დაბა ბედიანი წალკის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ულამაზესი დაბა მთებშია ჩაფლული. ბედიანამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის, თეთრი წყაროდან რომელიმე ადგილობრივი მძღოლი თუ აგიყვანთ. გზები დაბამდე გასაკეთებელია. სოფელში შეხვალთ და ბედიანის ბავშვთა ცენტრი შემოგხვდებათ, სადაც ბავშვებთან ერთად აღმზრდელი და ცენტრის დამფუძნებელი ზვიად ხაფავა და მისი ოჯახიც ცხოვრობს. აქაურობა სულაც არ ტოვებს რაიმე ცენტრისა თუ ბავშვთა სახლის შთაბეჭდილებას, ეს არის უბრალოდ ერთი დიდი, თბილი სახლი, დიდი ოჯახითა და ნაპოვნი მზით, რომელიც ამ მხარეში, ბედიანში, განსაკუთრებულად ანათებს.
ბედიანში ბავშვები მოწყენილები არ არიან, საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობენ. ოთახებში შესვლისას დაინახავთ მათ ნახატებს, სათამაშოებს. ყველა ოთახი განსხვავებულია და ყველა ოთახში იგრძნობა მათი დამოკიდებულება სამყაროს მიმართ. ბედიანში სტუმრობისას რამდენიმე ბავშვი დამხვდა. ბედიანის ბავშვთა ცენტრის აღმზრდელის, ზვიად ხაფავას ოთხი შვილიც აქ ცხოვრობს და ყველაზე მეტად რაც თვალში მოგხვდებათ, ბავშვების ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება და ზრუნვაა. ყველა ერთმანეთის მეგობარია და ეს გარემო, რომელიც ბედიანშია შექმნილი, ამ ბავშვების დამსახურებაა. ბავშვებთან გასაუბრებაც ერთი ბედნიერებაა. ისინი სიხარულით ჰყვებიან ხოლმე ამა თუ იმ ღონისძიების შესახებ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავად წყვეტენ, რა უნდათ. დათოს, რომელსაც ფოტოს გადაღება ვთხოვე, უარი მითხრა, გამიღიმა და თავის მეგობარ ზუკასთან ერთად ბედიანის მოედანზე სათამაშოდ წავიდა. ზუკამ კი უთხრა, „კარგი რა, ერთი ფოტო გთხოვაო“, მაგრამ არა, არ უნდოდა. აქ ბავშვებს არავინ არაფერს ახვევს თავს. ბედიანი ამ ბავშვებისთვის სახლია, სადაც ყოფნა უხარიათ.
„ ყველაფერი დაიწყო ძეგვში 1995 წლის შემოდგომაზე, როდესაც ძეგვის ბავშვთა სახლს მეგობართან ერთად პირველად ვესტუმრე. ძალიან რთული პერიოდი იყო - ომიანობა, დიდი გაჭირვება. ძეგვის ბავშვთა სახლი ახალი შექმნილი იყო, იმ ზაფხულს დაიწყო ეს საქმიანობა. ქუჩაში ბევრი ბავშვი და გაჭირვებული დახმარებას ითხოვდა. გაჭირვება ყველასთვის თვალშისაცემი იყო - ქუჩაში, მიწისქვეშა გადასასვლელებში, მეტროში. პატრიარქმა ფერისცვალების მონასტერს დახმარებით მიმართა. ეს მონასტერი ავლაბარში მდებარეობდა, ბავშვები მონასტერში აჰყავდათ. რამდენიმე ბავშვმა დარჩენაც მოინდომა. სამეზობლოსთვის ამ ბავშვებმა მაშინ პრობლემა შექმნეს. ბავშვებს ქუჩიდან ბევრი მანკიერი თვისება ჰქონდათ გამოყოლილი“, - იხსენებს ზვიად ხაფავა, ბავშვების აღმზრდელი.
მეზობლების დამოკიდებულება და ბავშვებისთვის უკეთესი პირობების შექმნა ერთ-ერთი ფაქტორი იყო, რის გამოც ბავშვები ძეგვის ბავშვთა სახლში გადაიყვანეს.
დღეს ბედიანში მცხოვრები ყველა ბავშვი ოჯახში იზრდება. ისინი დიდი ოჯახის შვილები არიან, თანატოლების თანასწორნი და აღარც წლებისწინანდელი სტიგმა არსებობს, როდესაც ძეგვში ისინი „ქუჩის ბავშვები“ იყვნენ.
„ძეგვი არის მცხეთიდან მანქანით ხუთი წუთის სავალზე, ადვილი იყო კომუნიკაცია ქალაქთან. ძეგვში გვქონდა ერთი დიდი სივრცე, დიდი შენობა, სადაც სკოლაც იყო და სასადილოც. ბავშვებს ძალიან ბევრი გართობის საშუალება ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქთან ძალიან ახლოს ვიყავით, ამავე დროს, ძალიან მოწყვეტილები იყვნენ ქალაქს, სხვა ბავშვებს. ექსკურსიებზეც დავდიოდით, ლაშქრობებზეც, ქალაქში სიარულიც უწევდათ, თუმცა თანატოლებთან ურთიერთობა არ ჰქონდათ, საზოგადოება ორად იყო გაყოფილი: ჩვენი ბავშვები ცალკე სოციუმი იყო, „ქუჩის ბავშვები“, და დანარჩენნი კი სხვა სამყაროს ბავშვები იყვნენ“.
ბედიანში ყველაფერი სხვაგვარადაა. ბავშვები სხვადასხვა ღონისძიებაში ადგილობრივებთან ერთად მონაწილეობენ. აქ ყველა ერთადაა ჩართული ბედიანის ცხოვრებაში.
„ბავშვები არ არიან იზოლირებული, უცხოელი ბავშვებიც ჩამოდიან და ესენიც მიდიან.ზოგიერთ ღონისძიებაში ქალაქისა და რეგიონის ბავშვებიც ერთად მონაწილეობენ - მაგალითად, წალკის, ბედიანისა და თბილისის სკოლა. ზაფხულობით ისვენებენ ზღვის, ზამთარში კი სამთო-სათხილამურო კურორტებზე დადიან, გუდაურსა და ბაკურიანში არიან ნამყოფები. ამათი გამოყოფა რომ არ მოხდეს, ბედიანის ბავშვებიც არიან ამ ყველაფერში ჩართული. ამიტომ სოფლის მოსახლეობის ბავშვებსაც ბევრ რამეზე მიუწვდებათ ხელი. მაგალითად, შარშან მთელი სკოლა წავედით ბაკურიანში, რაღაც მოლაპარაკება გვქონდა. ყველასთვის ხელმისაწვდომ ფასში წავედით. თხილამური რომ არავის ჰქონდა ნანახი, ყველა დადგა თხილამურზე და მგონია, რომ ეს მათ ცხოვრებაში დასამახსოვრებელი მომენტი იყო. ჩვენი ბავშვები ნამყოფები არიან ბევრ სამეცნიერო დაწესებულებაში. ბევრი ნაცნობი და მეგობარი უჩნდებათ. ყველანაირ ინფორმაციაზე მიუწვდებათ ხელი, იმიტომ რომ თავადაც აქვთ კომპიუტერული ტექნიკა, ტელეფონები, ინტერნეტთან წვდომა“, - გვიამბობს ზვიადი.
ბედიანში ამ ბავშვებმა სიცოცხლე შემოიტანეს და წალკის მუნიციპალიტეტში ძალიან მნიშვნელოვანი ქართული კერაც გაჩნდა. ბედიანის საჯარო სკოლის არსებობამდე რუსული სკოლა იყო, სადაც მხოლოდ რვაწლიან განათლებას იღებდნენ, ახლა კი, ზვიადისა და მისი მეგობრების დახმარებით, საჯარო სკოლაა, სადაც ყველა სრულფასოვან განათლებას იღებს და სწავლას სხვადასხვა უნივერსიტეტში განაგრძობს:
„წალკაში გვინდოდა ქართული ენა დამკვიდრებულიყო, ქართული სული გაჩენილიყო. გარდა ამისა, აქ ყველაფერი იყო მიტოვებული და ძალიან იაფი. ჩვენი ბავშვები დათრგუნვილი იყვნენ იმ გაჭირვებისგან, რომელიც მანამდე ჰქონდათ ნანახი და გადატანილი. ბედიანი ერთ-ერთი იდეალური ადგილი იყო მათთვის. ქუჩაში ცხოვრებისას ასაკის მიხედვით სხვადასხვა დაჯგუფებაში ხვდებოდნენ. ამ დაჯგუფებებში იყვნენ ბავშვები მრავალშვილიანი ოჯახებიდანაც. როცა ბავშვი ჩვენთან მოდიოდა და ნახავდა, რომ აქ რაღაც უკეთესი იყო, ვიდრე ქუჩაში, გვეკითხებოდა, თუ შეიძლება ჩემი მეგობარი მოვიყვანოო. მერე ამ ბავშვებმა მშობლებიც ჩამოიყვანეს. ფაქტობრივად, ოჯახები აღდგა, რომლებიც ერთად არც ყოფილან. აქ იყო საშუალება, რომ ოჯახებად ეცხოვრათ მშობლებსა და შვილებს. ახლა უკვე შვილიშვილებიც ჰყავთ“.
ბედიანში ჩასვლისას აუცილებლად იგრძნობთ ზვიადის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას აღსაზრდელების მიმართ და ამაზე ინტერვიუშიც ლაპარაკობს:
„მე როდესაც ჩავედი ძეგვში, ვიყავი 17 წლის. დიდი ხნის განმავლობაში მოხალისე ვიყავი. გვიხაროდა, რასაც ვაკეთებდით. ჩვენ რაც შეგვეძლო, ვეხმარებოდით და არავინ არ იღებდა გასამრჯელოს. არც დირექტორს ჰქონდა ხელფასი და არც მასწავლებელს. ჩვენ ამ ყველაფერს ერთად, ერთმანეთისგან ვსწავლობდით და ამ დროის განმავლობაში პრაქტიკული გამოცდილებაც მივიღეთ. თითოეული ბავშვი ინდივიდია. ყველა მათგანს აბსოლუტურად სხვადასხვა განწყობა აქვს, სხვადასხვა ტემპერამენტი, აბსოლუტურად სხვადასხვაგვარად შეუძლიათ ყველაფრის აღქმა, ჭამაც კი. ინდივიდუალური მიდგომა სჭირდებათ. ამ ყველაფერსაც ვითვალისწინებდით. ვისწავლეთ როგორ მივდგომოდით ბავშვებს ინდივიდუალურად“.
ბედიანის ამ ოჯახში ყველას შეუძლია დარჩენა, არ არსებობს ასაკობრივი შეზღუდვა. ზვიადთან საუბრისას ხვდებით, რომ არ არსებობენ სხვისი შვილები. ამ დიდ ოჯახს ეხმარებიან თავად ბედიანში აღზრდილებიც, რომლებმაც ცხოვრება ბედიანის გარეთაც წარმატებით განაგრძეს. ზვიადისთვის თითოეული ამ ბავშვის წარმატება საკუთარი წარმატებაა და მთელი გულით გულშემატკივრობს მათ. „ერთ-ერთ სატელევიზო გადაცემაში ჩემმა ბავშვებმა გაიმარჯვეს და ცხოვრებაში პირველად სიხარულისგან ავცეკვდიო“, - ამბობს.
ეს ბედიანია, სადაც ყველა თავისი მზის პოვნას ახერხებს.