Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება ძალაში შევიდა

საილუსტაციო ფოტოკოლაჟი
საილუსტაციო ფოტოკოლაჟი

დღეიდან, 6 მარტიდან ძალაში შევიდა ევროკომიის გადაწყვეტილება ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ.

"შესაბამისად, მათ შენგენის ზონაში ოფიციალური მიზნებით შესვლისას ვიზა დასჭირდებათ", - აცხადებს ევროკომია და აღნიშნავს, რომ "ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც გამოიყენება ვიზის შეჩერების ახალი, გაძლიერებული მექანიზმი".

ევროკომისიის მიერ გამოქვეყებული პრესრელიზის თანახმად, გადაწყვეტილება მიღებულია "საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების განზრახ და მუდმივი დარღვევის საპასუხოდ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების ძირითად სფეროებში".

  • საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა 2024 წლის ოქტომბრის შემდეგ, მათ შორის, მომიტინგეების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ განხორციელებულმა ქმედებებმა, საქართველოში მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა და გამოიწვია რამდენიმე ფუნდამენტური უფლებისა და საერთაშორისო სამართლის სტანდარტის დარღვევა.
  • საქართველომ ასევე უარი თქვა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან ჰარმონიზაციაზე, რაც უვიზო მიმოსვლის შენარჩუნების აუცილებელი პირობაა. კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის იმ პრინციპებს, რომლებსაც ეფუძნება სავიზო ლიბერალიზაცია.


"გაძლიერებული კონტროლი"

ევროკომისიამ დღესვე სახელმძღვანელო მითითებები მიიღო წევრი ქვეყნების საკონსულო უწყებებისა და სასაზღვრო სამსახურისთვის, რათა ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების ეფექტიან აღსრულებას.

  • რაც ითვალისწინებს საქართველოს ყველა მოქალაქის გაძლიერებულ შემოწმებას ევროკავშირის გარე საზღვრების კვეთისას.
  • საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ევროკავშირში ოფიციალური და დიპლომატიური მიზნებისთვის მოგზაურობისას უნდა გამოიყენონ თავიანთი დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტი. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შესაძლოა უარი ეთქვათ შესვლაზე
  • წევრმა სახელმწიფოებმა ასევე უნდა უზრუნველყონ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე შემოწმდეს ეროვნულ და ევროპულ მონაცემთა ბაზებში.
  • ასევე, საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი ან ოფიციალური პასპორტის მფლობელების მიერ შენგენის ვიზის მოთხოვნისას ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა რეკომენდებულია ჩაატარონ განაცხადების საფუძვლიანი შემოწმება, მათ შორის, ჩაატარონ ინტერვიუ და მოითხოვნონ დამატებითი დოკუმენტები.
  • თუ განაცხადში წარმოდგენილი ინფორმაციის სანდოობასთან დაკავშირებით გაჩნდება ეჭვი, წევრმა სახელმწიფოებმა უარი უნდა თქვან ვიზის გაცემაზე.


შემდგომი ნაბიჯები

დროებითი შეჩერება ძალაში შედის დღეს და გაგრძელდება 12 თვის განმავლობაში - 2027 წლის 6 მარტამდე.

თუ საქართველოს ხელისუფლება არ გადაჭრის მმართველობასთან და სამართლის უზენაესობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ევროკომისიას შეუძლია შეჩერების ვადა 24 თვემდე გაახანგრძლივოს.

კომისიას ასევე შეუძლია გადაწყვეტილება გაავრცელოს საქართველოს ყველა მოქალაქეზე.

ამ პერიოდში საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა მდგომარეობის გამოსწორებაზე. ევროკომისია მტკიცედ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, კონსტრუქციულად ჩაერთოს ამ პროცესში.

თბილისი უარს ამბობს ევროკავშირის მიერ დასახელებული რეკომენდაციების შესრულებაზე, მათ შორის სადავო კანონების გაუქმებაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერება ქვეყნისთვის „ეგზისტენციალური საკითხი“ არ არის და "უპირატესობას მშვიდობას და სტაბილურობას" მიანიჭებდა.

ევროპულმა საბჭომ 2024 წლის 16 დეკემბრის სხდომაზე გადაწყვიტა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება.

საქართველოში დიპლომატიური პასპორტები გაიცემა ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებზე, მათ შორის პრეზიდენტზე, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეზე (და მათ მეუღლეებზე), მინისტრებსა და მათ მოადგილეებზე, პარლამენტის წევრებზე, კათოლიკოს-პატრიარქსა და სხვებზე.

სამსახურებრივი პასპორტები გაიცემა სამინისტროებისა და სააგენტოების რიგი თანამდებობის პირებზე, სამართალდამცავი ორგანოების, სასამართლოებისა და პროკურატურის თანამშრომლებზე, ასევე დიპლომატიური მისიების ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალსა და სხვა საჯარო მოხელეებზე დამტკიცებული კვოტების შესაბამისად.

ფორუმი

XS
SM
MD
LG