Accessibility links

site logo site logo

რუსეთის ჯარი უკრაინას ბელარუსის საზღვრიდანაც უახლოვდება


უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნები. 2021 წლის 25 დეკემბერი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კვლავ მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს, რომ აირჩიოს „დიპლომატია და მშვიდობიანი გზა“ და უარი თქვას „შემდგომ აგრესიულ ნაბიჯებზე უკრაინის წინააღმდეგ“.

ეს განცხადება ენტონი ბლინკენმა 19 იანვარს გააკეთა კიევში, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჩავიდა კოლექტიური დასავლეთის იმ მზარდი დიპლომატიური ძალისხმევის ფარგლებში, რომელიც დასავლეთის პარტნიორ უკრაინაში რუსეთის მორიგი სამხედრო აგრესიის განმეორების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება. ერთობლივი პრესკონფერენცია კიევში. 2022 წლის 19 იანვარი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება. ერთობლივი პრესკონფერენცია კიევში. 2022 წლის 19 იანვარი

რუსეთის ტერიტორიის გარდა, აშშ და მისი ბალტიისპირელი მოკავშირეები უკრაინაში სავარაუდო შეჭრის ერთ-ერთ პლაცდარმად განიხილავენ ბელარუსს, სადაც, ალიაქსანდრ ლუკაშენკასა და ვლადიმირ პუტინის წინასწარი შეთანხმებით, თებერვალში ერთობლივი ტაქტიკური სამხედრო წვრთნის ჩატარება იგეგმება.

რა მიზანს ისახავს „საკავშირო სიმტკიცე 2022“?

18 იანვარს ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 10-20 თებერვლამდე ბელარუსში ჩატარდება რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი მასშტაბური სამხედრო წვრთნა, სახელწოდებით „საკავშირო სიმტკიცე 2022“, რომელში მონაწილეობის მისაღებად უკვე დაიწყეს სასწავლო მანევრების ზონაში თავმოყრა მასპინძელი ქვეყნისა და ბელარუსის შესაბამისმა სამხედრო დანაყოფებმა.

სამხედრო მანევრების მნიშვნელობას გამოეხმაურა ბელარუსის ლიდერი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა, რომელმაც ერთობლივი წვრთნის ჩატარების საბაბად დაასახელა ნატოს წევრი სახელმწიფოების, პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების დაახლოებით 30 000 ჯარისკაცისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაცია ბელარუსის საზღვართან.

„მეტიც, ვარშავამ თხოვნით მიმართა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, რათა გაშალოს აღნიშნულ რეგიონში ლოგისტიკური და ტექნიკური უზრუნველყოფის მრავალეშელონირებული სისტემა. პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ტერიტორიაზე როტაციის პრინციპით განლაგებულია 8 000-10 000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. ამერიკელებს რა ესაქმებათ აქ? რუსეთს რაღა უნდა უსაყვედურო, რომ რაღაც მანევრებს, წვრთნას და სხვა ღონისძიებებს ატარებს, თუ შენ ცხრა მთას იქიდან მოეხეტე აქ? რა უნდა გააკეთოთ აქ? ცალკეული „ცხელი თავები“ უკვე აშკარად მოუწოდებენ ომისკენ. ჩვენ გვესმის ეს განცხადებები“, - განაცხადა ლუკაშენკამ 17 იანვარს, რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი ოპერატიული სწავლების მომზადების თაობაზე, ბელარუსის სამხედრო ხელმძღვანელებთან გამართულ თათბირზე.

იმავე დღეს ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა ერთობლივი სწავლების ლეგენდით განსაზღვრული ამოცანების შესახებ.

  • სახელმწიფო საზღვრის დაცვის გაძლიერება შესაძლო რაიონებში, საიდანაც მოსალოდნელია უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შემოჭრა ბელარუსში;
  • იარაღის, საბრძოლო მასალებისა და სხვა საშუალებების არხების ბლოკირება;
  • მოწინააღმდეგის შეიარაღებული ფორმირებებისა და დივერსიული ჯგუფების მოძიება, ბლოკირება და განადგურება;
  • და პოსტკონფლიქტური მოწესრიგების ზოგიერთი საკითხი.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ამ საწვრთნელი ამოცანების შესასრულებლად მონაწილეობას მიიღებენ ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილები და რუსეთის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის დანაყოფები.

ოფიციალურად ჯერჯერობით უცნობია, თუ რა რაოდენობის პირადი შემადგენლობა და სამხედრო ტექნიკა მიიღებს მონაწილეობას 10-დღიან ტაქტიკურ წვრთნაში, რომლის მოსამზადებელი პერიოდი უფრო ადრე, პირველი თებერვლიდან დაიწყება.

საგამოძიებო პროექტ Conflict Intelligence Team-ის მკვლევარი, კირილ მიხაილოვი, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ „საკავშირო სიმტკიცე 2022“-ში, რომელიც ნატოს კონტრსწავლებას წარმოადგენს, ლოგიკურად აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში დისლოცირებული რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის მე-16 ბრიგადა.

„გარდა ამისა, ბელარუსში, მაგალითად, უკვე არსებობს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „ურაგანი“. შორეული აღმოსავლეთიდან ბელარუსისკენ მოემართება მრავალი ტექნიკა - ტანკები და მოტომსროლელი ნაწილები. ჩვენი დასავლელი კოლეგები მიიჩნევენ, რომ საუბარია რუსეთის სამხედრო ნაწილებში არსებულ 10-15 ტაქტიკურ-საბატალიონო ჯგუფზე... თითოეული ასეთი ნაწილი დაახლოებით 600-1000 ჯარისკაცს ითვლის. ამ ანგარიშით, 10 000 მებრძოლზე მეტზე უნდა იყოს საუბარი. ეს ნაწილები დაკომპლექტებული არიან კონტრაქტით აყვანილი მებრძოლებით, რომლებიც ითვლებიან უფრო მეტად ქმედუნარიანებად და მზად არიან ასეთი გადასვლისთვის“, - ამბობს კირილ მიხაილოვი.

„მუდმივი გაურკვევლობა“ პუტინის პოლიტიკის გაგრძელება

რუსეთ-ბელარუსის სამხედრო სწავლებას აქტიურად ეხმაურებიან სოციალურ ქსელებში. ბევრი კომენტატორი მიიჩნევს, რომ შორეული აღმოსავლეთიდან დაძრული ჯარისკაცების უმრავლესობა სწორედ ბელარუსისკენ მიემართება ხანგრძლივ სტაჟირებაზე, სხვების აზრით კი, რუსი ჯარისკაცები განლაგდებიან ბელარუს-უკრაინის ან დონბასის საზღვარზე, იგულისხმება რუსეთის როსტოვის ოლქი.

ვაშინგტონში უკვე გამოითქვა შეშფოთება, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა შესაძლოა მოხდეს სწორედ ბელარუსიდან, სადაც ავტოკრატი ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა რუსეთის ლიდერის დახმარებით ინარჩუნებს ძალაუფლებას ქვეყანაში 27 წლის განმავლობაში.

ამ ვარაუდს ლიეტუვის თავდაცვის მინისტრიც იზიარებს. არვიდას ანუსაუსკასმა 19 იანვარს განაცხადა, რომ ნატოს წევრი ლიეტუვა ბელარუსში რუსეთის სამხედრო ძალის განთავსებას „არა მხოლოდ უსაფრთხოების კუთხით ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობად, არამედ კიდევ უფრო მეტ პირდაპირ საფრთხედ განიხილავს“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარატმენტის მაღალჩინოსანმა მოხელემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბელარუსში რუსეთის ჯარების ყოფნა „არ არის არც წვრთნა და არც ჯარების ჩვეულებრივი გადაადგილება. ეს არის ძალების დემონსტრაცია, რომელიც მოწოდებულია იმისკენ, რომ შექმნას ყალბი საბაბი ან გამოიწვიოს კრიზისი ვითარებაში, როდესაც რუსეთი შესაძლო აგრესიისთვის ემზადება“.

ამ მოსაზრებას იზიარებენ დამოუკიდებელი ანალიტიკოსებიც, რომლებიც რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი ტაქტიკური წვრთნის შესაძლო მიზნის ახსნას ცდილობენ.

„სწავლება, ეს არის, ჩემი აზრით, პუტინის პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც მიზნად ისახავს დაძაბულობის შენარჩუნებას დასავლეთსა და უკრაინასთან. ეს არ ნიშნავს აუცილებლად ომის პროლოგს, რადგან ომი ძალიან სახიფათოა და მას გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვება. ხოლო დაძაბულობის შენარჩუნება პუტინს სავარაუდოდ უფრო მეტად ეფექტიან ტაქტიკადაც კი შეიძლება მიაჩნდეს. როგორც ამ შემთხვევაში, იგი ქმნის გაურკვევლობას. ვიცით, რომ რუსეთის ჯარები მოდიან [ბელარუსში], მაგრამ არ ვიცით, ისინი უკრაინას შეუტევენ თუ არა. თუ დარჩებიან აქ და გამოყენებული იქნებიან სხვა რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ“, - ამბობს რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის მიმომხილველი, იური დრაკახრუსტი.

დასავლეთის აქტიური დიპლომატია რუსეთის მზარდი აგრესიის ფონზე

რუსეთის სამხედრო ძალების უკრაინის საზღვრებთან თავმოყრის თაობაზე სადაზვერვო წყაროებისგან მიღებული ცნობებმა დასავლეთის მედიაში გასული წლის შემოდგომიდან აქტიურად იჩინა თავი. აშშ და დასავლეთის სხვა სახელმწიფოები ვარაუდობდნენ, რომ მოსკოვი სხვადასხვა წვრთნისა და ჯარების გადადგილების საბაბით, სინამდვილეში, უკრაინაში შეჭრისთვის ამზადებდა ნიადაგს. კრემლმა ეს ვარაუდი უარყო და აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვა უსაფრთხოების გარანტიები. რუსეთს, კერძოდ, სურს, რომ ნატომ შეწყვიტოს აღმოსავლეთით გაფართოება და არ მიიღოს სამხედრო ბლოკის რიგებში ყოფილი საბჭოთა ქვეყნები, უკრაინა და საქართველო.

ამ მოთხოვნებს მოჰყვა საერთაშორისო მოლაპარაკებები ჟენევასა და ბრიუსელში, რომელიც უშედეგოდ დასრულდა მხარეთა პოზიციებში არსებული ფუნდამენტური უთანხმოების გამო.

„ჩვენ არ ვაპირებთ დავეთანხმოთ იმას, რომ მომავალში ნატო აღარ უნდა გაფართოვდეს. არ ვაპირებთ დავეთანხმოთ 1997 წლამდე პერიოდში დაბრუნებას. არ ვაპირებთ დავეთანხმოთ იმას, რომ ყველაფერი, რაც ევროპაშია განლაგებული, უნდა გავიდეს ევროპიდან“, - განაცხადა 11 იანვარს ნატო-რუსეთის საბჭოს დასრულების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, უენდი შერმანმა.

გარდა ამისა, ვაშინგტონმა და მისმა მოკავშირეებმა გააფრთხილეს მოსკოვი, რომ თუკი ის მეზობელ ქვეყანაში შეჭრას გადაწყვეტს, "ძალიან მკვეთრი პასუხი ელის კოლექტიური დასავლეთისგან“, - ეს მკაფიო გზავნილი მოსკოვის მისამართით 19 იანვარს კვლავ გაიმეორა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, რომელიც კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

ზელენსკისთან მოლაპარაკებების შემდეგ ბლინკენი კიევში შეხვდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა,რომ ვაშინგტონი გააგრძელებს სხვადასხვა სფეროში უკრაინის დახმარებას. ბლინკენის თქმით, რუსეთი „აძლიერებს საფრთხეს“ და „აგრძელებს უკრაინის დესტაბილიზაციის მცდელობას“, მაგრამ ერთობლივი პასუხის წყალობითა და დასავლეთისა და უკრაინის ერთიანი ძალისხმევით, შესაძლებელი გახდა ღია აგრესიის თავიდან აცილება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთ-აშშ-ის, ნატოს, ეუთოსა და ნორმანდიული ფორმატის ფარგლებში აშშ გააგრძელებს ძალისხმევას, რომ დიპლომატიური მეთოდებით მოხდეს უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჭარბი ძალების თავმოყრით გამოწვეული სახიფათო ვითარების დეესკალაცია.

„მე ძალიან, ძალიან მჯერა, რომ შევძლებთ შევინარჩუნოთ ვითარება დიპლომატიურ და მშვიდობიან კალაპოტში, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს იქნება პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილება. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს კიდევ უფრო მოკლე ვადებში ამ ძალების კიდევ უფრო გაზრდის შესაძლებლობა, რაც პრეზიდენტ პუტინს აძლევს შესაძლებლობას, რომ ასევე მოკლე დროში განახორციელოს მორიგი აგრესიული ქმედება უკრაინის წინააღმდეგ“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მხრიდან კომპრომისების გამონახვის მორიგი მცდელობა იქნება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრა, რომელიც პარასკევს გაიმართება ჟენევაში.

კიევში გამგზავრების წინ, 18 იანვარს, აშშ-ისა და რუსეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა ერთმანეთს შორის სატელეფონო საუბარი გამართეს. ამ საუბრის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ცნობაში აქცენტი კვლავ რუსეთის მიერ „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ გამოთქმული მოთხოვნების შესრულებაზე კეთდება. მოსკოვის ვაშინგტონისგან ამ მოთხოვნებზე წერილობით პასუხს ელოდება.

„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, რომ რუსეთის მიერ მოსალოდნელ აგრესიაზე არსებული სპეკულაციების ტირაჟირება კი არ მოახდინოს, არამედ აიძულოს კიევის ხელისუფლება, რომ სრული მოცულობით შეასრულოს მინსკის შეთანხმებები“, - ნათქვამია ბლინკენ-ლავროვის საუბრის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ცნობაში.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებისთვის პლატფორმის შესათავაზებლად მზადაა თურქეთი. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის წარმომადგენელმა განაცხადა. ერდოანმა ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმირ პუტინი მიიწვია უთანხმოების მოსაგვარებლად.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედროპოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG