Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იქცევა თუ არა პრეზიდენტის სკანდალური შეწყალება იმპიჩმენტის მიზეზად?


„როდესაც საქმე ეხება ამა თუ იმ მსჯავრდებულის შეწყალებას, დაინტერესებული ადამიანები უკავშირდებიან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას და მასთან გადიან ფინანსურ საკითხებს, თუ რა ფასად შეიძლება ესა თუ ის პირი იყოს შეწყალებული“, - ეს განცხადება 19 სექტემბერს, გენერალური პროკურატურის შენობის წინ გააკეთა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა და პროკურატურაში შეიტანა განცხადება მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში არსებული შესაძლო კორუფციული სქემის გამოძიების მოთხოვნით.

ირმა ნადირაშვილის თქმით, ეს ინფორმაცია მას საადვოკატო წრეებთან დაახლოებულმა პირმა, წყაროს გაუთქმელობის პირობით მიაწოდა. ის ამბობს, რომ მის წყაროს არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, არის თუ არა ამ კორუფციულ სქემაში ჩართული უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, თუმცა, წყარო ვარაუდობს, რომ მისი გვერდის ავლით ამგვარი საკითხების მოგვარება შეუძლებელია.

აქვს თუ არა ირმა ნადირაშვილის მიერ დასახელებულ წყაროს კონკრეტული მტკიცებულებები ამ საკმაოდ მძიმე ბრალდებებთან დაკავშირებით, ამის შესახებ ევროპული საქართველოს წევრი ამბობს, რომ მტკიცებულებების მოძიება მათი ვალდებულება არ არის და სწორედ ამიტომ მიმართავენ ისინი გენერალურ პროკურატურას გამოძიების მოთხოვნით.

რა გზით მივიდა „ევროპული საქართველოს“ მიერ ნახსენები წყარო ამ ინფორმაციამდე? არის თუ არა ისიც ადვოკატი? პირადად ჰქონდა თუ არა მას ურთიერთობა დიმიტრი გაბუნიასთან? თავად იყო თუ არა შემსწრე კორუფციული გარიგების ფაქტისა? ამ კითხვებზე ირმა ნადირაშვილი რადიო თავისუფლებას წყაროს გაუთქმელობის პირობის გამო არ პასუხობს.

„ევროპული საქართველოს“ განცხადებით, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული პირების სია, რომელთა შორისაც აღმოჩნდნენ პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე და გიორგი ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, ასევე ძებნილი პირი, იძლევა საფუძვლიან ეჭვს, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან (სსკ მუხლი 332), ქრთამის აღებასთან (სსკ მუხლი 338), ქრთამის მიცემასთან (სსკ მუხლი 339).

ირმა ნადირაშვილის თქმით, ეჭვს ამყარებს ისიც, რომ ერთ-ერთი შეწყალებულის, ძებნილი ზურაბ ნადირაძის ინტერესებს, წლების წინ სწორედ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, დიმიტრი გაბუნია იცავდა:

„ჩვენ პროკურატურას ვაძლევთ ერთი თვის ვადას, რომ შუალედური ინფორმაცია მაინც მიაწოდონ პარლამენტს, და თუკი ეს ასე არ მოხდა, შემდეგ უკვე დღის წესრიგში დავაყენებთ საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხს. ამ შეწყალებებისთვის მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება პრეზიდენტს, საპარლამენტო მდივანს არაფერი ესაქმება შეწყალების საქმესთან და ის ამაში ვერ უნდა ერეოდეს. აუცილებლად უნდა გამოკითხოს გამოძიებამ დიმიტრი გაბუნია. გუშინ, მედიაში უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიმიტრი გაბუნიას შეწყალებულ პირებთან ჰქონდა საქმე. წყარო, რომელმაც ეს ინფორმაცია მოგვაწოდა, დარწმუნებულია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევებზე დიმიტრი გაბუნიას საშუალებით მოხდა პრეზიდენტზე გასვლა“.

რადიო თავისუფლება მთელი დღის განმავლობში ცდილობდა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანთან, დიმიტრი გაბუნიასთან დაკავშირებას, თუმცა ის არც სატელეფონო ზარებსა და არც გზავნილებს არ პასუხობს.

18 სექტემბერს, სწორედ დიმიტრი გაბუნიას უნდა გაემართა ბრიფინგი შეწყალების საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, ყველასგან მოულოდნელად, ბრიფინგი პრეზიდენტის სასახლეში თავად სალომე ზურაბიშვილმა გამართა, დიმიტრი გაბუნია კი საერთოდ არ გამოჩენილა ჟურნალისტებთან. მის შესაძლო კავშირზე მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესთან დაკავშირებით კი პრეზიდენტმა თქვა:

„იყო ძალიან ბევრი სპეკულაცია ამ პროცესში სხვადასხვა ადამიანის ჩარევაზე, მათ შორის, ჩვენი საპარლამენტო მდივანი, რომელიც არც კომპეტენციით და არც არანაირად არ იყო ამ პროცესში ჩართული. მისგან არ მიმიღია არც არანაირი რჩევა, არც თვითონ არავის უკითხავს მისთვის თუ რას ფიქრობდა რომელიმე ამ გადაწყვეტილებაზე. არ არის ეს მისი კომპეტენცია და მით უმეტეს, როცა ეს ეხება ყოფილ ადვოკატს. ასე რომ ეს გამორიცხულია და ეს სპეკულაციები უნდა დამთავრდეს მასზე თუ ვინმე სხვაზე ჩემს ადმინისტრაციაში, რადგან მე მივიღე გადაწყვეტილება და მე ვარ პასუხისმგებელი და არ მჩვევია, რომ ვინმე სხვაზე გადავიტანო ეს პასუხისმგებლობა“.

გამოძიების დაწყების მნიშვნელობაზე ლაპარაკობს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც. მისი თქმით, თუკი საზოგადოება ვერ მიიღებს პასუხს, რატომ მიიღო პრეზიდენტმა ამ ტიპის გადაწყვეტილება და კონკრეტულ შეწყალებებთან დაკავშირებით განმარტება არ გაკეთდება, მაშინ, გამოძიება უნდა დაინტერესდეს, რა მოხდა რეალურად. ნინო ლომჯარიას შეფასებით, გამოძიება უნდა დაინტერესდეს უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების თუ სავარაუდო კორუფციის თემითაც.

შესაძლოა თუ არა, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე ზემოქმედება მოეხდინა საქართველოს საპატრიარქოს? ეს არის კიდევ ერთი კითხვა, რომელიც ბოლო დღეებია საზოგადოების ნაწილში ტრიალებს.

18 სექტემბერს, რადიო თავისუფლებას შეწყალების კომისიის ყოფილმა წევრმა ლაშა ბაქრაძემ უთხრა, რომ 2000-იანი წლების დასაწყისში, 2004-05 წლებში, როდესაც ის შეწყალების კომისიის წევრი იყო, შეწყალებულთა სიაში ხვდებოდნენ ისეთი პირები, რომელთა საქმეებიც შეწყალების კომისიას არ ჰქონდა განხილული და ჩნდებოდა ეჭვი, რომ ეს პირები საპატრიარქოდან მიღებული სიების მეშვეობით ხვდებოდნენ შეწყალებულთა ნუსხაში.

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რადიო თავისუფლებას წერილობით პასუხობს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება:

„დიახ, საპატრიარქო აგზავნიდა სიებს შეწყალების კომისიაში, ეს მართალია. თუმცა, საპატრიარქოს სია არასდროს გასულა განხილვის გარეშე და საერთოდ, კომისიაზე განსახილველი სია იყო ერთიანი, არასოდეს ყოფილა ამ სიაში მითითებული ან გამოყოფილი თუ რომელ მსჯავრდებულს უწევდა საპატრიარქო რეკომენდაციას. ეს იყო ჩვეულებრივი რეკომენდაცია და საპატრიარქოს მიერ გაგზავნილი რეკომენდაციებიდან 5%-ს არ აღემატება დაკმაყოფილებულთა რაოდენობა. მე მეტს ვერაფერს დავამატებ“.

დღესაც აგზავნის თუ არა საპატრიარქო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესაწყალებელ მსჯავრდებულთა სიას, ამ კითხვაზე ანდრია ჯაღმაიძე რადიო თავისუფლებას არ პასუხობს. ამ კითხვაზე პასუხი ამ ეტაპზე ვერც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ვერ მოვიძიეთ.

იქცევა თუ არა პრეზიდენტის სკანდალური შეწყალება იმპიჩმენტის მიზეზად? კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტისათვის საკმარისი იქნება საქმეში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენაც კი:

„საკუთრივ დანაშაულის დადასტურებაც კი არ არის საჭირო. თუკი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დანაშაულის ნიშნები დადასტურდა, საკითხი გადაეცემა პარლამენტს და პარლამენტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით 100 ხმით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება“.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას მსჯავრდებულთა საკითხზე მორატორიუმის გამოცხადების შესახებ, ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ შეწყალების უფლებამოსილება ეს არის პრეზიდენტის ექსკლუზიური და დისკრეციული უფლებამოსილება და მას შეუძლია საერთოდ უარი თქვას შეწყალების განხორციელებაზე და ამით ის კონსტიტუციას არ დაარღვევს. თუმცა, მეორე მხრივ, ვახუშტი მენაბდის თქმით, ამ უფლებაზე უარის თქმას აქვს პოლიტიკური განზომილებაც:

„როდესაც პრეზიდენტი ისედაც შეზღუდული კომპეტენციის ფარგლებში, უარს ამბობს იმ უფლების განხორციელებაზე, რაც მას შერჩა, სულ ცოტა მყარად უნდა დაასაბუთოს ამ გადაწყვეტილების მოტივები. მესმის, რომ საუბარია იმაზე, რომ მას სურს შეიმუშავოს შეწყალების მექანიზმის დახვეწილი ხედვა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მას ჰქონდა საკმაოდ დიდი დრო წინასაარჩევნო კამპანიისას, რომ საკუთარ პროგრამაში აესახა, თუ რას გეგმავდა ის ამ მიმართულებით. სწორედ მაშინ უნდა ჩამოეყალიბებინა მას საკუთარი ხედვა და არა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტად აირჩიეს. ეს უფლებამოსილება მას უეცრად ხომ არ დაატყდა თავს. მან იცოდა, რომ პრეზიდენტს მსჯავრდებულების შეწყალების უფლება აქვს. სწორედ ამიტომ, პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს ქმედება მიუღებელია, თუმცა, სამართლებრივი თვალსაზრისით, მისი ეს ქმედება კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება“.

პრეზიდენტის შეწყალების პოლიტიკა გააპროტესტა 19 სექტემბერს შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა. მან და მისმა თანამოაზრეებმა პრეზიდენტის სასახლესთან პერფორმანსი დადგეს და განასახიერეს მისი თქმით, მსჯავრდებულთა შეწყალების ის დანაშაულებრივი პროცესი, რომელიც სასახლის კედლებში მიმდინარეობს.

როდის დაიწყებს გენერალური პროკურატურა საქმის მოკვლევას და გამოიკითხება თუ არა დიმიტრი გაბუნია გამოძიების პროცესში, ამ საკითხზე პროკურატურაში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი 2018 წლის 17 დეკემბრიდან იყენებს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებას მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით. დღეის ჩათვლით პრეზიდენტს სულ 91 მსჯავრდებული ჰყავს შეწყალებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG