Accessibility links

„კავკასიის ბიომრავალფეროვნება“ - გამოფენა 150 წლის შემდეგ


12 ივნისიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის ახალ საგამოფენო სივრცეში იხსნება გამოფენა „კავკასიის ბიომრავალფეროვნება“, სადაც გამოიფინება კავკასიის რეგიონის გეოლოგიური, ბოტანიკური და ზოოლოგიური კოლექციები, მათ შორის - მინერალები, ქანები, ნამარხ უხერხემლო ცხოველთა ფაუნა, უმაღლესი და უმდაბლესი მცენარეების საჰერბარიუმო ნიმუშები, მოლუსკები, მწერები, თევზები, ამფიბიები, ქვეწარმავლები, ფრინველები და ძუძუმწოვრები სრულყოფილად ასახავს საქართველოს და, ზოგადად, კავკასიის რეგიონის ფლორისა და ფაუნის ევოლუციურ განვითარებას.

ბუნების ისტორიის კოლექციების შეგროვება მუზეუმში ჯერ კიდევ 1852 წელს დაიწყო, საბუნებისმეტყველო მუზეუმის პირველი გამოფენა-კაბინეტი კი 150 წლის წინ, 1856-1868 წლებში, მოეწყო ნატურალისტ ფრიდრიხ ბაიერნის ინიციატივით. გამოფენა წლების შემდეგ ისევ მეორდება და საუკუნეზე მეტი ხნის წინ გამოფენილი ექსპონატებიც ისევ დამთვალიერებლის წინაშეა. კოლექციებს შორის ნახავთ კავკასიის ტერიტორიაზე გავრცელებულ ენდემებს, რელიქტებს, გადაშენების პირას მყოფ ან უკვე გადაშენებულ სახეობებს.

ნახავთ ასევე ეროვნული მუზეუმის სპეციალისტების მიერ თანამედროვე მიდგომებით რეკონსტრუირებული ათწლეულების წინანდელი გამოფენის დიორამებს – თურანული ვეფხვისა და გარეული ტახის ფიტულებს მტკვრის ჭალის ტყის ფონზე.

გამოფენა „კავკასიის ბიომრავალფეროვნება“ კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წელი 2018-ის ფარგლებში იმართება, მისი პარტნიორია National Geographic საქართველო და ის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG