სამთო-სათხილამურო კურორტ „ვედუჩის“ წარუმატებელი ამოქმედების შემდეგ ჩეჩნეთში გადაწყვიტეს მწყობრში შეიყვანონ კიდევ ერთი სათხილამურო კურორტი - „კეზენოი-ამი“, ამავე სახელწოდების ტბის რაიონში, ჩეჩნეთის ვედენოსა და დაღესტნის ბოთლიხის რაიონების საზღვარზე. ცნობა ამის შესახებ საკუთარი ინსტაგრამით გაავრცელა ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლდეს ბაისულტანოვმა.
„ეს არ არის ალპები, არც სკანდინავია და კანადა! ეს არი კეზენოი-ამი - ჩეჩნეთის, კავკასიის, რუსეთის მარგალიტი, დედამიწის ყველაზე ლამაზი და მომხიბვლელი ადგილი!“, - ტბით აღფრთოვანებას ვერ მალავდა რესპუბლიკის ლიდერი რამზან კადიროვი.
სააქციო საზოგადოება „ ჩრდილოეთ კავკასიის კურორტების“ გენერალური მდივანი ხასან ტამიჟევი ფიქრობს, რომ მომავალში ეს ორი კურორტი შეძლებს კონკურენცია გაუწიოს საფრანგეთის ალპების ცნობილ სათხილამურო ტრასებს.
თავდაპირველად იგეგმება საბაგირო გზების მშენებლობა როგორც თხილამურების, ისე ციგებისათვის, სასწავლო ზონების მოწყობა. მეორე ეტაპზე მოხდება დაკავშირება მეორე ჩეჩნურ სათხილამურო კურორტ „ვედუჩისთან“, - აცხადებენ მოიჯარადრე კომპანია РОМА S.A.S-ში, რომელიც საბაგირო სისტემების მოწყობით არის დაკავებული.
ერთი მხრივ, ახალ კურორტს აქვს წარმატების შანსი. „ვედუჩისგან“ განსხვავებით, კაზენოი-ამის რეგიონში თოვლი წელიწადში 4-5 თვე დევს, მაგრამ იქ არ არის პროფესიონალთათვის ტრასების ორგანიზების შესაძლებლობა, კურორტი მაქსიმუმ დამწყები მოთხილამურეებისა და საოჯახო დასვენებისათვის თუ გამოდგება.
კიდევ ერთი უპირატესობა ტბა კაზენოი-ამის მდებარეობაა. ზღვის დონიდან 1869 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ტბა დასვენებისათვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია რესპუბლიკის სტუმრებისა და მცხოვრებლებისთვის. აქ ვარაუდობენ ოლიმპიური ბაზის გახსნას აკადემიურ ნიჩბოსნობაში რუსეთის ნაკრებისათვის.
მაგრამ, ყველა ამ პლუსის მიუხედავად, ჩეჩნეთის ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ აქ ევროპული კურორტის შორეულ ასლს მაინც შექმნის. პრობლემას წარმოადგენს ნდობა და რეპუტაცია, სხვაგვარად მოაზროვნეთა დევნა, უფლებადამცველების შევიწროება და წამების პრაქტიკა - ასე ახსნებენ ჩეჩნეთს იქ, სადაც სიტყვის თავისუფლება არსებობს. გარდა ამისა, „არასწორად ჩაცმულ“ სტუმრებს მოუწევთ შენიშვნების მოსმენა ადგილობრივებისგან. უცხოელ ტურისტებს, პირველ ყოვლისა, უნდა ჰქონდეთ უსაფრთხოებისა და მშვიდად გადაადგილების გარანტია ყოველგვარი შენიშვნების გარეშე იერ-სახესთან, სპირტიანი სასმელების მოხმარებასა თუ მავანის სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით.
დაწერეთ კომენტარი