Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადიროვის აფრიკული კავშირები


გვინეა-ბისაუს პრეზიდენტი უმარუ სისოკუ ემბალო ახმატ კადიროვის მემორიალთან. 2024 წ. 11 მაისი
გვინეა-ბისაუს პრეზიდენტი უმარუ სისოკუ ემბალო ახმატ კადიროვის მემორიალთან. 2024 წ. 11 მაისი

გვინეა-ბისაუს დედაქალაქში ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის მამის, ახმატ კადიროვის სახელობის გამზირი გაჩნდება. ამის შესახებ რამზან კადიროვმა გროზნოში გვინეა-ბისაუს პრეზიდენტის უმარუ სისოკუ ემბალოს ვიზიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.

  • რამ დააკავშირა ერთმანეთს აფრიკის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა და კადიროვის ჩეჩნეთი?

გვინეა-ბისაუს დელეგაციამ ჩეჩნეთში რამდენიმე დღე გაატარა. რამზან კადიროვის Telegram-არხზე გამოქვეყნებული ვიდეოდან ჩანს, რომ სტუმრებს დაათვალიერებინეს დედაქალაქი გროზნო და გუდერმესში მდებარე პუტინის სახელობის სპეცრაზმის უნივერსიტეტი, სადაც ამზადებენ მებრძოლებს უკრაინაში გაგზავნის წინ.

ე.წ. სპეცრაზმის უნივერსიტეტში აფრიკელ სტუმრებს გაკვეთილი ჩაუტარა სასწავლებლის კურატორმა, 16 წლის ადამ კადიროვმა, რამზან კადიროვის შვილმა, რომელმაც სხვადასხვა იარაღიდან მარჯვედ სროლის დემონსტრირება მოახდინა.

როგორც ამბობენ, ადამ კადიროვი ასევე ხელმძღვანელობს პრეზიდენტის დაცვის სამსახურს. კადიროვი წერს, რომ სტუმრები აპირებენ ჩეჩნეთის გამოცდილების გათვალისწინებას თავიანთი ქვეყნის მართვისა და განვითარების პროცესში.

გვინეა-ბისაუ ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა მსოფლიოში. ფართობი 35,5 ათას კვ. კმ, მოსახლეობა 1,5 მლნ, სახელმწიფო ენა - პორტუგალიური. 2008 წლის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის 45,1% ისლამის მიმდევარია, 22,1% ქრისტიანია, 14.9% ანიმიზმის მიმდევარი, 2% არარელიგიური და 15.9% სხვა, ადგილობრივი რელიგიის მიმდევრები.ამერიკის მშვიდობის ფონდის მიერ შედგენილ ქმედითუუნარო სახელმწიფოების რეიტინგში ერთ-ერთ ყველაზე ცუდ, 31-ე ადგილზეა. როგორც აშშ-ის ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაცია (DEA) აღნიშნავს, ბოლო 10-15 წლის განმავლობაში გვინეა-ბისაუ იქცა საერთაშორისო ნარკოტრეფიკის შუალედურ პუნქტად.

”ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი მომგებიანი თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობების განვითარების სფეროები. უმარუ სისოკუ ემბალოს თხოვნით, გვინეა-ბისაუდან ჩამოვა სამხედრო პერსონალი გუდერმესის ბაზაზე სავარჯიშოდ”, - დაწერა რამზან კადიროვმა Telegram-ის არხზე, სადაც გამოქვეყნებულ 5-წუთიან ვიდეოში ასევე ისმის მისი და უმარუ სისოკუ ემბალოს საუბრის ფრაგმენტები.

„ჩემს ძმასთან, რამზან კადიროვთან ჩამოვედი სტუმრად. ჩვენი რუსულ-აფრიკული ურთიერთობები ძალიან მჭიდროა. ვიმსჯელეთ, რა მიმართულებით შეიძლება ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავება. მალევე ჩვენს სამხედროებს გამოვაგზავნით სასწავლებლად“, - ამბობს აფრიკელი სტუმარი.

„მთელი ცხოვრება იარაღიდან ვისროდი. უამრავი ტერორისტი მყავს დახოცილი, ჩემზე მეტი არავის ეყოლება“, - ამბობს რამზან კადიროვი სტუმრის შეკითხვის, თქვენ თუ ხართ კარგი მსროლელიო, პასუხად.

უმარუ სისოკუ ემბალო (მარჯვნივ) გროზნოში სტუმრობისას
უმარუ სისოკუ ემბალო (მარჯვნივ) გროზნოში სტუმრობისას

რაში სჭირდება რამზან კადიროვს გვინეა-ბისაუს პრეზიდენტთან მეგობრობა და, მით უმეტეს, გამასპინძლება?

ამილ ასლანი, პოლიტოლოგი და კარლის უნივერსიტეტის პროფესორი, რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიურ რედაქციას ეუბნება, რომ ეს ვიზიტი სრულად ჯდება კადიროვის მრავალწლიანი მცდელობის ფარგლებში, მოახდინოს თავისი ძალაუფლების ლეგიტიმაცია, წარმოაჩინოს საკუთარი თავი მნიშვნელოვან მოთამაშედ საერთაშორისო ასპარეზზე.

„გასაგებია, რომ ძნელია მეტად პრესტიჟული პირის ჩეჩნეთში მიწვევა. ამიტომ უწევს დასჯერდეს იმას, რისი შესაძლებლობაც არის ანუ გვინეა-ბისაუს პრეზიდენტს. რას იზამ, PR-ისთვის ამის გამოყენებაც შეიძლება“.

ემილ ასლანი
ემილ ასლანი

რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური რედაქციის ცნობით, გვინეა-ბისაუს ოფიციალურ მედიაში ბისაუს რომელიმე გამზირისათვის სახელის გადარქმევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

გვინეა-ბისაუში ჩინოვნიკებისა და ოფიცრების 70%-ს განათლება მიღებული აქვს რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში. დელეგაციის წევრების უმეტესი ნაწილი თარჯიმნის გარეშე ესაუბრებოდა მასპინძელ მხარეს.

  • ჩეჩნეთში 300-ზე მეტი ქუჩა, გროზნოს მთავარი მოედანი, პარკები, ჩეჩნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სკოლები, გიმნაზიები, საბავშვო ბაღები, მეჩეთი „ჩეჩნეთის გული“ და ეროვნული გვარდიის პოლკი ატარებს ყოფილი პრეზიდენტის, ახმატ კადიროვის სახელს. კადიროვ-უფროსის პატივსაცემად სოფელ ცენტაროის დაერქვა ახმატ-იურტი. რამზან კადიროვის მამის სახელს ატარებენ საფეხბურთო და საბრძოლო კლუბები, ასევე ახმატ კადიროვის ფონდი, რომელიც აშშ-ის ფინანსური სანქციების ქვეშ იმყოფება 2020 წლის დეკემბრიდან.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG