Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კავკასიის მრავალგანზომილებიანი უსაფრთხოება  


ირაკლი ღარიბაშვილი, ილჰამ ალიევი
ირაკლი ღარიბაშვილი, ილჰამ ალიევი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2021 წლის განმავლობაში მეორედ ჩადის  ბაქოში. ამას რამდენჯერმე გაესვა ხაზი 29 სექტემბერს, „ზაგულბას სასახლეში“ ქართველი პრემიერის აზერბაიჯანის ლიდერთან შეხვედრისას.  

შეხვედრის ოფიციალურად გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, მხარეებს არ განუხილავთ საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხები, რასაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „კარტოგრაფების საქმეზე“ დაკავებები და შიდაპოლიტიკური დაპირისპირება მოჰყვა „გარეჯი საქართველოა“ კამპანიის ფარგლებში.

ირაკლი ღარიბაშვილმა, ოფიციალური პრესრელიზის მიხედვით, ბაქოში გაიმეორა, რომ აზერბაიჯანთან ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა ტიპის კავშირების განმტკიცების გარდა საქართველო დაინტერესებულია ასევე რეგიონში მშვიდობითა და სტაბილურობით.

ერთი კვირის წინ, ნიუ-იორკში გენერალურ ასამბლეის კულუარებში ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ-ტაიპ ერდოანთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ საქართველო მზად არის შეასრულოს მშვიდობისმყოფელის ფუნქცია რეგიონში და გამოვიდა ინიციატივით, რომ თბილისში შეიქმნას პლატფორმა სომხეთისა და აზერბაიჯანის მაღალი დონის შეხვედრების ორგანიზების მიზნით.

ეს, ერთი შეხედვით, ღარიბაშვილის პასუხია აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტების მიერ გასულ წელს გახმოვანებულ ინიციატივაზე, რომელიც რეგიონის ქვეყნების, მათ შორის რუსეთის, მონაწილეობით ახალი პლატფორმის შექმნას ითვალისწინებს.

საქართველოს ადგილი „კავკასიურ პლატფორმაში“

2020 წლის 10 დეკემბერს, ბაქოში, ილჰამ ალიევმა და რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნეს უკვე მოქმედი ფორმატების შერწყმისა და შედეგად - 6 სახელმწიფოს გაერთიანებული ფორმატის ჩამოყალიბების შესაძლებლობა.

„რუსეთს, თურქეთს, აზერბაიჯანს, ირანს, საქართველოსა და სომხეთს - ამ ქვეყნებს შეუძლიათ ამ პლატფორმაში გაერთიანება, თუკი მხარს დაუჭერენ ამ ინიციატივას“, - განაცხადა შარშან დეკემბერში რეჯეპ ტაიპ ერდოანმა.

თავდაპირველად ასეთი პლატფორმის იდეამ საქართველოს პრეზიდენტის მოწონება დაიმსახურა. რეჯეპ ტაიპ ერდოანის განცხადებიდან 10 დღეში, ტვიტერით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, არაორაზროვნად განაცხადა, რომ საქართველო „კავკასიური პლატფორმის“ ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორეხარისხოვანიო“.

რაც საქართველოს პრეზიდენტის ამ განცხადებამ საქართველოს მეგობარი დასავლეთის ქვეყნების დიპლომატების, მაღალი რანგის სამხედროების და ანალიტიკური ცენტრების კრიტიკა დაიმსახურა.

"ეს "მშვიდობის აღდგენა" რუსეთის ჯარების მიერ ხორციელდება და რატომ უნდა საქართველოს პრეზიდენტს ამ კავკასიური პლატფორმის წახალისება, როდესაც ეს ნიშნავს ხმის მიცემას რუსეთისა და ირანისთვის - ჩაერიონ რეგიონის საქმეებში?" - დაწერა იან კელიმ სალომე ზურაბიშვილის ტვიტერზე გავრცელებული ვიდეოგანცხადების საპასუხოდ, სანამ პრეზიდენტი განმარტავდა, რომ სხვა „კავკასიური პლატფორმა“ იგულისხმა.

საბოლოოდ, თბილისმა საჯაროდ უარი თქვა ისეთ ფორმატებში მონაწილეობის შესაძლებლობაზეც კი, სადაც წარმოდგენილი იქნება რუსეთი, საქართველოს ოკუპანტი ქვეყანა.

თბილისს კავკასიის უსაფრთხოებაში თავისი ტრადიციული ნიშა უჭირავს და აზერბაიჯანში ამას გაგებით ეკიდებიან, - ამბობს ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის თანამშრომელი, რომელიც ახლახან დაბრუნდა აზერბაიჯანიდან.

ზურაბ ბატიაშვილი
ზურაბ ბატიაშვილი

„ერთი კვირის წინ გახლდით ბაქოში, სადაც შეხვედრა მქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწესთან საგარეო ურთიერთობების საკითხებში, ჰიქმეთ ჰაჯიევთან. იქ დადგა ერთ-ერთ საკითხად (კავკასიური პლატფორმა) და მან თქვა, რომ ჩვენ გვესმის საქართველოს პოზიცია, რომ არ მას არ შეუძლია ერთ პლატფორმაში იყოს ოკუპანტ რუსეთთან. და ჩვენ დავიწყებთ 3+2-ით და მომავალში ვნახოთ რა იქნება. აი ზუსტად ეს პოზიცია იყო და არა მგონია ახლა, რომ ამ ხუთ დღეში ძალიან შეცვლილიყო აზერბაიჯანის პოზიცია ამ მიმართებით. თუმცა სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობით, რომელიც კავკასიურ სახელმწიფოებს - აზერბაიჯანს, სომხეთს და საქართველოს მოიცავს, - აზერბაიჯანში დაინტერესებული არიან“, - უზიარებს თავისი დაკვირვებას რადიო თავისუფლებას ზურაბ ბატიაშვილი.

მაგრამ აზერბაიჯანში კავკასიური პლატფორმის მიმართაც შეუნელებელი ინტერესი არსებობს.

შარშანდელ 44 დღიან ომში გამარჯვებული აზერბაიჯანი ცდილობს განამტკიცოს ბრძოლით მოპოვებული გამარჯვება.

„კავკასიური პლატფორმის იდეა არსებითად იმაში მდგომარეობს, რომ რეგიონში განმტკიცდეს აზერბაიჯანის გამარჯვება, რეგიონი გაიხსნას ყველასთვის, შეჩერდეს სეპარატიზმი, აღიკვეთოს ოკუპაციის პერსპექტივა და ამის შემდეგ დაიწყოს ნორმალური ურთიერთობების აგება. აზერბაიჯანი მხარს უჭერს კავკასიურ პლატფორმას არა მხოლოდ სამი ქვეყნის მონაწილეობით, არამედ ჩვენ ვემხრობით ამ პლატფორმაში სხვა დიდი სახელმწიფოების მონაწილეობასაც“, - განუცხადა რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულ სამსახურს აზერბაიჯანის მილი მეჯლისის (ნაციონალური კრების) წევრმა, დეპუტატმა ზაჰიდ ორუჯმა.

პუტინი კმაყოფილია „მონიტორინგის ცენტრით“

შარშანდელი სისხლისმღვრელი 44-დღიანი ომის შემდეგ, 9-10 ნოემბერს სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთის შუამავლობით შეთანხმდნენ ცეცხლის სრულმასშტაბიან შეწყვეტასა და ძალთა დაშორიშორებაზე,

ერთობლივი განცხადებით, აზერბაიჯანმა შეინარჩუნა ბრძოლებით დაკავებული ტერიტორიები მთიან ყარაბაღსა და მის გარშემო. გარდა ამისა, სომხეთმა აზერბაიჯანს 1 დეკემბრამდე დაუბრუნა აღდამის, ქელბაჯარისა და ლაჩინის რაიონები, რომლებზეც ბაქოს 1994 წლიდან ჰქონდა დაკარგული კონტროლი.

ამ შეთანხმებით რუსეთმა მოიპოვა უფლება, 2 000 სამხედრო ჯარისკაცის საშუალებით თვალი ადევნოს ცეცხლის შეწყვეტის პირობების დაცვას და არ დაუშვას საბრძოლო მოქმედებების განახლება მთიან ყარაბაღში.

ცეცხლის შეწყვეტის პირობების შესრულებას კი აზერბაიჯანის მხრიდან აკვირდება რუსეთ-თურქეთის ერთობლივი მონიტორინგის ცენტრი, რომლის შექმნის შესახებ მემორანდუმს შარშან 11 ნოემბერს მოაწერეს ხელი რუსეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა.

მონიტორინგის ცენტრის მნიშვნელობას 29 სექტემბერს ხაზი გაუსვა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც სოჭში უმასპინძლა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანს.

ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

„აქტიურად მოქმედებს აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე არსებული ცეცხლის შეწყვეტის კონტროლის მიზნით შექმნილი რუსეთ-თურქეთის ცენტრი და ეს თანამშრომლობა წარმოადგენს სერიოზულ გარანტიას სტაბილურობისა და მხარეთა შორის შერიგებისკენ მიმართული პოზიციებს შეთანხმებისკენ“, - თქვა ვლადიმირ პუტინმა.

რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ცნობით, აღდამში განთავსებულ ერთობლივი მონიტორინგის ცენტრის თურქულ შტაბს ხელმძღვანელობს გენერალი აბდულა კატირჩი, რუსეთისას კი - გენერალ-მაიორი ვიქტორ ფიოდორენკო.

4 ჰექტარ ტერიტორიაზე გადაჭიმული ერთობლივი მონიტორინგის ცენტრის 24-საათიან დაცვას აზერბაიჯანელი სამხედროები უზრუნველყოფენ.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG