Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეს ჩვენი ომი არ არის - ირანელები ნაკლებად უჭერენ მხარს პალესტინელებს ისრაელისა და „ჰამასის“ დაპირისპირების ფონზე


სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული, პალესტინის მხარდასაჭერი მიტინგის დროს ბასიჯის სტილში ჩაცმული ადამიანები განასახიერებენ ისრაელის პრემიერ-მინისტრის "დაპატიმრების" სცენას. თეირანი. 13 ოქტომბერი
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული, პალესტინის მხარდასაჭერი მიტინგის დროს ბასიჯის სტილში ჩაცმული ადამიანები განასახიერებენ ისრაელის პრემიერ-მინისტრის "დაპატიმრების" სცენას. თეირანი. 13 ოქტომბერი

ირანი პალესტინის საქმეში წამყვან ძალად წარმოაჩენს თავს მუსლიმურ სამყაროში. თუმცა, ირანელებმა დიდი მხარდაჭერა არ გამოავლინეს პალესტინელების ბრძოლის მიმართ სახელმწიფოებრიობისთვის და ხელისუფლება გააკრიტიკეს ისრაელთან მებრძოლი „ჰამასის“ მხარდაჭერისთვის.

„ხალხისთვის, ირანელებსა და პალესტინის საქმეს შორის მცირე კავშირია. იმიტომ არა, რომ ხალხი არ თანაუგრძნობს პალესტინელებს, არამედ იმიტომ, რომ უბრალო მოქალაქეები უფრო ფართოდ არიან დაპირისპირებული მთავრობის რეგიონულ პოლიტიკასთან“, - ამბობს ერთ-ერთი ირანელი ექსპერტი.

ირანის სასულიერო ხელმძღვანელობა ათწლეულების განმავლობაში უჭერდა მხარს პალესტინელებს და უარს ამბობდა ისრაელის აღიარებაზე.

მაგრამ პალესტინის სახელმწიფოებრიობისთვის ბრძოლის საჯარო მხარდაჭერა მცირეა ირანში - ძირითადად შიიტურ მუსლიმურ, სპარსულენოვან ქვეყანაში, რომელიც უპირატესად სუნიტურ არაბულ ახლო აღმოსავლეთში მდებარეობს.

მეტიც, ბევრმა ირანელმა გააკრიტიკა ხელისუფლება ისრაელის წინააღმდეგ მებრძოლი პალესტინელების რადიკალური დაჯგუფების მხარდაჭერის გამო. ის კი არა, ზოგიერთმა ლამის მხარდაჭერა გამოხატა თეირანის დაუძინებელი მტრის - ისრაელის მიმართ.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე კონფლიქტმა პალესტინელების მხარდამჭერი საპროტესტო აქციები გამოიწვია მთელ ახლო აღმოსავლეთში. ირანში კი სოლიდარობის საჯარო გამოვლინება უმეტესად სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მიტინგებით შემოიფარგლება.

„ხალხისთვის ირანელებსა და პალესტინის საქმეს შორის მცირე კავშირია“, ამბობს სანამ ვაქილი, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის პროგრამის დირექტორი ლონდონის „ჩათემ ჰაუსში“. „იმიტომ არა, რომ ხალხი არ თანაუგრძნობს პალესტინელებს, არამედ იმიტომ, რომ უბრალო მოქალაქეები უფრო მეტად უპირისპირდებიან მთავრობის რეგიონულ პოლიტიკას“.

ირანის შაჰის დროს, რომელსაც აშშ უჭერდა მხარს, თეირანს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ისრაელთან, მაგრამ 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ, ირანმა ფიცი დადო, რომ ისრაელი უნდა განადგურდეს.

გასული ოთხი ათწლეულის განმავლობაში, ირანმა ჩამოაყალიბა ე.წ. წინააღმდეგობის ღერძი ისრაელის წინააღმდეგ და ფინანსურ და სამხედრო დახმარებას უწევდა შეიარაღებულ ჯგუფებს, მათ შორის „ჰამასს“ ღაზის სექტორში და ლიბანურ საბრძოლო დაჯგუფება „ჰეზბოლას“.

ირანელ ქალს უჭირავს პალესტინის დროშა პალესტინელების მხარდასაჭერი მიტინგის დროს თეირანში. ირანი, 2023 წლის 13 ოქტომბერი.
ირანელ ქალს უჭირავს პალესტინის დროშა პალესტინელების მხარდასაჭერი მიტინგის დროს თეირანში. ირანი, 2023 წლის 13 ოქტომბერი.

"არაფერი გაჭირვების გარდა"

7 ოქტომბერს, ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, რომელსაც 1400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ირანის ოფიციალური პირები სადღესასწაულო განწყობაზე იყვნენ.

თეირანში ხელისუფლებამ გამოფინა პლაკატები, რომლებიც პალესტინის ტერიტორიების „დიდი გათავისუფლების“ დაწყებისა და ისრაელის დაღუპვის შესახებ იუწყებოდნენ. ირანის ოფიციალურმა პირებმა უარყვეს, რომ ქვეყანას რამე როლი ჰქონდა თავდასხმაში.

13 ოქტომბერს, მთელ ირანში ჩატარდა სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული საპროტესტო გამოსვლები პალესტინელი ხალხის მხარდასაჭერად და ისრაელის მიერ ღაზის სექტორის მიმდინარე დაბომბვის წინააღმდეგ, რომელსაც ღაზის სექტორის ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 6000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ეს მკვეთრად უპირისპირდება საზოგადოების რეაქციას ირანში, სადაც ბევრი ეწინააღმდეგება თეირანის მიერ ისრაელთან მებრძოლი რეგიონული მოკავშირეების დაფინანსებას.

ბევრი იმას ჩივის, რომ ხელისუფლებამ ეს სახსრები ირანის მზარდი ეკონომიკური კრიზისისკენ უნდა მიმართოს, უკანასკნელ წლებში მკვეთრად მზარდი ინფლაციის, უმუშევრობისა და სიღატაკის წინააღმდეგ.

შეიარაღებული დაჯგუფებების მხარდაჭერამ - რომელთაგან ზოგიერთი ტერორისტულ დაჯგუფებადაა გამოცხადებული დასავლეთის მიერ - თეირანი საერთაშორისო გაკიცხვის და აშშ-ის გამანადგურებელი სანქციების სამიზნედ აქცია.

არაშ აზიზი
არაშ აზიზი

„ირანელებს მნიშვნელოვანწილად ეზიზღებათ რეჟიმის საგარეო პოლიტიკა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათთვის მას უბედურების, საერთაშორისო იზოლაციისა და ეკონომიკური სიძნელეების მეტი არაფერი მოუტანია“, ამბობს არაშ აზიზი, ავტორი წიგნისა: „ჩრდილოვანი მეთაური: სულეიმანი, აშშ და ირანის გლობალური ამბიციები“.

„მათ ასევე იციან, რომ რეჟიმი მხარს უჭერს არა "პალესტინის საქმეს", როგორც ასეთს, არამედ ისლამისტურ ტერორისტულ დაჯგუფებებს, რაც მათ კიდევ უფრო ნაკლებად პოპულარულს ხდის ირანელთა უმეტესობისათვის“, - დასძინა აზიზიმ, რომელიც უფროსი ლექტორია კლემსონის უნივერსიტეტში, შეერთებულ შტატებში.

ბოლო წლების ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს, დემონსტრანტები იძახდნენ: „მოეშვით პალესტინას. ამის ნაცვლად ჩვენზე იფიქრეთ“ და „არა - ღაზას, არა - ლიბანს, დაე, შეეწიროს ირანს ჩემი სიცოცხლე“.

„უკვე ათწლეულების განმავლობაში და განსაკუთრებით საპროტესტო გამოსვლებისას, ირანელები იმედგაცრუებას გამოხატავდნენ მთავრობის მიერ სახსრების საგარეო და არა საშინაო მიზნებისთვის ხარჯვის გამო“, - ამბობს ვაქილი.

„ისრაელთან სოლიდარობა“

ზოგიერთმა ირანელმა სოციალური მედიის საშუალებით მხარდაჭერა გამოუცხადა ისრაელს, სადაც ირანული წარმოშობის ათობით ათასი ებრაელი სახლობს. ირანს ასევე ებრაელების ყველაზე მრავალრიცხოვანი მოსახლეობა ჰყავს ახლო აღმოსავლეთში ისრაელის ფარგლებს გარეთ.

„ბევრი ირანელი გამოხატავს სოლიდარობას ისრაელის მიმართ, რადგან სურთ, აჩვენონ, რომ ისინი არ იზიარებენ რეჟიმის ისრაელის საწინააღმდეგო და ანტისემიტურ ხაზს“, ამბობს აზიზი. „ისინი ასევე ხედავენ, რომ რეჟიმის ანტიისრაელურ მიმართულებას ქვეყანა სახიფათო იზოლაციისკენ მიჰყავს“.

20 ოქტომბერს ფეხბურთის ათასობით გულშემატკივარმა უკმაყოფილება ერთხმად გამოხატა ღაზაში დაღუპულებისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილის მიმართ მატჩის დაწყების წინ, ირანის უდიდეს „აზადის“ სტადიონზე თეირანში.

ამასთან, 8 ოქტომბრის საფეხბურთო მატჩისას, „აზადის“ სტადიონზე, საფეხბურთო კლუბ „პერსეპოლისის“ გულშემატკივრებმა სტადიონზე მოფრიალე პალესტინის ავტონომიის დროშების გამო პროტესტი გამოთქვეს და გაიძახოდნენ: „უკან გაიკეთეთ თქვენი პალესტინური დროშა!“

ამასობაში, გამოჩენილმა ირანელმა აქტივისტებმა და ინტელექტუალებმა უკმაყოფილება გამოთქვეს ისრაელთან დაპირისპირების პოლიტიკის და იმ ზარალის გამო, რომელიც ირანს ამის შედეგად ადგება.

სადეღ ზიბაქალამმა, თეირანის უნივერსიტეტის პროფესორმა, X-ზე (ყოფილ ტვიტერზე) განაცხადა, რომ ირანელმა ოფიციალურმა პირებმა და კანონმდებლებმა „მკაფიოდ და საჯაროდ დაუჭირეს მხარი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმებს.

„რანაირად ემსახურება ეს თავდასხმები ირანელი ხალხის ინტერესებს?“ - სვამს შეკითხვას ზიბაქალამი.

ათენა დაემიმ, უფლებადამცველმა აქტივისტმა და ყოფილმა პოლიტიკურმა პატიმარმა, 8 ოქტომბერს განაცხადა, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC), შეიარაღებული ძალების ელიტური დანაყოფია „პასუხისმგებელი ყველა არეულობისთვის რეგიონში - შეიარაღებული გაერთიანებების და ტერორისტული დაჯგუფების აღჭურვითა და მხარდაჭერით“.

„ყუდსის“ ძალები, IRGC-ის ელიტური ქვედანაყოფი, პასუხისმგებელია ირანის სამხედრო და საიდუმლო ოპერაციებზე საზღვარგარეთ და ზედამხედველობას უწევს პროირანული სამხედრო დაჯგუფებების ქსელს რეგიონში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG