Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იქნება თუ არა მართლმადიდებელი ეკლესია სხვა კონფესიების თანასწორი


საქართველოს პარლამენტს წლის ბოლომდე აქვს დრო იმისათვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიცემულ 6-თვიან ვადაში კანონის გარკვეული მუხლები კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოიყვანოს და ბოლო მოუღოს რელიგიური კონფესიების უთანასწორობას.

ლაპარაკია საგადასახადო და ქონების შესახებ კანონებში არსებულ იმ მუხლებზე, რომლებიც უთანასწორო საგადასახადო პირობებში აყენებს სხვა რელიგიურ კონფესიებს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან შედარებით.

2018 წლის 3 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ რელიგიური გაერთიანებების ორი სარჩელი დააკმაყოფილა. მოსარჩელეების პოზიციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის ნორმები არღვევდა კონსტიტუციის მე-14 მუხლს (თანასწორობის უფლება) და რელიგიური გაერთიანებებისთვის ქმნიდა დისკრიმინაციულ გარემოს.

დაახლოებით 10 დღის წინ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დახურული შეხვედრა გაიმართა ამ საკითხის განსახილველად, თუმცა საკითხის განხილვის შედეგები ჯერჯერობით უცნობია.
მარიამ ღავთაძე

სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს საგადასახადო კოდექსის ის ნორმა, რომელიც დღგ-ის გადახდისგან ათავისუფლებს საპატრიარქოს დაკვეთით ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობას, რესტავრაციასა და მოხატვას (168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტი). სადავო ნორმა უპირატეს მდგომარეობაში აყენებს საქართველოს საპატრიარქოს და მას მომსახურების უფრო ხელსაყრელი პირობებით მოპოვების შესაძლებლობას უქმნის.

საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე არაკონსტიტუციურად ცნო „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმა, რომელიც სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობას მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ითვალისწინებს (6(3) მუხლის პირველი პუნქტი).

როგორც ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის გამგეობის წევრი მარიამ ღავთაძე ამბობს, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიცემულ ვადაში საქართველოს პარლამენტი ცვლილებებს არ შეიტანს კანონში, კანონის ნორმები ძალადაკარგულად გამოცხადდება,რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს არსებული შეღავათებით მართლმადიდებლური ეკლესია ვეღარ ისარგებლებს.

როდესაც საგადასახადო შეღავათებზეა საუბარი, სრულიად სხვა თანხები სჭირდება რელიგიური ნაგებობის რემონტზე, მოხატვაზე რელიგიურ გაერთიანებებს [მართლმადიდებლური ეკლესიისგან განსხვავებით]. ასევე მნიშვნელოვანია მიწის გადაცემის საკითხი, სადაც აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა აქვს სახელმწიფოს ერთი კონკრეტული რელიგიური კონფესიის და სხვა დანარჩენი რელიგიური გაერთიანებების მიმართ.
რუსუდან გოცირიძე

„ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 10 დღის წინ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დახურული შეხვედრა გაიმართა ამ საკითხის განსახილველად, თუმცა საკითხის განხილვის შედეგები ჯერჯერობით უცნობია“, - ამბობს მარიამ ღავთაძე.

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი რამდენიმე რელიგიურ კონფესიას ჰქონდა შეტანილი, კანონპროექტის შემუშავების პროცესში მნიშვნელოვანია ამ კონფესიების წარმომადგენელთა ჩართვაც, რათა მათგანვე მოისმინონ და გაითვალისწინონ, რისი გათვალისწინებაც შესაძლებელია, და მათთან თანამშრომლობით შეიმუშაონ კანონპროექტი. თუმცა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტში ჯერ ვერც იმას ამბობენ, როგორ სახეს მიიღებს კანონპროექტი ამ თანამშრომლობის შედეგად, და ვერც იმას, მოესწრება თუ არა კანონპროექტის კენჭისყრაზე გატანა საკონტიტუციო სასამართლოს მიერ მიცემულ ვადაში.

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე ამბობს, რომ ახლა მთავარია კანონპროექტი არ მიიღონ გაუაზრებლად და რელიგიური გაერთიანებების მონაწილეობის გარეშე.

„როდესაც საგადასახადო შეღავათებზეა საუბარი, სრულიად სხვა თანხები სჭირდება რელიგიური ნაგებობის რემონტზე, მოხატვაზე რელიგიურ გაერთიანებებს [მართლმადიდებლური ეკლესიისგან განსხვავებით]. ასევე მნიშვნელოვანია მიწის გადაცემის საკითხი, სადაც აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა აქვს სახელმწიფოს ერთი კონკრეტული რელიგიური კონფესიის და სხვა დანარჩენი რელიგიური გაერთიანებების მიმართ. თანხებზე და კონკრეტულ კალკულაციებზე რომ არ ვილაპარაკოთ, თუ რაოდენ განსხვავებულ პირობებში ვართ სახელმწიფოსთან მიმართებაში ჩაყენებული, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, თანასწორობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, - ამბობს რუსუდან გოცირიძე.

საბჭოთა დრომდე აშენებული მეჩეთების გადმოცემა მუსლიმთა სამმართველოსთვისაც პრობლემაა. პრაქტიკულად არც ერთი მეჩეთი არ არის გადმოცემული და სარგებლობითაც ვერ ვსარგებლობთ და ეს საკულტო ნაგებობები უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეებს.
ტარიელ ნაკაიძე

საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ უმნიშვნელოვანესი პრეცედენტი შექმნა და ის პოლიტიკოსთა „კეკლუცობასაც გამოაცლის საფუძველს", როდესაც ისინი უმრავლესობის რელიგიურ სანტიმენტებს ეხმიანებიან ხოლმე, ამბობს იურისტი შოთა თუთბერიძე.

„საკონსტიტუციო სასამართლომ ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა საქართველოში რელიგიური გაერთიანებების სტატუსი და ხაზი გაუსვა თანასწორობის პრინციპს. ქართველი პოლიტიკოსები - მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირები - როცა კეკლუცობდნენ ხოლმე ამომრჩევლის წინაშე, ხშირად უსვამდნენ ხოლმე ხაზს იმას, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სპეციალური სტატუსი აქვს, რაც თითქოს საფუძვლად უნდა დაედოს მისთვის მინიჭებულ პრივილეგიებს ან უპირატესი რეჟიმის შექმნას. საკონტიტუციო სასამართლომ ამგვარ კეკლუცობას და ამგვარ მსჯელობას საფუძველი გამოაცალა და მკაფიოდ განმარტა სრულიად საწინააღმდეგო რამ“.

ქონების შესახებ კანონის თანახმად, საკულტო ნაგებობებისა და იმ მიწის ნაკვეთების უსასყიდლოდ გადაცემა, რომელზეც საკულტო ნაგებობა დგას, კანონით აკრძალულია, თუმცა ეს არ ეხება მართლმადიდებლურ ეკლესიას, რადგან ის ამ ქონებას იღებს არა ქონების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, არამედ საკონსტიტუციო შეთანხმებით, რომლის მიხედვითაც საკულტო ნაგებობები ეკუთვნის მართლმადიდებელ ეკლესიას. შოთა თუთბერიძის თქმით კი, „ქონების შესახებ კანონი, სამწუხაროდ, იერარქიულად დაბლა მდგომი კანონია საკონსტიტუციო შეთანხმებასთან შედარებით“.

თუმცა ქონების გადაცემა პრობლემური საკითხია, მაგალითად, მუსლიმური გაერთიანებისთვის და სწორედ ქონების შესახებ კანონში არსებული ჩანაწერის გამო თემი ქონებას ვერ იბრუნებს. ამ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე. მისი სიტყვებით, საკონსტიტუციო სარჩელის მიზანი მაინცდამაინც შეღავათებით სარგებლობა კი არა, არსებული უთანასწორობის აღმოფხვრა იყო.

„საბჭოთა დრომდე აშენებული მეჩეთების გადმოცემა მუსლიმთა სამმართველოსთვისაც პრობლემაა. პრაქტიკულად არც ერთი მეჩეთი არ არის გადმოცემული და სარგებლობითაც ვერ ვსარგებლობთ და ეს საკულტო ნაგებობები უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეებს“ , - ამბობს ტარიელ ნაკაიძე.

სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი ამბობს, რომ თუ პარლამენტი არ შეცვლის საგადასახადო და ქონების შესახებ კანონში არსებულ ნორმებს, ძალაში შევა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალას დაკარგავს ის საგადასახადო უპირატესობა, რითაც ახლა სარგებლობს მხოლოდ ერთი, უმრავლესობის რელიგიური გაერთიანება, ანუ საპატრიარქო, და ამ ტიპის შეღავათებით აღარავინ ისარგებლებს და მიწის უსასყიდლოდ გადაცემის პრობლემაც მოგვარდება.

„იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი წავა სხვა გზით და ყველა რელიგიური კონფესიისთვის დააწესებს დღგ-სგან გათავისუფლების ნორმას, ამ შემთხვევაშიც მივიღებთ თანასწორუფლებიან გარემოს, ანუ ამ გადასახადისგან გათავისუფლდება ყველა რელიგიური კონფესია. მიზანი ის კი არ არის, რომ საპატრიარქოსთვის გაუქმდეს საგადასახადო შეღავათები, არამედ მიიღწეს თანასწორუფლებიანობა. არ შეიძლება, რომ საკონსტიტუციო ჩანაწერი, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიას აქვს, მართლაც, ისტორიული როლი ჩვენი იდენტობის ფორმირებაში ისტორიულ წარსულში, აწმყოში აღქმული იყოს მისთვის შეღავათების დაწესების საფუძვლად და ამ კონტექსტში უთანასწორობის დამკვიდრების მოტივად“.

ბექა მინდიაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს საპატრიარქო არ წავა, ერთი მხრივ, სამართლებრივი საფუძვლით თანასწორუფლებიანობის დამკვიდრების და, მეორე მხრივ, რელიგიური გაგებით თანასწორუფლებიანობის არსის წინააღმდეგ, ვინაიდან მისი მოძღვრება, მისი ეკლესიის მოძღვრება თანასწორუფლებიანობაზე აკეთებს აქცენტს.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG