Accessibility links

site logo site logo

ისევ დიპლომატია რუსეთის აგრესიის პირისპირ - რა არ უნდა გამოგრჩეს 20 იანვარს


რუსეთის ჯარი უკრაინას ბელარუსის საზღვრიდანაც უახლოვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კვლავ მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს, რომ აირჩიოს „დიპლომატია და მშვიდობიანი გზა“ და უარი თქვას „შემდგომ აგრესიულ ნაბიჯებზე უკრაინის წინააღმდეგ“.

ეს განცხადება ენტონი ბლინკენმა 19 იანვარს გააკეთა კიევში ვიზიტისას, რომლის მთავარი მიზანიცაა შეაკავოს რუსეთის მოსალოდნელი სამხედრო თავდასხმა დასავლეთის მოკავშირე უკრაინაზე.

ვითარება რეგიონში ისევ უკიდურესად დაძაბული რჩება. რუსული ჯარები უკრაინას ბელარუსის მხრიდანაც უახლოვდებიან. აშშ და მისი ბალტიისპირა მოკავშირეები ფიქრობენ, რომ შეჭრის შემთხვევაში შესაძლოა ლუკაშენკას რეჟიმმა დამატებითი პლაცდარმი მისცეს რუსეთს.

18 იანვარს ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 10-20 თებერვლამდე ბელარუსში ჩატარდება რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი მასშტაბური სამხედრო წვრთნა, სახელწოდებით „საკავშირო სიმტკიცე 2022“, რომელში მონაწილეობის მისაღებად უკვე დაიწყეს სასწავლო მანევრების ზონაში თავმოყრა მასპინძელი ქვეყნისა და ბელარუსის შესაბამისმა სამხედრო დანაყოფებმა.

რუსეთმა გასულ კვირაში დასავლეთთან სამი დიპლომატიური დიალოგი უკმაყოფილომ დატოვა და მისმა მუქარის ტონმაც უფრო აიწია. ეს კი მას მერე, რაც დასავლეთმა მოსკოვის ულტიმატუმები არ მიიღო, მათ შორის, ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებასთან დაკავშირებით. ეუთოში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა 13 იანვარს თქვა, რომ მოსკოვი მიიღებს ყველა ზომას სტრატეგიული ბალანსის უზრუნველსაყოფად და „ეროვნული უსაფრთხოებისათვის მიუღებელი მუქარების აღმოსაფხვრელად“.

მიუხედავად ამისა, ვაშინგტონი მაინც ცდილობს დიპლომატიურ რელსებზე დააბრუნოს პროცესი. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მხრიდან კომპრომისების გამონახვის მორიგი მცდელობა იქნება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრა, რომელიც პარასკევს გაიმართება ჟენევაში, მანამდე კი ენტონი ბლინკენი ბერლინში შეხვდება ევროპელ მოკავშირეებს.

წაიკითხე მეტი კობა ლიკლიკაძის სტატიაში.

რატომ ვერ ყიდულობენ დევნილები ბინებს, თუკი სახელმწიფო მზადაა, გადაიხადოს?

მთავრობა დევნილებს ახალი ბინების შესაძენად ფულს აძლევს, ისინი კი ისევ იმ შენობებში რჩებიან, სადაც ცხოვრება სახიფათოა. დევნილები შეთავაზებულ თანხას იწუნებენ, თუ სახელმწიფო სთავაზობს მათ არარეალურ პირობებს?

16 იანვარს სანატორიუმ „ქართლში“ ტრაგედია დატრიალდა, თვითმხილველების თქმით, 52 წლის დევნილი ზურაბ ქირია პროტესტის ნიშნად სახურავიდან გადმოხტა და გარდაიცვალა. დევნილები ამბობენ, რომ ის ასეთი გზით შეეცადა ხელისუფლებისა და საზოგადოების ყურადღების მიპყრობას.

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის ომიდან 29 წელია გასული, დევნილების ნახევარი ისევ ბინის გარეშეა. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მონაცემებით, სულ რეგისტრირებულია 91 671 დევნილი ოჯახი (290 209 იძულებით გადაადგილებული პირი), აქედან დღემდე დაკმაყოფილდა 45 715 დევნილი ოჯახი. ბინის მაძიებელთა გრძელ სიაში თითოეულ ოჯახს თავისი ქულა აქვს. ქულაზე გავლენას ახდენს ისიც, არის თუ არა, მაგალითად, ოჯახში შშმ პირი ან, ვთქვათ, ომის ვეტერანი. ვისაც მაღალი ქულა აქვს, ბინასაც პირველი ის იღებს.

დევნილების ბინებით დასაკმაყოფილებლად სახელმწიფოს რამდენიმე ალტერნატივა აქვს. სააგენტოში ირწმუნებიან, რომ 2022-2024 წლებში ახალი საცხოვრებელი კიდევ 13 000 დევნილ ოჯახს გადაეცემა.

რაც შეეხება სანატორიუმ „ქართლს“, სააგენტოში აცხადებენ, რომ ამ შენობაში ფაქტობრივად მცხოვრებ ყველა ოჯახს განსახლების ორი გზა შესთავაზეს:

  • 300 ლარად ქირით გადასვლა;
  • დევნილმა თავად შეარჩიოს ბინა, რომლის საფასურს სახელმწიფო გადაიხდის. ბინის ერთი კვ.მ 550 დოლარზე მეტი არ უნდა დაჯდეს.

თუ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის საიტზე ამ თანხით ბინის ძებნას დაიწყებთ, აღმოჩნდება, რომ არჩევანი არის, თუმცა, არცთუ ისე დიდი. ძირითადად ასეთი ბინები ან მშენებარეა, ან ძლიერ სარემონტო

ვრცლად წაიკითხე თეა თოფურიას სტატიაში.

ეპიდემიური მდგომარეობა საქართველოსა და მსოფლიოში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი პიკური მაჩვენებელია. ინფიცირებულთა დღიურმა რაოდენობამ 8500-ს გადააჭარბა.

პანდემიის განმავლობაში დღე-ღამეში ვირუსის გამოვლენის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 18 იანვარს (7521) დაფიქსირდა, მანამდე არსებული ხუთი ტალღის განმავლობაში კი პიკური მაჩვენებელი 6208 იყო.

ოთხშაბათს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა განაცხადა, რომ COVID-19-ის პანდემია "დასრულებასთან ახლოსაც არ არის". მისი თქმით, შედარებით მსუბუქად მიჩნეული ახალი ვარიანტი, „ომიკრონი“, იწვევს ინფიცირების სარეკორდოდ მაღალ მაჩვენებელს.

"საშუალოდ, ომიკრონი შესაძლოა ნაკლებად მძიმე იყოს, მაგრამ ნარატივი, რომ ის მსუბუქი დაავადებაა, შეცდომაში შემყვანია" - უთხრა მან ჟურნალისტებს ჟენევაში, WHO-ის შტაბბინაში. "არ შეგეშალოთ: ომიკრონი იწვევს ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილს, და ნაკლებად მძიმე შემთხვევებიც იწვევს ჯანდაცვის სამსახურების გადატვირთვას", - დასძინა მან.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

თქვენთვის გაწვევის უწყებაა - რატომ უჩივის სახელმწიფო 18 წლის შშმ პირებს?

„სამსახურიდან ერთი დღით გათავისუფლება რომ ვთხოვე, უფროსმა მითხრა, მუშაობა თუ გეზარება, სხვა მიზეზი მაინც მოიფიქრეო... იმდენად დაუჯერებელი ამბავი იყო“, - ასე იხსენებს ეტლით მოსარგებლე იკო იაკობიძე ხუთი წლის წინანდელ ამბავს, როცა სასამართლოდან უწყება მოუვიდა სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდების „ბრალდებით“ და იძულებული გახდა, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულიყო.

იმ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ლიფტი გაფუჭებული აღმოჩნდა და სხდომა, რომელიც მეორე სართულზე უნდა ჩატარებულიყო, პირველ სართულზე გადმოიტანეს. „ეტლით რომ დამინახა მოსამართლემ, ახლა იმან გაიკვირვა, უი, თქვენ ხართო?“

იკო არც პირველი და არც უკანასკნელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, რომლებსაც იმის გამო, რომ სახელმწიფო უწყებებს შორის სათანადო კომუნიკაცია ვერ ხერხდება, შესრულდებიან თუ არა 18 წლისები, სახელმწიფო სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას სთხოვს და გამწვევი კომისია ხან გაწვევის უწყებას უგზავნის სახლში და ხან ტელეფონით უკავშირდებიან.

არადა, სანამ იკოს სასამართლოსგან უწყება მოუვიდოდა, არაერთხელ წარადგინა ცნობა საბურთალოს რაიონის გამგეობის გამწვევ კომისიაში იმის დასადასტურებლად, რომ ის ნამდვილად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ შშმ პირების სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის ხარვეზი, მოუწესრიგებელი კომუნიკაცია უწყებებს შორის, წლებია პრობლემად რჩება, როგორც ჩანს, ამ სქემის დახვეწას, ჯერჯერობით, არავინ ჩქარობს. ყოველ შემთხვევაში, შშმ პირებს, რომლებსაც 18 წელი შეუსრულდათ, დღესაც მისდით სახლებში გაწვევის უწყებები.

რატომ უჩივის სახელმწიფო 18 წლის შშმ პირებს? წაიკითხე ვრცლად ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

კიევის სასამართლომ პოროშენკო პირადი პასუხისმგებლობით დატოვა პატიმრობის გარეშე

19 იანვარს, რუსეთის სასარგებლოდ სამშობლოს ღალატში დადანაშაულებულ პეტრო პოროშენკოს კიევის პეჩორის სასამართლომ მხოლოდ სამოგზაურო პასპორტი ჩამოართვა და თავისუფლებაზე „პირადი პასუხისმგებლობით“ დატოვა.

გამოძიების ვერსიით, მან 2014 წელს დაარღვია კანონი, როცა პრეზიდენტობის დროს ქვანახშირს დონბასში ყიდულობდა პრორუსულად განწყობილი სეპარატისტისგან. ადვოკატები აცხადებენ, რომ მასალებში არ მოიპოვება პოლიტიკოსის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. თავად პოროშენკო მის წინააღმდეგ წარმოებულ სასამართლო დევნას უწოდებს შურისძიებას ამჟამინდელი პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამდე, საერთაშორისო პარტნიორები აფრთხილებდნენ კიევს, რომ პოროშენკოს დაკავება პოლიტიკურ დევნად და შერჩევით მართლმსაჯულებად აღიქმებოდა, რაც რუსეთისგან მორიგი თავდასხმის სამიზნე უკრაინაში ვითარებას კიდევ უფრო დაძაბავდა.

მოლდოვის მთავრობამ პარლამენტს საგანგებო ვითარების შემოღება სთხოვა "გაზპრომის" ვალის გამო

მოლდოვის მთავრობამ პარლამენტს მიმართა თხოვნით, საგანგებო ვითარება შემოიღოს ენერგეტიკის სექტორში. ეს გაკეთდება კრიზისის გამო, რომლის მიზეზია რუსეთის კორპორაცია „გაზპრომის“ წინაშე სახელმწიფოს დავალიანება.

მანამდე „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ ქვეყანას შეიძლება უკვე 20 იანვარს გაეთიშოს გაზი. საგანგებო ვითარების რეჟიმი მთავრობას საშუალებას მისცემს, ოპერატიულად გამოყოს სახსრები 25 მილიონი დოლარის ოდენობის ვალის დასაფარად სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ოქტომბერში მთავრობამ უკვე გამოაცხადა საგანგებო ვითარება მას შემდეგ, რაც ქვეყანას დაუსრულდა „გაზპრომთან“ კონტრაქტი. ნოემბერში კონტრაქტი გააგრძელეს, მაგრამ კიშინიოვისთვის გაზის ფასი გაიზარდა.

წაიკითხე მეტი.

ვინ როგორ გამოიყენა მითი “გამოშიგნულ მუზეუმზე”

იდეა იმის შესახებ, რომ მუზეუმიდან ქართული ხელოვნების ძვირფასი ნივთები ქრება, რამდენიმე ათწლეულს ითვლის. ერთ-ერთი პირველი, ვინც ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლებს ექსპონატების განადგურებასა და გაყიდვაში ადანაშაულებდა, ფილოლოგი და პოლიტიკოსი, გურამ შარაძე იყო. 20 წლის წინ მას არ მოსწონდა მუზეუმის მაშინდელი დირექტორის, ნოდარ ლომოურის პოზიცია, რომელიც მიიჩნევდა, რომ რელიგიური შინაარსის ექსპონატები, რომელთა დაბრუნებასაც საპატრიარქო ითხოვდა, მუზეუმში უნდა დარჩენილიყო. ორი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციის - „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ და „ენა, მამული, სარწმუნოება“ - დამფუძნებელი გურამ შარაძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მუზეუმის ძარცვის ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვდა 2002 წელს.

„ეს მუზეუმი, სამწუხაროდ, დღეს მხოლოდ ქაღალდზე არსებობს, ხელოვნების მუზეუმი არის გამოშიგნული და ყველაფერს გავაკეთებთ მის აღსადგენად“, - თქვა 2021 წლის 26 მარტს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმზე საუბრისას. რამდენიმე თვეში, 2021 წლის 3 დეკემბერს კი, პარლამენტში გამოსვლისას დააზუსტა, რას გულისხმობდა: „2012 წლამდე საელჩოებისთვის გადაცემული 117 ექსპონატიდან, რომელიც ძვირადღირებული, ძვირფასი ფერწერული ტილოებია, 53, სავარაუდოდ, დაკარგულია“, - თქვა მან და დაამატა, რომ დეტალური ანგარიში დაკარგული ექსპონატების შესახებ 2022 წლის გაზაფხულზე ექნებოდა. მინისტრმა არც გამოძიების დაწყების შესაძლებლობა გამორიცხა.

ხელოვნებათმცოდნეების ნაწილი ამბობს, რომ მინისტრის ხმამაღალ ბრალდებებს მტკიცებულებები არ ახლავს და, შესაბამისად, ეს სხვა არაფერია, თუ არა „ფსევდოპატრიოტული რიტორიკით ყალბი შიშის თესვა“. მათი შეფასებით, ამ ბრალდებებს ორი მიზანი აქვს: პირველი ეროვნული მუზეუმის, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ინსტიტუტისთვის ზიანის მიყენება და იოლი საკადრო თუ სტრუქტურული ცვლილებები, რაც კეტავს სივრცეს განვითარებისა და პროგრესისთვის.

წაიკითხე მეტი ნასტასია არაბულის სტატიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG