Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი შემზღუდავი კანონების მიღება ეწინააღმდეგება საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებას - კალასი და კოსი

კაია კალასი და მარტა კოსი საქართველოზე განცხადებას ავრცელებენ.
კაია კალასი და მარტა კოსი საქართველოზე განცხადებას ავრცელებენ.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი და ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი ერთობლივად აცხადებენ, რომ საქართველოში პარლამენტის მიღებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებები „ქვეყნის დემოკრატიული და სამოქალაქო სივრცის შეზღუდვისკენაა მიმართული“.

მათი განცხადებით, ეს ცვლილებები ეწინააღმდეგება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას, - შეთანხმებას, რომელსაც მრავალწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ ხელი მოეწერა 2014 წელს ბრიუსელში და 2016 წლის 1 ივლისიდან შევიდა ძალაში.

კაია კალასი და მარტა კოსი საუბრობენ საქართველოს სადავო პარლამენტის მიერ 2026 წლის 4 მარტს მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებზე „გრანტების კანონსა“ და სისხლის სამართლის კოდექსში, რომლებმაც ახალი შეზღუდვები დააწესა.

მათ თანახმადვე, ხელისუფლების ქმედებებს შედეგები მოჰყვა - რის მაგალითადაც ასახელებენ დღეს, 6 მარტს, ძალაში შესულ გადაწყვეტილებას ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ.

„უცხოური დაფინანსებისა და პოლიტიკური საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო პაკეტის მიღება საქართველოს ხელისუფლების სისტემატური ძალისხმევის ნაწილია, რომელიც ქვეყნის დემოკრატიული და სამოქალაქო სივრცის შეზღუდვაზეა მიმართული“, - წერენ ევროკავშირის წარმომადგენლები.

„ეწინააღმდეგება ასოცირების ხელშეკრულებას“

„ახალი კანონმდებლობა ქვეყანაში პოლიტიკურ საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის ფართო სისტემას აწესებს“, - აცხადებენ ევროკავშირის სტრუქტურების ლიდერები.

„მას უცხოური წყაროებიდან მხარდაჭერის მიმღები პირების ან ორგანიზაციებისთვის პოტენციური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა შემოაქვს. მისი ბუნდოვანი დებულებები სერიოზულ სამართლებრივ გაურკვევლობას და თვითნებური და შერჩევითი აღსრულების მნიშვნელოვან რისკებს ქმნის“, - ამბობენ ისინი.

„ამ საკანონმდებლო პაკეტის მიღებით საქართველოს ხელისუფლება მეტად უგულებელყოფს ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ საკუთარ საერთაშორისო ვალდებულებებს, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, და უფრო შორდება საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ მიზანს ევროკავშირის წევრობის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე თქმით, „ეს ემატება საქართველოს ხელისუფლების მიერ უკვე განხორციელებულ ქმედებებს, რომლებმაც პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების უსამართლო დაკავება გამოიწვია“.

ევროკავშირი იმეორებს მოთხოვნას ხელისუფლებისადმი: „ისინი [უსამართლოდ დაკავებულები] დაუყოვნებლივ უნდა იყვნენ გათავისუფლებული“.

ცვლილებები

„გრანტების შესახებ კანონში“ გამკაცრებული ცვლილებები, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ 2026 წლის თებერვლის დასაწყისში წარადგინა, პარლამენტმა 4 მარტს მესამე მოსმენით მიიღო.

ამავე პაკეტით მიიღეს ცვლილებები, რითაც აიკრძალა „ხელისუფლების სისტემურად არაღიარება“.

ევროკომისიას ნათქვამი აქვს, რომ ეს ცვლილებები, მიღების შემთხვევაში, „სრულ წინააღმდეგობაში მოვა ევროინტეგრაციასთან“.

ამ ცვლილებებით:

  • მკაცრდება წესები უცხოურ დაფინანსებაზე, პოლიტიკურ აქტივობასა და პარტიულ საქმიანობაზე; ჩნდება პატიმრობის რისკი;
  • ცვლილებები ითვალისწინებს „გარე ლობიზმის“ კრიმინალიზაციას;
  • პარტიის წევრობა ეკრძალებათ „უცხოეთის აგენტად“ მიჩნეული ორგანიზაციის დასაქმებულებს;
  • სანქციები წესდება კომპანიებისთვის „საჯარო პოლიტიკურ აქტივობაზე“;
  • ფართოვდება გრანტის ცნება.

კაია კალასი და მარტა კოსი წერენ, რომ „საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს შედეგები მოჰყვა“.

„მაგალითად, დღეს, საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის ფარგლებში დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების ძირითად სფეროებში ნაკისრი ვალდებულებების მიზანმიმართული და განგრძობითი დარღვევის საპასუხოდ, კომისია აჩერებს უვიზო მიმოსვლას დიპლომატიური, სამსახურებრივი ან ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზის შეჩერების განახლებული მექანიზმის ფარგლებში“, - წერენ ისინი.

ამ გადაწყვეტილებასთან ერთად, - რაც აქამდეც არაერთხელ ჰქონდათ გამოცხადებული, - ევროკომისიამ დღესვე სახელმძღვანელო მითითებები მიიღო წევრი ქვეყნების საკონსულო უწყებებისა და სასაზღვრო სამსახურისთვის, რათა ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების ეფექტიან აღსრულებას.

ეს კი ითვალისწინებს „საქართველოს ყველა მოქალაქის გაძლიერებულ შემოწმებას ევროკავშირის გარე საზღვრების კვეთისას“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG