Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოდარ ნათაძე, ლია მიქაძე, ლექსო თორაძე... ისინი, ვინც დაგვტოვეს


პიანისტი ლექსო თორაძე

ლექსო თორაძე თბილისში,1952 წელს, კომპოზიტორ დავით თორაძისა და მსახიობ ლიანა ასათიანის ოჯახში დაიბადა. ცხრა წლიდან სიმფონიურ ორკესტრთან უკრავდა. 1983 წელს რუსეთის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ესპანეთში გასტროლებზე იმყოფებოდა, როცა აშშ-ის საელჩოში თავშესაფარი მოითხოვა.

ამის შემდეგ წლების განმავლობაში ლექსი თორაძე საქართველოში ვერ ჩამოდიოდა, სანაცვლოდ ამერიკაში დაიმკვიდრა თავი და სხვა ბევრ ქართველ მუსიკოსსაც დაეხმარა. აქვე გაიცნო ყოფილი მეუღლე სუზანი, რომლისგანაც ორი შვილი ალექსანდრე და დავითი შეეძინა.

ლექსო თორაძემ სახელი სტრავინსკის, შოსტაკოვიჩის და პროკოფიევის შესრულებით გაითქვა. თავის ბოლო კონცერტზე, 23 აპრილს, ექიმთან ერთად მივიდა. დარბაზი გააფრთხილეს, შეიძლება დაკვრა ვერც შეძლოსო, მაგრამ დაუკრა - ვანკუვერის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შოსტაკოვიჩის მეორე კონცერტი შეასრულა და ისევ საავადმყოფოში დაბრუნდა. გარდაიცვალა 10 მაისს, დაბადების დღემდე 20 დღით ადრე. 2022 წლის 30 მაისს მას 70 წელი შეუსრულდებოდა.

რეჟისორი თემურ ჩხეიძე

„ერთ-ერთმა პირველმა ვთქვი უარი, აფიშაზე ჩემი რეგალია მიეწერათ. სხვებს აწერდნენ, ჩემს შემთხვევაში კი მხოლოდ სახელი და გვარი იყო: „რეჟისორი თემურ ჩხეიძე“. ვამბობდი, არ დააწეროთ: „სახალხო არტისტი“, ამის გარეშე დაბეჭდეთ.“... ამბობდა თემურ ჩხეიძე რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში 2016 წელს. რეჟისორი 5 ივნისს 78 წლისა გარდაიცვალა.

თემურ ჩხეიძის პანაშვიდი
თემურ ჩხეიძის პანაშვიდი

თემურ ჩხეიძე მსახიობების მედეა ჩახავასა და ნოდარ ჩხეიძის შვილი იყო. მას 80-მდე სპექტაკლი სპექტაკლი აქვს დადგმული. ჩხეიძე ერთ-ერთი იყო, ვინც ქართული თეატრი შექმნა და სცენის ცენტრში ადამიანი დააყენა, თავისი განცდებითა და პრობლემებით.

საზოგადოებამ თემურ ჩხეიძე უფრო დაიმახსოვრა ფილმიდან „მშობლიურო ჩემო მიწავ“, სადაც მან რაიკომის მდივნის როლი შეასრულა. 2016 წელს რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში თემურ ჩხეიძე ასეთ რამეს ამბობს: „მე გავიაზრე, რომ არანაირი პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი ფორმაცია არ ათავისუფლებს ადამიანს სინდისისგან. სინდისი ყველას უნდა ჰქონდეს! ჩემთვის გადავწყვიტე: სანამ ეს სისტემაა, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ის მამულის გადასარჩენად გამოვიყენოთ“.

მსახიობი ნიკა ქაცარიძე

რუსთაველის თეატრის მსახიობი ნიკა ქაცარიძე 5 იანვარს, 43 წლისა გარდაიცვალა. თეატრში მას ნათამაშები აქვს სპექტაკლებში „დარისპანის გასაჭირი“, „როგორც გენებოთ ანუ შობის მეთორმეტე ღამე“, „პატარა უფლისწული“ და ა.შ.

გარდა ამისა, ის იყო საქართველოში გადაღებული ცნობილი სერიალების - „შუა ქალაქის“, „ცხელი ძაღლის“ და „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი.

მომღერალი მამუკა ონაშვილი

„გული დამწყდა შემოდგომის ცივმა ქარმა დაქროლა

წერილი კი გაყვითლებულ ფოთლებს თან გააყოლა“...

„ალექსანდრეს ბაღი“, „დამჭკნარ იებს“, „უკარება“... კოლორიტული მომღერალი მამუკა ონაშვილი მუსიკალური პროგრამებისა და სატელევიზიო შოუების საყვარელი სტუმარი იყო. მამუკა ონაშვილი ესტრადაზე 1983 წელს გამოჩნდა. გამოშვებული აქვს ორი ალბომი – „მე ისეთი კარგი ვარ“ და „ოცნების ღამე“.

55 წლის მამუკა ონაშვილი 1 აგვისტოს ავარიაში დაიღუპა.

დისიდენტი, პოლიტიკოსი, მეცნიერი ირაკლი შენგელაია

„უწესიერესი ინტელექტუალი“ - ასე იხსენებს ყველა, ვინც ირაკლი შენგელაიას იცნობდა. ირაკლი შენგელაია იყო დისიდენტური და ეროვნული მოძრაობის გამორჩეული ლიდერი, ერთ-ერთი პირველი და ყველაზე თანმიმდევრული მედასავლეთე პოლიტიკოსი, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს არწმუნებდა საზოგადოებას, რომ არა მხოლოდ ეროვნული, არამედ მასთან ერთად პიროვნული თავისუფლების მიღწევა უნდა წარმოადგენდეს ჩვენს უზენაეს მიზანს . ის 7 ნოემბერს 75 წლისა გარდაიცვალა.

ირაკლი შენგელაიამ 1971 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინფორმაციო საზომი ტექნიკის ფაკულტეტი, თუმცა არჩეული სპეციალობის გარდა ის ასევე ღრმა ცოდნას ფლობდა მსოფლიო ისტორიის, ლიტერატურის, ფილოსოფიის, პოლიტიკისა და კონსტიტუციური სამართლის სფეროებში. პრესტიჟული ინსტიტუტების ნაცვლად, წლების განმავლობაში მუშაობდა მაღალმთიანი სოფლების სკოლებში, 70-იანი წლებიდან მონაწილეობდა დისიდენტურ მოძრაობაში.

„მისგან რაც ვისწავლე, იყო ის, რომ ჯერ უნდა გეფიქრა, რა იყო გასაკეთებელი, შემდეგ უნდა გემოქმედა. სულ ცდილობდა ესწავლებინა ახალგაზრდებისათვის, რომ საჭირო იყო ფიქრი, აზროვნება, მოვლენების ანალიზი და არა ბელადებზე უკანმოუხედავი მიყოლა. გვიხსნიდა და გვასწავლიდა, რომ უმრავლესობის მხარეს ყოველთვის არ არის სიმართლე, რომ პატრიოტიზმი მხოლოდ დროშების ფრიალი კი არა, სწორად საქმის კეთებაა. - ამბობს პოლიტიკოსი ირაკლი მელაშვილ, - „დღეს თითქოს მარტივია ამაზე წერა, მაგრამ ეს მაშინ ბევრისთვის უცხო და მიუღებელი იყო, ეროვნულ მოძრაობაში ყოფნა ძალაუფლებისთვის ბრძოლა ეგონათ“.

ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ენათმეცნიერი ნოდარ ნათაძე

ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, „სახალხო ფრონტის“ ხელმძღვანელი, მეცნიერი ნოდარ ნათაძე 13 ნოემბერს 93 წლისა გარდაიცვალა.

ნოდარ ნათაძე ხმაურიანი და გამორჩეული დეპუტატი იყო. ერთი-ორჯერ მის გამოსვლას პარლამენტში არეულობაც მოჰყვა. სათქმელს ყოველთვის მიკიბ-მოკიბვის გარეშე ამბობდა, მაშინაც კი, თუ ეს პოლიტიკურად ნაკლებად აძლევდა ხელს.

პოლიტიკის პარალელურად ნოდარ ნათაძე მთელი ცხოვრება მეცნიერებაში იყო ჩართული. პროფესიით ფილოლოგი ძირითადად „ვეფხისტყაოსანზე“ მუშაობდა. დაწერილი აქვს: „ვეფხისტყაოსნის“ ფილოსოფიური მოტივები“, „შოთა რუსთაველი და მისი პოემა“, „რუსთველური მიჯნურობა და რენესანსი“... მისი ნაშრომები ეხება უფრო ფილოსოფიურ თემებსაც, მაგალითად: „მიზეზობრიობა და თავისუფლება“, „თომა აკვინელის ფილოსოფია“, „ერი და ეროვნული კულტურა“...

როდესაც 1992 წელს აფხაზეთში ომი დაიწყო, 64 წლის ნოდარ ნათაძემ ავტომატი აიღო და ომში რიგით ჯარისკაცად წავიდა. პოლკოვნიკი დავით ხომასურიძე იხსენებს, რომ ის არასოდეს იყენებდა თავის ავტორიტეტს და ცდილობდა მართლაც უბრალო ჯარისკაცივით ემსახურა.

ჯარისკაცები ერთად სადილობდნენ, როდესაც ოთახში გენერალი შემოვიდა, ნათაძე დაინახა და გადაწყვიტა, ცალკე მიეპატიჟებინა.

„მივიდა და ის იყო უნდა უთხრას, ბატონო ნოდარ, წამობრძანდითო, რომ ნოდარი უცებ ადგა, გაიჭიმა, „ჩესტი“ აუღო დაიძახა: „რიგითი ნათაძე გისმენთ“.

აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, მკვლევარი - ზურაბ კიკნაძე

ბიბლიის, „გილგამეშიანის", „ოდისევსის" მთარგმნელი, ქართული და შუამდინარული მითოსის მკვლევარი - ზურაბ კიკნაძე 23 ნოემბერს გარდაიცვალა.

ზურაბ კიკნაძე 1933 წლის 3 ოქტომბერს, თბილისში დაიბადა. დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, სემიტოლოგიის განხრით.1977 წელს ფოლკლორისტიკის კათედრის გამგედ დანიშნეს. 1963 წელს გამოაქვეყნა „გილგამეშის“ თარგმანი. გილგამეშზე დაიცვა საკანდიდატო დისერტაციაც, სადოქტორო - ქართულ მითოლოგიაზე. 1978 წელს თამაზ ჩხენკელთან ერთად თარგმნა ჰომეროსის „ოდისეა“. მისი საქმიანობის სფერო ძალიან ფართო და მრავალმხრივი იყო: შუამდინარული ლიტერატურა, მითოლოგია და რელიგია; ქართული მწერლობა, ქართული ფოლკლორი და მითოლოგია; ქრისტიანობა და ქრისტიანული კულტურა; ბიბლიის თარგმანი და ეგზეგეტიკა...

თავის ერთ-ერთ ბოლო წიგნში „ამარგი - ალუდას ნახტომი“ ზურაბ კიკნაძე წერს:

„ავტობიოგრაფიას რომ წერდეთ შვიდი წინადადებით, რას დაწერდით აუცილებლად?

1) არ ვწერ, მაგრამ რომ ვწერდე, დავწერდი დაბადების წელს და გამუდმებულ სინანულს, რომ ვერ შევესწარი 1918 წლის 26 მაისს, მაგრამ არ ვითვალისწინებდი, რომ სამი წლის შემდეგ რაოდენი წუხილის გადატანა მომიწევდა.

2) მამას მოჰქონდა სამთვლიანი ველოსიპედი, მე კი, ოთახში მყოფი, კედლის მიღმა ტროტუარზე ვხედავდი ორივეს - მტვირთველს და ტვირთს, რამაც ტრანსცენდენტურის არსებობის რწმენა გამიღვივა.

3) დავწერდი, რომ რუხპერანგიანების თანხლებით სახლს უკანასკნელად რომ ტოვებდა, მამა ჩაბნელებული წინა ოთახიდან უკანა ოთახში ქუდის ასაღებად შემობრუნდა, დაიხურა და წავიდა.

4) აღვწერდი ორ სიზმარს, - ერთში გამოცდას ვაბარებ, მეორეში შინდაბრუნებულს სახლში ვიღაც დიდი ხნის უნახავი, მონატრებული მელოდება, - როგორც წუთისოფლის გამოცანა თანმსდევდა.

5) დავწერდი, რომ ვერასოდეს მივხვდები, რამ გამხადა ესოდენი სიყვარულის ღირსად.

6) ვერ შევუსრულე აღთქმა მეგობარს, საფლავში ჩაგძახებ, აღსრულდა-მეთქი.

7) დავწერდი, რომ ყველაფერი სიცოცხლესთან ერთად დასრულდა... ამიერიდან მხოლოდ სინანული რჩება წასულებთან ჩვენი ურთიერთობის ენად“.

ტელეწამყვანი ლია მიქაძე

ტელეწამყვანი ლია მიქაძე, რომელიც ქართული ტელევიზიის შექმნის შემდეგ ათწლეულების განმავლობაში პირველ არხის სახე იყო 10 ნოემბერს 86 წლისა გარდაიცვალა. ის ტელევიზიაში პირველი არხის დაარსებიდან, 1956 წლიდან მუშაობდა. დიქტორების კონკურსზე რეჟისორმა მიხეილ თუმანიშვილის რეკომენდაციითა და რჩევით მოხვდა.

„რომ მივედი რას ვხედავ, სამასი ქალი, ვინც კი თბილისში ლამაზმანი იყო, გამოპრანჭულები არიან ფუნიკულიორზე. ორნი დაგვტოვეს მე და შურიკო მაჭავარიანი“, - გაიხსენა ლია მიქაძემ „ახალ დღესთან საუბარში.

2013 წელს საქართველოს ტელევიზიის დაარსების 57 წლისთავზე, თბილისის ანძასთან, ლია მიქაძეს, ჯულიეტა ვაშაყმაძესა და ალექსანდრა მაჭავარიანს ვარსკვლავები გაუხსნეს.

პოლიტიკოსი, პარლამენტარი - თამაზ მეჭიაური

პოლიტიკოსი თამაზ მეჭიაური 15 თებერვალს, 67 წლის ასაკში კორონავირუსის გამო გარდაიცვალა.

თამაზ მეჭიაური 1954 წლის 1 დეკემბერს თიანეთის რაიონში, სოფელ ჟებოტაში დაიბადა. ეკონომისტი იყო და ძირითადად ამ პროფესიით მუშაობდა. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კი თიანეთის მერი გახდა და ამ თანამდებობაზე 4 წელი იმუშავა.

„მაინც ვფიქრობ, რომ საქართველოს უნდა მართავდეს კოალიციური მთავრობა და უნდა ჰყავდეს მრავალპარტიული პარლამენტი. ხელისუფლების მხოლოდ ორ პოლიტიკურ ძალას შორის არ უნდა იცვლებოდეს“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას 2021 წელს.

თამაზ მეჭიაური სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო.

მსახიობი მიხეილ გომიაშვილი

მსახიობი მიხეილ გომიაშვილი 12 სექტემბერს 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მიხეილ გომიაშვილი 1961 წლის 23 მარტს დაიბადა. ის იყო შვილი არჩილ გომიაშვილისა, რომელიც მაყურებელმა ოსტაპ ბენდერის როლით დაიმახსოვრა. მიხეილ გომიაშვილი იხსენებდა, რომ მამა მას როგორც მსახიობს ვერ ხედავდა და როდესაც „მარად ქმარში“ ითამაშა თითქმის ძალით მოიყვანეს სპექტაკლის სანახავად.

„ამოვიდა მერე საგრიმიოროში. კარგა ხანი ხმას ვერ ვიღებდით ვერცერთი, ყელში რომ გაქვს გაჩხირული, რომ იცი ერთი სიტყვა და აბღავლდები, ცრემლები წამოგივა... მერე უკვე რესტორანში, ბანკეტზე მითხრა, ეს არის შენი საქმეო“, - თქვა მან გადაცემაში „ყვითელი ყუთი“.

მიხეილ გომიაშვილი 1994 წლიდან იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. მიღებული აქვს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალ „ოქროს ნიღბის“ ორი გრან-პრი სპექტაკლებში „მამა“ და „ART-ხელოვნება“. გადაღებულია ფილმებში: „ხაფანგი“, „სიყვარული ვენახში“, „ანთიმოზ ივერიელი“, „არის ასეთი ქვეყანა“, „მთვარიანი ველის სერენადა“, „კონფლიქტის ზონა“... მიხეილ გომიაშვილი მონაწილეობდა ქართულ მრავალეპიზოდიან კრიმინალურ კომედიაში „ყავა და ლუდი“.

მსახიობი თამარ სხირტლაძე

თამარ სხირტლაძე 1929 წლის 2 მაისს ლაგოდეხში დაიბადა. იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. ერთი პერიოდი რუსთავის თეატრშიც თამაშობდა. იყო კინომსახიობიც. გადაღებულია ფილმებში: „არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ“, „წინაპართა მიწა“, „დღეს ღამე უთენებია“, „ადამიანთა სევდა“, „ფესვები“, „ზვარაკი“, „ლუკას სახარება“, „ნუცას სკოლა“. 2010 წელს მარჯანიშვილის თეატრის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.გარდაიცვალა 23 ნოემბერს. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.

მსახიობი ნუგზარ შარია

„ხევისბერი გოჩა“, „პალიასტომი“, „აბესალომ და ეთერი“, „ენგურის ნაპირებზე“ - ეს ის ფილმებია რომლებშიც მსახიობი ნუგზარ შარია თამაშობდა. ის განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც 1970 წელს კუბაში გაემგზავრა და სანამ საბჭოთა კავშირში არ დაიშალა აღარ დაბრუნდა.

საზღვარგარეთ ყოფნისას ნუგზარ შარიამ პარიზში პოლიტიკურ თავშესაფარი ითხოვა და რადიო „თავისუფლების” პარიზის განყოფილებაში დაიწყო მუშაობა. 1971 წელს ის ნიუ იორკში გადავიდა და მუშაობა „ამერიკის ხმაში“ განაგრძო. ასევე, ლექციებს კითხულობდა კინორეჟისურაში ნიუ იორკისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში.

ნუგზარ შარია 2 დეკემბერს 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ფეხბურთელი ვლადიმერ ბარქაია

ვლადიმერ (სიომა) ბარქაია 1937 წლის 29 ივლისს გაგრაში დაიბადა.

1957–1967 წლებში თბილისის დინამოს თავდამსხმელი იყო. უმაღლეს ლიგაში ჩატარებული აქვს 226 მატჩი (67 გოლი), სსრკ ნაკრებში – 2 მატჩი (2 გოლი). 1964 წელს ის სსრკ-ის 33 საუკეთესო ფეხბურთელთა შორის დაასახელეს. იყო სსრკ-ის ჩემპიონი, ოქროს მედლის მფლობელი (1964). 2014 წელს მიენიჭა სპორტის რაინდის წოდება.

ვლადიმერ ბარქაია (ცენტრში)
ვლადიმერ ბარქაია (ცენტრში)

„1964 წელს თბილისის „დინამო“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა. ამ გამარჯვების ერთ-ერთი მონაწილე ვლადიმერ ბარქაიაც იყო. ამ გუნდს ოქროს გუნდი ეწოდა და ვლადიმერ ბარქაიაც ერთ-ერთი ოქროს ბიჭი იყო, ძალიან ნიჭიერი თავდამსხმელი“, - ამბობს სპორტის ჟურნალისტი ლაშა გოდუაძე.

ვლადიმერ ბარქაია 30 დეკემბერს 85 წლისა გარდაიცვალა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    თეა თოფურია არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2012 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG