგენს ვითომ ქრისტიანული ღირებულებებითა და კონსერვატიზმით გამსჭვალულ პოლიტიკურ იდეოლოგიას. ამიტომ რაც სინამდვილეში ყველაზე უფრო სკანდალურია ამ სკანდალში, ეს არის ფარისევლობა და ორპირობა“, - წერს უნგრული ვებსაიტი „Telex“-ი.

იზოეფ საიერი, ფაქტობრივად, უნგრეთის ევროკავშირის გაწევრიანების შემდეგ, 2014 წლიდან არის ევროპარლამენტის წევრი. იგი მრავალი წლის განმავლობაში, 2019 წლამდე ევროპარლამენტის ერთ-ერთი წამყვანი „ევროპის სახალხო პარტიის“ ფრაქციას ხელმძღვანელობდა.

თუ როგორ აღმოჩნდა 27 ნოემბრის დახურულ სექს-პარტიზე და რით იყო იქ დაკავებული დანარჩენ 24 სტუმართან ერთად უნგრელი ევროპარლამენტარი, ჯერჯერობით კვლავ უცნობია.

29 ნოემბერს, ევროპარლამენტიდან წასვლის გადაწყვეტილებასთან ერთად, იოზეფ საიერმა თავის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მხოლოდ ის აღიარა, რომ პოლიტიკაში ოცდაათწლიანი მოღვაწეობის მანძილზე, გარკვეულ პერიოდში „ყოველდღიურ პოლიტიკურ ბრძოლაში მონაწილეობა მისთვის სულ უფრო და უფრო მძიმე ემოციურ ტვირთად გადაიქცა“.

უნგრელმა პოლიტიკოსმა პატიება სთხოვა თავის მეუღლეს, ტუნდო ჰანდოს, ცნობილ უნგრელ მოსამართლეს, რომელთანაც იოზეფ საიერს ქალიშვილი ჰყავს.

ამასთან, იოზეფ საიერმა კვლავ დაადასტურა, რომ განაგრძობს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პოლიტიკის სრულ მხარდაჭერას.

და ეს იმ ფონზე, როდესაც ბრიუსელი უნგრეთისა და პოლონეთის მემარჯვენე მთავრობების პირობებში ამ ორი ქვეყნის მხრიდან დემოკრატიისთვის ზურგის შექცევას ხედავს. ამის პასუხად პოლონეთმა და უნგრეთმა 17 ნოემბერს დაბლოკეს ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტი და ფინანსური დახმარების პაკეტი, რომელიც კორონავირუსის პანდემიისგან მიღებული ზარალის გამოსწორებას უნდა მოხმარდეს და რომლის მოცულობა 1,8 ტრილიონ დოლარს უდრის.

ბრიუსელში ფიქრობენ, რომ პანდემიასთან ბრძოლის პირობებში ევროკავშირისთვის ეს შეიძლება კრიზისის მომტანი იყოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG